"როცა რეზიდენციიდან წამოხვედით, შევარდნაძე პრეზიდენტობიდან გადადგაო" - რას იხსენებს აბაშიძესთან და შევარდნაძესთან შეხვედრაზე ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი? - კვირის პალიტრა

"როცა რეზიდენციიდან წამოხვედით, შევარდნაძე პრეზიდენტობიდან გადადგაო" - რას იხსენებს აბაშიძესთან და შევარდნაძესთან შეხვედრაზე ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი?

რუსული ყოველდღიური გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეც"-ის ("Московский комсомолец") 23 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ იგორ ივანოვთან, რომელიც ჟურნალისტ ლეონიდ მლეჩინთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. "ვარდების რევოლუციის" დროს, საქართველოში - თბილისსა და ბათუმში ყოფნას იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

"როცა იგორ ივანოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამერიკულმა გაზეთმა "ლოს-ანჯელეს თაიმს"-მა მას მთელი სტატია მიუძღვნა და აღფრთოვანებულ-შეშინებულად იგი რუსეთის საგარეო პოლიტიკის "მინისტრ-ტერმინატორად" მოიხსენია.

"არა მგონია, იმაზე ცუდი რამ არსებობდეს, ვიდრე ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის მიერ ვინმეს კარზე დაკაკუნებაა. იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის კარზე იგორ ივანოვმა 2000 წლის 6 ოქტომბერს დააკაკუნა. რამდენიმე საათის საუბრის შემდეგ დიქტატორი ოპოზიციას ჩაბარდა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ იგორ ივანოვის კაკუნი 2003 წლის 23 ნოემბერს გაიგონა. რუსეთის მინისტრთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ ქართველი პრეზიდენტი გარდაუვალობას შეურიგდა და პოსტი დატოვა", - ნათქვამია აშშ-ის გაზეთის სტატიაში.

- როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი, იგორ სერგეევიჩ? მახსოვს, იმ დღეებში ლაპარაკობდნენ, რომ თქვენ თითქოსდა თან "სპეცრაზი" გყავდათ წაყვანილი და ტერიტორიის "გაწმენდას" აპირებდით... ან შესაძლოა თქვენ ადამიანის დარწმუნების განსაკუთრებული უნარი გაქვთ? რა უთხარით ისეთი იმ ორ პრეზიდენტს, რომლებმაც თქვენთან საუბრის შემდეგ თანამდებობაზე უარი თქვეს? - არა, მე ისინი არასდროს არ დამირწმუნებია - თანამდებობიდან უნდა წახვიდეთ-მეთქი. არც მილოშევიჩი და არც შევარდნაძე. ასეთი რამ ჩემს მისიაში არც შედიოდა. საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ჩემს ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ სისხლისღვრა არ ყოფილიყო... არადა, ეს რეალური ჩანდა - საათებში შეიძლებოდა უბედურება მომხდარიყო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მეორე ამოცანა კი - მზარდი დაძაბულობის განეიტრალება და სიტუაციის პოლიტიკური დარეგულირების მიღწევა. ჩემი საუბრები ედუარდ ამბროსოვიჩთან და ოპოზიციასთან სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა, რომ აუცილებელი იყო კრიზისიდან გამოსვლა და შესაძლო სისხლისღვრის თავიდან აცილება.

როცა მე, ედუარდ ამბროსოვიჩთან მრავალსაათიან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, მან მტკიცედ მითხრა: "მე არასოდეს არ გავცემ არმიის ან პოლიციის მიმართ განკარგულებას ადამიანებზე სროლის მიზნით. მე არ დავუშვებ იმას, რომ თუნდაც ერთი წვეთი ქართველის სისხლი დაიღვაროს". და მართლაც, საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალოვანი მეთოდებით არ უსარგებლია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ უნდა აღდგენილიყო დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის? მე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივედი. ედურად შევარდნაძემ შეხვედრაში მონაწილეობა შემომთავაზა, რაზედაც ვუპასუხე: ედუარდ ამბროსოვიჩ, ვთვლი, რომ ჩემი მისია შევასრულე, დიალოგის აღდგენა დაიწყო. ახლა ქვეყნის ბედზე თქვენ და ოპოზიცია ხართ პასუხისმგებელი". გავფრინდი აჭარაში, სადაც შეხვედრა ადგილობრივ ხელმძღვანელთან - ასლან აბაშიძესთან მქონდა დაგეგმილი. თბილისიდან ბათუმამდე ერთი საათის ფრენაც არ არის საჭირო. როცა ჩავფრინდი, ასლან აბაშიძე მეკითხება: "იგორ სერგეევიჩ, ეს რა გააკეთეთ?" მე ვუპასუხე, რომ ჩემი აზრით, კეთილი საქმე გავაკეთე - ედუარდ შევარდნაძესა და ოპოზიციას შორის დიალოგი აღვადგინე-მეთქი. ის კი მეუბნება: "ნახევარი საათის შემდეგ, როცა თქვენ წამოხვედით რეზიდენციიდან, ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტობიდან გადადგა".

პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩთან მიმართებითაც მსგავსი სიტორია იყო. მივიღე დავალება გავფრენილიყავი ბელგრადში და მეცადა, სერიოზული შიდა კონფლიქტი არ დაწყებულიყო. სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი ამოცანა, რაც შევასრულე კიდეც. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, როცა მე კარზე დაგიკაკუნებთ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ