"საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება, ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს" - კვირის პალიტრა

"საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება, ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს"

საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება, ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.

"შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტოტიული მთლიანობის მიმართ.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველო - აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"