"როგორც "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის ფასს" - კვირის პალიტრა

"როგორც "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის ფასს"

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და "დემოკრატიების ალიანსის" შემოთავაზებულ დოკუმენტს "არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორისო პრინციპებს " უერთდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი საქართველოდან" აცნობეს.

პარტიის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე გუნდის სახელით რასმუსენს და მის ორგანიზაციას ამ ინიციატივისთვის მადლობას უხდის.

ბურჯანაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ "არჩევნებში კეთილსინდისიერი საერთაშორისო პრინციპების" იდეისა და შემოთავაზებისთვის, ასევე იმ უწყვეტი ყურადღებისა და დახმარებისთვის, რომელსაც ქართული დემოკრატიის განვითარების მიმართ იჩენთ. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით დასაფასებელია ამ ურთულეს, პანდემიურ წინასაარჩევნო პერიოდში.

როგორც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის ფასს.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდამეათე წლის თავზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და შედეგად პოზიტიური ცვლილებები მივიღოთ.

ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ წარსულის გამოცდილება და ქვეყანას არასტაბილურობა და დაძაბულობა თავიდან ავაცილოთ.

ჩვენი ორგანიზაციების მიზანია 2020 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და დაცული გაყალბებისგან, დეზინფორმაციისგან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან, დაშინებისგან, მორალური და ფინანსური ზეწოლისგან. დაარსების დღიდან ჩვენი პარტია - "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა," ამ ყველაფრის მსხვერპლი არაერთგზის ყოფილა.

ჩვენს გუნდში არაერთი ყოფილი პოლიტიკური პატიმარია, რომლებიც მხოლოდ 2013 წელს გათავისუფლდნენ. მათი აქტიური ჩართულობა ამ არჩევნებში განსაკუთრებული მოტივაცია იქნება და დიდ როლს ითამაშებს ამ შეთანხმების შესრულებაში. ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის მიზანიც საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. ბოლო ასეთი დოკუმენტი IRI-ის ხელშეწყობით შედგა.

როგორც "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ჩემი გუნდის სახელით დიდი ენთუზიაზმით და იმედით ვუერთდები და ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას.

პატივისცემით, ნინო ბურჯანაძე - "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, წერილია რასმუსენისთვის გაგზავნილ წერილში.

"ინტერპრესნიუსი"