"საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე - კვირის პალიტრა

"საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ - ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

„საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.

საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს.

საქართველოს მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ - ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით. ჩვენ გვაღელვებს მათი ბედი და დაინტერესებული ვართ იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით. ჩვენი მიზანია აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება, - როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს - საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.'

"ინტერპრესნიუსი"