"ყველაზე მეტად რამ შემშალა, იცით?" - რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა მსახიობმა თამარ მაყაშვილმა და რას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში?
"ყველაზე მეტად რამ შემშალა, იცით?" - რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა მსახიობმა თამარ მაყაშვილმა და რას აპირებს გამარჯვების შემთხვევაში?
"52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ და ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი"

მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ მაჟორიტარად საბურთალოზე კენჭს იყრის. "61 ნომრით ჩემს უბანში საბურთალოზე დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს. მჯერა, რომ დავამსხვრევ სტერეოტიპებს, სულაც არ არის საჭირო არჩევნებისთვის მილიოების დახარჯვა, ამ მილიონებს ისევ ჩემს უბანს მოვახმარ. ყოველგვარ დაფინანსებულ საარჩევნო კამპანიაზე უარს ვამბობ. მინდა ვიზრუნო ჩემს უბანზე, სადაც 52 წელია ვცხოვრობ, საბურთალოელებიც აქტიურად ჩაერთვებიან უბნისთვის საჭირო საქმეების გაკეთებაში, მთავრობას
კი აუცილებლად მოუწევს მათზე ზრუნვა. მინდა აღვადგინო ჩატეხილი ხიდი ხალხსა და მთავრობას შორის", - ამბობს მაჟორიტატობის კანდიდატი თამარ მაყაშვილი და დიდი ბრძოლისთვის ემზადება.

- რა გახდა თქვენი ამ ხმამაღალი განაცხადის მოტივი, რატომ გინ
დათ პოლიტიკაში მოსვლა?
- რატომღაც, ამ ბოლო დროს, ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად – პარლამენტარებად და დანარჩენებად, რომლებიც ვარსებობთ. 52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ და ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი. ყველაზე მეტად რამ შემშალა, იცით? ყოველთვის მტკივა და მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი უბანი, მაგრამ ჩემი უბნისთვის რატომღაც არავინ არასდროს არ მოიცალა. მაჟორიტარობა არ ნიშნავს მხოლოდ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკას, რა საკვირველია, ცოდნა-გამოცდილება უნდა, პოლიტიკოსად არავინ იბადება, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არასდროს არავინ იცლის, სულ ერთი და იგივე სახეები მოდიან და 3 წელი და 9 თვე იგივე გრძელდება. მინდა ცოტა სტერეოტიპიც დავამსხვრიო ამით.

- ისინი რომ არაფერს ცვლიან, გასაგებია... თქვენ რას შეცვლიდით?
- პირველ რიგში, ჩემს კარზე გამოვაკრავ აბრას, რომ ნებისმიერ დროს მეცლება ჩემი მოქალაქეებისთვის, თანაუბნელებისთვის. შეიძლება სულ ერთი და იმავე პრობლემებში ვიცხოვროთ? ჩემი უბნის ყველაფერი მაწუხებს, მთავრობასა და ხალხს შორის ხიდჩატეხილობა მაწუხებს, მათ შორის არ არის კონტაქტი და მინდა, ჩვეულებრივი ხიდი ვიყო, უფრო სწორად, ხიდის აღმდგენი ვიყო ჩემს ხალხსა და მთავრობას შორის. ქვეყანამ იცის, საოცრად პრინციპული ვარ, კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი, მაგრამ ზუსტად ვიქნები ჩახედული ყოფით პრობლემებში და ყველანაირად შევუწყობ ხელს მათ მოგვარებაში. პოლიტიკოსების მარტო ბლა, ბლა, ბლა გვესმის და არაფერი იცვლება.

- როგორ არ იცვლება, პირად კეთილდღეობაზე ზრუნვაზე რას იტყვით?
- მე ამის არ მჯერა, ხალხი რას ჰყვება არ ვიცი, თვითონ უნდა ვნახო და დავრწმუნდე ამაში. როცა რაღაც არ მომწონს, ვერავინ მაკავებს, საკუთარ შვილებსაც პრესში ვატარებ და ყველგან ასეთი დავრჩები. ჩემი თვალით თუ არ დავინახავ, რომ ადამიანი იმიტომ მიდის პოლიტიკაში და პარლამენტში, კეთილდღეობა მოიწყოს, ამას ვერ დავიჯერებ. ალალად ვამბობ, არ ვთამაშობ. კანონმდებლობა და რეგულაციები მეც წავიკითხე, ალილუიასავით მეც დავისწავლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი ვარ, მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, როგორც საქართველოს მოქალაქეს. სტერეოტიპს რატომ ვამსხვრევ, იცით? მეუბნებიან, დიდი ფული უნდა გქონდეს, საქმე რომ აკეთოო. ჩემი ხალხის ჩემდამი კეთილგანწყობით და ჩემი მათდამი სიყვარულითაც შეიძლება ქვეყნის საქმე აკეთო. ჩემი დიდი ბანერი თუ არ ექნება ვიღაცას ცხვირწინ გაკრული, დილით ფანჯარას გამოაღებს და თუ არ დამინახავს, არც ეს არის პრობლემა.

- პიარი შემადგენელი ნაწილია პოლიტიკის, ეგეც დაგჭირდებათ – ბანერი თუ არა, პლაკატები...
- მე ვარ ჩემი თავის პიარი, ჩემი ახლობლები არიან ჩემი პიარი. არაა საჭირო 3 თვე ადამიანს ტვინი უხვრიტო შენი სახელი და გვარის ხსენებით. ფლაერი დავბეჭდო და დავხარჯო ფული? ხე შევაწუხო? ქაღალდი დავხარჯო და უამრავი თანხა, რომელიც არ მაქვს იმაში, რომ მერე ვიღაცამ ძირს დაყაროს და ისევ ჩემი დასაგველი გახდეს? წლების წინ ჩემი ქალაქის მეეზოვეობა მინდოდა, გახსოვთ ალბათ ეს ფაქტი, მერიას რომ მივმართე და ამაზე ყური არავინ შეიბერტყა. ჩემი დასალაგებელია ისევ, სულაც არ მინდა, ჩემს სახეზე ვიღაცამ იაროს. იმ 10 პლაკატს რამენაირად ვიშოვი, რა.

- დარწმუნებული ხართ, დაგიჯერებენ და საბურთალოელები განდობენ უბანს?
- დღეს არავის არავისი სჯერა. მინდა მოვიდნენ ისეთები, ვისაც დაუჯერებენ. სანამ ჩემი თვალით არ ვნახე, რა ხდებოდა ქართულ ჯარში, არ დავიჯერე. სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, რა ხდება პოლიტიკაში, არ დავიჯერებ, რასაც პოლიტიკოსებზე ამბობენ. ამაში უნდა დავრწმუნდე. კარგი და ცუდი ყველგანაა. მომბეზრდა ერთი და იმავე სახეების ხოცვა და დაკა-დაკა.

- საკმაოდ სერიოზული კანდიდატები ჰყავს საბურთალოს ოლქს და შედეგზე ორიენტირებულიც უნდა იყოთ, შესაბამისად...
- სულ არ ვებრძვი არავის, ყველას გაუმარჯოს. ბევრი აქეთ-იქეთ დახტის, რაც ჩემთვის მიუღებელია. როგორია, ერთ თეატრში ვიმუშაო, ჯერ ვაქო-ვადიდო, მერე მეორე თეატრში წავიდე და იქ ვლანძღო და ვაგინო ძველი? იტყვიან, თეატრს თავი დაანება და საქმე გამოიჩინაო... მე საქმე ყოველთვის მაქვს, თუნდაც ოჯახში, მილიონი საქმეა, იქით შვილები და შვილიშვილები... მიუხედავად ამისა, სულ მაქვს იმის დრო, დავჯდე, რაღაც წავიკითხო და გავნათლდე, მაკიაველი იქნება, ციცერონი თუ სხვა. განათლებული არტისტი ბევრია და მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესია მაქვს. პოლიტიკა ჩემთვის ერთი დიდი როლია, რომელიც უნდა დაიზეპირო და რამენაირად გავართმევ თავს.

- ბევრი იკითხავს, პოლიტიკა გამოცდილ პოლიტიკოსებს ვერ გაუკეთებიათ რიგიანად და არტისტმა რა უნდა გააკეთოსო. ისიც გეცოდინებათ, საქართველოში არტისტებზე და სპორტსმენებზე რა რეაქცია აქვთ ხოლმე, როცა პოლიტიკაში მათი გადაბარგების ამბავს იგებენ...
- პოლიტიკოსად არავინ იბადება, უნდა ისწავლო. მაკიაველიც არ დაბადებულა პოლიტიკოსად, იქამდე გარკვეული პერიოდის მერე მივიდა. ეს ყველაფერი ისწავლება - არსებობს მასალა, შეგიძლია დაჯდე და ისწავლო, უნდა გიყვარდეს სწავლა, შრომა და კითხვა. შეიძლება ითქვას, ინტერესის გულისთვისაც მინდა პოლიტიკაში მოსვლა. მართლა მომბეზრდა 3 წელი და 9 თვე ზიხარ და ელოდები ვიღაცას, რომელიც მოვა და იკითხავს - რა გჭირდება უბანო, რამე ხომ არ გიჭირთ, მეგობრებო, რა გიხარიათ, რა გწყინთ და რა გინდათ? ელოდები, მაგრამ არ მოდის. ყველაფერს სახეცვლილება სჭირდება. მაჟორიტარი იმიტომ ხარ და იმიტომ გირჩევენ, საკუთარ უბანზე იზრუნო და წინ წასწიო.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- ჩვეულებრივად. მე ამაში ჩემს შვილებს არ ვრთავ, დამოუკიდებელი ადამიანები არიან, მოუნდებათ, დამიდგებიან გვერდში, არ მოუნდებათ და თავისი არჩევანი ეყოლებათ, არც ეგაა საწყენი, მაინც ჩემი შვილები არიან. ისე კი მითხრეს, რატომ გადაწყვიტე და რატომ მოგინდა პოლიტიკა, შენი ნერვების ფასად უნდა დაჯდეს ეს ყველაფერიო. არ ვიცი, რად დამიჯდება, ნერვების, თუ რის ფასად, ამას თვითონ ვნახავ, ეს ჩემი არჩევანია.

(სპეციალურად საიტისთვის)

ვაიმე?
23 სექტემბერი 2020 14:53
ეს რა სიურპრიზია? თამარა, მე მოგცემ...(ხმას), ეს თუ რამეს შეცვლის ამ ქვეყანაში.
საინტერესოა
23 სექტემბერი 2020 13:48
წარმატებას გისურვებ თამარ
lika
23 სექტემბერი 2020 12:36
ესღა გვაკლდა და ამასაც მოვესწარით ვაი ჩვენს პატრონს

რუბრიკის სხვა სიახლეები
26-10-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?