"რომელ მიშას დავავალოთ, უკრაინის მოქალაქეს?!" - როგორ მოქმედებს საარჩევნო სლოგანები ამომრჩეველზე - კვირის პალიტრა

"რომელ მიშას დავავალოთ, უკრაინის მოქალაქეს?!" - როგორ მოქმედებს საარჩევნო სლოგანები ამომრჩეველზე

"პოლიტიკური პარტიის ძლიერება მაინც მისი ლიდერის ძალის, ქარიზმის ან გაკეთებული საქმეების მიხედვით ფასდება"

"ალეკო და ლევანი გისმენთ" - ამ ფრაზით დასათაურებული ბანერი ცოტა ხნის წინ რუსთაველის პროსპექტზე გამოჩნდა. კამპანიაში პარტია "მოქალაქეების" სხვა ლიდერებიც ერთვებიან და მოსახლეობას პრობლემების გაზიარებისკენ მოუწოდებენ. უფრო ადრე "ნაცმოძრაობამ" სცადა ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა ფრთიანი ფრაზით: "დაავალე მიშას". როგორც "ნაციონალმა" ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, ჩამოივლიან ყველა სოფელსა თუ ქალაქს და დაადგენენ, რას ელის მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობისგან" და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი სასწრაფოდ დაიწყებენ ამ პრობლემების გადაჭრას.

ახალმა ფრთიანმა ფრაზებმა ძველიც გაგვახსენა, მაგალითად, შალვა ნათელაშვილის "გუგავა მოვა" და სააკაშვილის "ღიმილიანი საქართველო". როგორ ზემოქმედებს მსგავსი სლოგანები ამომრჩეველზე, შეიცვალა თუ არა ხმის მიცემის კრიტერიუმები და რას ანიჭებს უპირატესობას ამომრჩეველი არჩევანის გაკეთების დროს, ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

- ეს სლოგანები, თუნდაც "გუგავა მოვა", დასამახსოვრებელიც არის და ღიმილის მომგვრელიც, მაგრამ დამახსოვრება იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება არჩევანს ფრთიანი ფრაზის ავტორზე შეაჩერებს.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი მიაწერეს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და სხვათა პორტრეტებს. სხვათა შორის, ეს ამერიკელი პიარტექნოლოგის რჩევით გააკეთეს, ჩანაფიქრი იყო, რომ თითოეული მათგანი სალომე ზურაბიშვილია. მთელი თბილისი დაწყდა სიცილით, მამაკაცების პორტრეტებზე ქალის სახელს რომ კითხულობდნენ...

ფრაზამ "დაავალე მიშას" ყველას გაგვახსენა "გუგავა მოვა". როგორც გუგავა იყო არა საქმიანი, არამედ სასაცილო, ასევე სასაცილოა "დაავალე მიშას". რომელ მიშას დავავალოთ, უკრაინის მოქალაქე მიშას?! ამდაგვარი ლოზუნგი ბევრია, თუნდაც "ვაშაძე პრემიერად". რა შუაშია ვითომ ვაშაძე პრემიერად?! ჯერ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და თუ გაიმარჯვებს შენი პარტია, მერე იფიქრე პრემიერობაზე. უფროსმა ვაშაძემ სწორად შენიშნა, დათვი ჯერ არ მოუკლავს და ტყავს ეპოტინებაო.

- თქვენი ვერსიით, მხიარული სლოგანების იდეა სათავეს საიდან იღებს?

- უცხოეთში მეწარმე კომერციული რეკლამებით ცდილობს ადამიანს მეხსიერებაში ჩარჩეს მისი პროდუქტი, მაღაზიაში რომ შეივლის, ამოუტივტივდეს ამა თუ საქონლის სახელი და იყიდოს. მაგრამ ეს არ არის საჭირო პოლიტიკურ სინამდვილეში, ჰაერიც კი გაჯერებულია პოლიტიკით და ხალხს არათუ ახსოვს ეს პოლიტიკოსები, ყელშიც ჰყავს ამოსული. ამიტომაც ასეთი ხერხის გამოყენება არაადეკვატურია.

- ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისმა სლოგანმა გაამართლა, ხალხი ურეკავს და საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრება. - ეჭვი არ მეპარება, ურეკავენ და უზიარებენ კიდეც თავიანთ პრობლემებს. იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ ელისაშვილი მიჰყვება ყველას დიალოგში, მაგრამ ეს არის დეტალი, რომელიც გამარჯვებულ პოლიტიკოსს, პარტიას მოუხდება, თუმცა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლის შემსრულებელი ვერ იქნება. ალეკო რომ ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერს აწერს, მეტყველებს, რომ გულისხმიერებით ეკიდება ხალხის გასაჭირს, მაგრამ ეს არაფერს ამბობს იმაზე, ძლიერია თუ არა ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი. გასაგებია, რომ ის იბრძოლებს, მაგრამ მოერევა კი დაბრკოლებებს?

- პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ჯერ ხელისუფლებაში არ ყოფილა, როგორ უნდა გაუჩინოს ამომრჩეველს იმის განცდა, რომ სხვაზე ძლიერია? - ელისაშვილმა ბანერზე თავისი მობილურის ნომრის დაწერით გააჩინა განცდა, რომ გულისხმიერია. რაღაც მსგავსია მოსაფიქრებელი. კონკრეტულად, რა? ამის მოფიქრებას დროს სჭირდება, თანაც რთული მოსაფიქრებელია.

- დღემდე ამომრჩევლის განწყობას ლიდერი ქმნიდა, დღეს თუ აინტერესებს ხალხს საარჩევნო პროგრამები? - პოლიტიკური პარტიის ძლიერება მაინც მისი ლიდერის ძალის, ქარიზმის ან გაკეთებული საქმეების მიხედვით ფასდება. საარჩევნო პროგრამებს არც ერთ ქვეყანაში არ კითხულობენ.

- რით არის ეს განპირობებული? პროგრამები არარეალისტურია თუ როგორც ზოგიერთი თქვენი კოლეგა ამბობს, ჩვენ საამისო პოლიტიკური კულტურა არა გვაქვს? - თითოეული პარტიის საარჩევნო პროგრამა რამდენიმე ასეულ ფურცელს მოიცავს. ვინ წაიკითხავს ამდენს?

ხათუნა ბახტურიძე