"კრემლში ძალიან კარგად იცნობენ "ქართულ სისუსტეებს" და იყენებენ კიდეც"
"კრემლში ძალიან კარგად იცნობენ "ქართულ სისუსტეებს" და იყენებენ კიდეც"
"მცირედი შანსის გაჩენის შემთხვევაშივე რუსეთი შეეცდება ქვეყანაში გააჩინოს დესტაბილიზაციისა და დაუცველობის განცდა, თუნდაც საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციებით, ახალი ეკონომიკური წნეხის გამოგონებით - კრემლი ამის ოსტატია, იცის, როგორ "ითამაშოს" და მიზანსაც აღწევს..."

რამდენად განსხვავებული ან "ტრადიციულია" საქართველოში წინასაარჩევნო გარემო, რა შეცვალა პანდემიამ და რა საფრთხე გვემუქრება ჩვენს საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის შემთხვევაში - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი­ გიორგი გობრონიძე­ გვესაუბრება.

- როგორც ყველა წინასაარჩევნო პერიოდი, ესეც დაძაბულ ვითარებაში
მიმდი­ნარეობს, თუმცა ამჯერად ძალიან ცუდი საარჩევნო გარემო გვაქვს: პოლიტიკური აქტორები მეტისმეტად უხვად გასცემენ პოპულისტურ დაპირებებს, საზოგადოება კი ფრაგმენტირებული და პოლარიზებულია. ისევ არ არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული იდეოლოგიები, კონცეფციები, გეგმებსა და ღირებულებებს შორის კონკურენცია.

ისევ წლების წინ მოსმენილ ფრაზებს­ ვისმენთ - ჩვენდა სავალალოდ, ამას მივეჩვიეთ კიდეც -
რომ გაიზ­რ­დება ხელფასები, პენსიები, ვიღაცები უფასო სახლებსა და დამატებით შემოსავლებს მიიღებენ. ვერ გამოვდივართ მოჯადოებული წრიდან.

ოპოზიცია ფრაგმენტულია, კონსოლიდირება და წინააღმდეგობის დაძლევა უჭირს. "პატრიოტთა ალიანსი" მემარჯვენე პოპულიზმით წინ წასვლას ცდილობს, ხელისუფლება მდგრადობის იმიჯს იქმნის, თუმცა კვლავინდებურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და ამომრჩეველს კონკრეტულს არაფერს სთავაზობს. მოკლედ, იგივე ხდება, რაც ადრე ხდებოდა, ოღონდ ნაკლები ინტენსიურობით, - პანდემიის რისკებმა პოლიტიკური დუღილი გაანელა, საზოგადოების ერთი ნაწილიც სხვა პრობლემებზეა კონცენტრირებული. ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე პრობლემებს კარგად გაართვა თავი, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ უჭირს, ვითარება თითქოს კონტროლს აღარ ემორჩილება. ჩანს, კორონავირუსს ჯერ ვერ მოვიშორებთ, ერთხანს პანდემიასთან თანაცხოვრება მოგვიწევს და იბადება კითხვა: როგორ იმოქმედებს ხელისუფლება ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, რა გზით უზრუნველყოფს, რომ სამუშაო ადგილების გაქრობამ ქაოსური და სტიქიური ხასიათი არ მიიღოს? მმართველმა გუნდმა პირველი ტალღის დროს შემაკავებელი ღონისძიებები­ გაატარა, მაგრამ ეკონომიკური შედეგი მაინც გამანადგურებელია - ასობით მოქალაქეს ხელფასი შეუმცირდა ან უხელფასოდ დარჩა, ლარის მერყევი კურსიდან გამომდინარე კი ერთჯერადი დახმარებები სიმბოლური აღმოჩნდა. კრიზისის მართვა, მხოლოდ პანდემიის მართვას კი არა, ეკონომიკური ვარდნის შემცირებასაც უნდა გულისხმობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "კოვიდ-19"-ის შეკავება კი არა, ამჯერად მასთან ბრძო­ლა მოგვიწევს, რადგან საჭირო ფინანსური რესურსი და ეკონომიკური პოტენციალი აღარ გვექნება.

- პანდემიის გამო მძიმე დღეში არიან განვითარებული ქვეყნებიც.
- მით უმეტეს... ხომ ვხედავთ, რა მოუვიდათ იმ ქვეყნებს, რომელთაც გამართული­ ეკონომიკა ჰქონდათ. სხვანაირი მიდგომა, კონცეპტუალური ხედვაა საჭირო და არა გაზისა და წყლის შეყვანასა და გზების დაგებაზე ლაპარაკი - XXI საუკუნეში ეს ისედაც მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. ამ ეკონომიკურ კრიზისში, რა რესურსით აპირებენ სამუშაო ადგილების გაზრდას, არავინ აკონკრეტებს. თურმე ბავშვის დედ-მამა რომ რესტორანში წავიდეს, ივახშმოს და შინ დაბრუნებულმა შვილს აკოცოს, უსაფ­რთხო ყოფილა, მაგრამ მოსწავლე სკოლაში რომ წავიდეს, არა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ ამაზე არც ერთი დებატი არ გამართულა. დუმს საზოგადოებაც, თითქოს ეშინია კრიტიკული აზრის გამოთქმის, ხალხმა მოღალატედ და მტრად რომ არ შერაცხოს.

პოლიტიკური ველი დაიცალა ჯანსაღი ღირებულებებისგან, იდეოლოგიებისგან. იშვიათად თუ წაჰკრავ ყურს კონცეფციას, რომელიც მორგებულია ქვეყნის განვითარების ჯანსაღ კონტექსტზე, ან სულაც კვლევაზეა დაფუძნებული.

- ჩვენი არჩევნები რუსეთის გაძლიერებული ინტერესის საგანიც არის.
- რაც უნდა ცდილობდეს კრემლი ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო მისი საგარეო პოლიტიკისთვის პრიორიტეტული არ არის, ამას არავინ დაიჯერებს.
რაც უფრო დემოკრატიული იქნება საქართველო, მით მეტად გაღიზიანდება ოფიციალური მოსკოვი, რადგან ამით შევქმნით პრეცედენტს, რომ რუსეთის ორბიტას სამუდამოდ დავშორდით. ამიტომაც არაფერს დაიშურებს, რომ არ შედგეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაცია.

ის ეცდება ყველა სასიკეთო სახელმწიფო­ებრივი საქმე ჩაგვიშალოს - ეს უნდა გააცნობიეროს ყველა პასუხისმგებლობის მქონე ქართულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, უპირველესად კი ხელისუფლებამ. მას უნდა ესმოდეს, რომ მის ნებისმიერ არადემოკრატიულ და არასამართლებრივ ნაბიჯს ჩვენს შინაურ საქმეებში რუსეთის ჩარევა მოჰყვება. მცირედი შანსის გაჩენის შემთხვევაშივე რუსეთი შეეცდება ქვეყანაში გააჩინოს დესტაბილიზაციისა და დაუცველობის განცდა, თუნდაც საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციებით, ახალი ეკონომიკური წნეხის გამოგონებით - კრემლი ამის ოსტატია, იცის, როგორ "ითამაშოს" და მიზანსაც აღწევს - მოსახლეობა მის გამოხდომებს ლამის პრეაპოკალიფსურ მოვლენებად აღიქვამს. კრემლში ძალიან კარგად იცნობენ "ქართულ სისუსტეებს" და იყენებენ კიდეც.

რუსეთი გააქტიურდება საინფორმაციო­ ველშიც, სოციალურ ქსელებში, ონლაინმედიაში, საინფორმაციო საშუალებებში; მოწოდების სიმაღლეზე იქნება რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია - არ ვგულისხმობ მხოლოდ "სპუტნიკს" ან სხვა გამოცემებს. ასეთივე გზავნილების ავტორები არიან ემიგრანტებიც, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი... და კიდევ - საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა და შესაძლოა კრემლმა ესეც გამოიყენოს იარაღად - ვითარებას თუ ვერ გაამწვავებს, ისე მაინც წარმოაჩენს, თითქოს გამწვავებულია.

ბუნებრივია, ყოველივე ეს ხალხის დემორალიზებას უწყობს ხელს, ნიჰილიზმს თესავს. კრემლის უმთავრესი ამოცანაც ეს არის - ქართველი საზოგადოების გატეხა. ასე რომ, ამ გაშმაგებული დაპირისპირების დროს პოლიტიკური გუნდები უნდა შეთანხმდნენ ქვეყნის საგარეო კურსზე, დასავლეთთან მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობაზე. საჭიროა ქმედითი კონცეფციები ქვეყნის უსაფრთხოებასა და სამხედრო რისკებზე, რადგან რომელი პარტიაც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, აუცილებლად მოუწევთ დღევანდელ უმწვავეს პრობლემებთან შეჯახება.

ჯერჯერობით ასეთი სურათი გვაქვს: თუ რომელიმე პარტია არჩევნებს მოიგებს, სხვების პოზიცია ასეთია: რადგან ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო, ასეთი მიდგომით კი სახელმწიფო ზარალობს. ამით სარგებლობს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე. რუსეთი კომპლექსური იარაღით გვებრძვის და წინააღმდეგობაც კომპლექსური სჭირდება, რაც საქართველოს, ალბათ, მარტოს გაუჭირდება.

- სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრენი არიან. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ბრძენია, მჯერა, მას სიცოცხლე უყვარს, შეიძლება ისეც კი, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებსო. ამ ორაზროვანი ბოლო ფრაზით რაზე მიგვანიშნა რუსეთმა?
- ეს განცხადება აშკარა მუქარაა და იმასაც მიუთითებს, რომ რუსეთს საქართველოში მყარი დასაყრდენი აქვს, და ეს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი" არ არის.
ლავროვი გულისხმობს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საქართველოს უბლოკო სტატუსზე ძალიან ხშირად ლაპარაკობს, ასევე სხვა ამგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსებს. რუსეთი ასეთი განცხადებებით მკაფიოდ ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსულ ეროვნულ პროექტს - ის რეგიონში ჰეგემონი უნდა იყოს.

საბჭოთა კავშირი იგივე რუსეთის იმპე­რია იყო, შეცვლილი პოლიტიკური ორგანი­ზმით,­ იმპერიის დაშლას კი ყოველთვის მოჰყვება რევანშიზმი და ეს მოსკოვის პოლიტიკურ მეხსიერებაში დღემდე ჩარჩენი­ლია. ასე რომ, ქართულ-რუსული კონფრონტაცია ისტორიული მოცემულობაა და ჩვენ მასში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. საფრთხეებს ვერ გავაქრობთ, მათი მართვა უნდა ვისწავლოთ, ამისთვის კი ერთადერთი­ გზა კონსოლიდაცია და განვითარებაა. ამას კი მარტო ვერასდროს შევძლებთ - რუსეთ­თან დახურულ კარს მიღმა დიალოგი მიუღებელია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთმა საქართველოში სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა ჩაატარა, წაგვართვა ტერიტორიები­ და მასთან, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში ვართ.
კრემლს ოკუპირებული რეგიონები ნელ-ნელა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიჰყავს. საკუთარ მიწაზე მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე ლაპარაკის, თავისუფლად მიმოსვლის უფლებას ართმევს. ეს ქვეყანა საქართველოსთვის მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროა. ამას ემსახურება მისი "ისტორიული" ფრაზა, "მჯერა, ქართველებს სიცოცხლე უყვართო" და ეს კოლონიური დამოკიდებულებაა.

მან იცის, რომ საქართველოს სუვერენიტეტს დღეს-ხვალ ვერ გააქრობს, მაგრამ შეგვახსენებს, ქართველები რუსეთის იმპერიაშიც მშვენივრად ცხოვრობდნენო. ის, რომ თითქოს საბჭოთა კავშირში ქართველი პრივილეგირებული იყო, მითია - საქართველო თავისი რელიეფის გამო კურორტი იყო.
აქ დასასვენებლად, გასართობად, ჩამოდიოდნენ და ცხოვრებისგან დატანჯული სახეების ხილვა არავის სურდა. ამიტომ გვყავდა ასე ცოტა მეცნიერი ტექნოლოგიის მიმართულებებში, სამაგიეროდ, გვყავდა ბევრი ცეკვის ანსამბლი და ვიღებდით კომედიებს. იმ იმპერიაში ჩვენი როლი ასეთი­იყო: კარგი ბუნება, სამზარეულო, მხიარული საზოგადოება და ცეკვა-თამაში. აი, ამას ვერ ელევიან რუსები.

- ბელარუსზეც გკითხავთ... ლუკაშენკო­ უკან არ იხევს, ისევე როგორც რუსეთი. თქვენი­ აზრით, რა ელის ამ ქვეყანას?
- თუ ლუკაშენკო შეინარჩუნებს ძალაუფლებას, კრემლს მადა გაეზრდება და ბელარუსი მოსკოვზე უფრო დამოკიდებული გახდება.
გაერთიანებას არ ველი, უფრო მოკავშირე­ სახელმწიფოს სტატუსით პრაქტიკული იმპლიმენტაცია მოხდება. შედეგად, ბელარ­უსის სუვერენიტეტი შესუსტდება. ამას ემსახურება რუსეთის ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ ქვეყანაში დიქტატ­ურას, რათა შემდეგ "მიიბას" ის. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის ცხოვრების წესის გადმოღება ვინმეს სურს. მის ორბიტაზე დარჩენა მისაღებია მხოლოდ მისთვის, ვისაც სკამის შენარჩუნება სურს.
თუ ლუკაშენკომ შეინარჩუნა ძალაუფლება­ და რუსეთს უფრო "მიება", პუტინი კიდევ ერთ დაუსჯელ გამარჯვებას იზეიმებს. ეს კი ჩვენთვის პრობლემაა, რადგან რუსეთი უფრო გაძლიერდება, საქართველოში კი პრორუსი ქართული ძალები გააქტიურდებიან.
თუ რუსეთმა ბელარუსი დაკარგა, ჩვენთვის­ ესეც პრობლემაა, სამაგიეროდ, ეს დასავლეთისა და რუსეთის კონფრონტაციას გააღრმავებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჩვენთვის კარგი შანსია, ოღონდ სკრუპუ­ლოზურად გათვლილი გეგმა გვჭირდება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ტრანსფორმაციისას წარმოქმნილ პროცესებს.

რუსეთს ბელარუსი თავისი უკანა ეზო ჰგონია და ამ დანაკლისის რაღაცით კომპენსირებას მოინდომებს. ეს "რაღაც" შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს - კრემლი შეეცდება დასავლეთის ყველაზე სუსტ მოკავშირეზე იყაროს ჯავრი.

თუ რუსეთი ბელარუსს შეინარჩუნებს, ეს მას საგარეო პოლიტიკაში უფრო გაათამამებს. ასე რომ, ორივე სცენარისთვის გვჭირდება მომზადება. ბელარუსის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოზიცია აქვს, რადგან რუსეთთან ურთიერთობას უნდა გავუფრთხილდეთ - ჩვენ პოლონეთი და ლატვია არა ვართ, რომელთაც ნატო იფარავს, და არც მათნაირი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს.

მერაბ მაღლაკელიძე
21 სექტემბერი 2020 09:55
თუ რომელიმე პარტია არჩევნებს მოიგებს, სხვების პოზიცია ასეთია: რადგან ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ქვა ქვაზე არ დარჩენილაო, ასეთი მიდგომით კი სახელმწიფო ზარალობს. ამით სარგებლობს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე. რუსეთი კომპლექსური იარაღით გვებრძვის და წინააღმდეგობაც კომპლექსური სჭირდება, რაც საქართველოს, ალბათ, მარტოს გაუჭირდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები