"ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატთა სია, უკეთესად გამოიყურება, ვიდრე "ოცნების" - როგორ აფასებს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გია ხუხაშვილი
24-09-2020
"ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატთა სია, უკეთესად გამოიყურება, ვიდრე "ოცნების" - როგორ აფასებს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გია ხუხაშვილი
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით,"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე"ქართული ოცნების".

ამასთან, როგორც ხუხაშვილმა"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატთა სიის შეფასებისას"ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, აღნიშნულ სიას პლუსებთან ერთად"სისტემური პარტიული ხარვეზი" აქვს.

"ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით ეს სია საკმაოდ კარგად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, უკეთესად, ვიდრე"ქართული ოცნების" შესაბამისი სია, იმიტომ, რომ ვინ არიან ეს ხალხი, არ ვიცი. შესაბამისად, სავარაუდოდ, მათ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები არიან,
მაგრამ ცნობადობა და პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანია საერთოდ და მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს.

გასაგებია, რომ სისტემური ხარვეზი - ანტიმიშას ხარვეზი ყველაზე გადადის. ამიტომ მათ უწევთ არა სუფთა ფურცლიდან, არამედ მინუსებიდან შესვლა. ამომრჩევლისთვის"ნაციონალური მოძრაობის" კომპრომატის ტვირთი რამდენად აწევადი იქნება, არ ვიცი, ალბათ სადღაც შესაძლებელი იქნება, სადღაც
-შეუძლებელი. ასე რომ, ამ სიას აქვს თავისი პლუსები, თუმცა აქვს სისტემური პარტიული ხარვეზი, რაც მათ ამოცანას ართულებს",- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქს, გია ხუხაშვილის შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ"ნაცმოძრაობა" ამ ოლქში გიგი უგულავაზე უფრო ცნობად პირს ვერ დააყენებდა, აქცენტი"პარტიული პრობლემების ჩამორეცხვაზე" გააკეთეს.

"ეს არის გამონაკლისი. აქ ჩვენ გვაქვს პირიქით სიტუაცია. თუ სხვა რეგიონებში აქცენტები იყო ცნობადობასთან დაკავშირებით და"ნაციონალური მოძრაობა" ცნობადობაზე ჩამოვიდა ფსონს, ზუგდიდში მათ ამის საპირისპირო პოლიტიკური ტექნოლოგია აირჩიეს. ამაშიც არის გარკვეულწილად ლოგიკა, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, იქ ცნობადობით გიგი უგულავაზე უფრო ძლიერი კანდიდატურის წამოყენება პრობლემატური იქნებოდა"ნაციონალური მოძრაობისთვის" და შესაბამისად, აქცენტი გააკეთეს სხვა რამეზე, ანუ პარტიული პრობლემების ჩამორეცხვაზე, რადგან ამ ადამიანის დადანაშაულება"ნაციონალური მოძრაობის" კომპრომატში, არცთუ რელევანტური იქნება. არ ვიცი, ეს ადამიანი ზუგდიდში რამდენად ცნობადი და პატივსაცემია, თუმცა ამ შემთხვევაში"ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ელიტის ფორმირების საერთო წესს გადაუხვია და უფრო სხვა რამეზე გააკეთა აქცენტი",- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის,"ნაციონალურმა მოძრაობამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით ჩაანაცვლეს. ზუგდიდის ოლქში კი, სადაც"ევროპული საქართველოდან" კენჭს გიგი უგულავა იყრის,"ქართული ოცნებიდან" კი ირაკლი ჩიქოვანი,"ნაციონალურმა მოძრაობამ" ექიმი მალხაზ ჯალაღონიას კანდიდატურა დააყენა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები