"ქართული ოცნება" ჩაფლავდა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ჩაფლავდა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში "ქართული ოცნება" "ჩაფლავდა", რაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე აისახება.

"ამას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი არ ჰქვია, რაშიც ჩვენ ვართ, ეს არის კოლაფსი, კატასტროფა. ერთადერთი რამ, რაც ამას უშველის, ეს არის მძლავრი პოზიტიური მოლოდინი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვიოს და ახალი თაობის რეფორმების დაწყებამ ქვეყანაში.

ჩაფლავდა "ქართული ოცნება" ბოლო თვეების მანძილზე, ბოლომდე დავინახეთ მისი ჩაფლავებული სახე, რაც სჭირს ლარს, კორონას, ბიზნესს, გაკოტრებულ ადამიანებს",-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელს" კრიზისიდან გამოსასვლელად სამოქმედო გეგმა გააჩნია.

"როგორც კი პრემიერი გავხდები, მე თვითონ ვაპირებ სირბილს ყველა ინვესტორთან იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანო, ჩავადებინო ფული, ავაშენებინო ინდუსტრიული ქალაქები და შევაქმნევინო სამუშაო ადგილები. მზად ვარ, ყველა დოკუმენტზე მოვუწერო ხელი ნებისმიერ ინვესტორს, ვინც საქართველოში ფულს ჩადებს. ასე უნდა იმუშავოს პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დააყენოს",-განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"