"რასაც ახლა ვუყურებთ "ნაცმოძრაობასა“ და "ევროპულ საქართველოს“ შორის არის ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბი და მათ ჩხუბში ვერ გაარკვევ სიმართლე რომლის მხარესაა" - კვირის პალიტრა

"რასაც ახლა ვუყურებთ "ნაცმოძრაობასა“ და "ევროპულ საქართველოს“ შორის არის ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბი და მათ ჩხუბში ვერ გაარკვევ სიმართლე რომლის მხარესაა"

ეს რასაც ჩვენ ვუყურებთ ახლა "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ევროპულ საქართველოს“ შორის, არის ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბი და ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბში ვერ გაარკვევ სიმართლე რომლის მხარეს არის და რომლის არა,- ასე შეაფასა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ "ევროპულ საქართველოს“ საარჩევნოდ ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა, ხოლო, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის არჩევაზე შეთანხმდებოდნენ.

შარაშენიძის შეფასებით, აღნიშნული პარტიები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, იმის გასაგებად კი თუ რა უშლის მათ შეთანხმებას ხელს, სიმართლის ბოლომდე ცოდნა სჭირდება, რასაც პარტიები არ ამჟღავნებენ.

"მათ სჭირდებათ ოჯახის კონსულტანტი, ასე მარტივი არ არის, აქ მარტო პოლიტიკური მეცნიერებებით ვერ მივუდგებით ამ საკითხის გარჩევას. ეს პარტიები ვერ შერიგდებიან, მე რასაც ვუყურებ, ასე მარტივად ვერ შეთანხმდებიან. ის თუ რა უშლით ხელს, შიგნით ვინც არის, მათ იციან და არ ამბობენ ბოლომდე სიმართლეს. გუბაზ სანიკიძემ მხოლოდ სიმართლის ნაწილი თქვა, მაგრამ ჩვენ მთლიანად არ ვიცით რაში იყო საქმე. რაღაც საინტერესო დეტალები შეიძლება იყო, რომელიც გვაჩვენებს, რომ ასე მარტივად არ არის საქმე. ამიტომ უნდა დავანებოთ თავი ოჯახს, თუ მორიგდება თვითონ მორიგდება,“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

:ინტერპრესნიუსი"