"კრემლმა ქვეყანაში სამოქმედო მეთოდები დახვეწა, ახლა კი როკ-ბენდივით მსოფლიოში "გასტროლებზე დადის" - კვირის პალიტრა

"კრემლმა ქვეყანაში სამოქმედო მეთოდები დახვეწა, ახლა კი როკ-ბენდივით მსოფლიოში "გასტროლებზე დადის"

"საქართველო-რუსეთის ომის თეატრში ძალების სრული შეუსაბამობა იყო. მალევე ცხადი შეიქნა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვა განადგურდა, რუსული ძალები აკონტროლებდნენ ცას და ბომბავდნენ არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებსაც. ეს თავად ვნახე გორში. დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ რუსეთს ამისთვის დიდი ფასი არ გადაახდევინა. საჭირო იყო უფრო მკაცრი პასუხი, ქმედებები და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, თუნდაც რუსეთის შვეიცარიის საბანკო სისტემიდან გარიცხვა, და შედეგად, ჩემი აზრით, ყირიმის ანექსია არ მოხდებოდა. ყირიმის ანექსია პირდაპირი შედეგი იყო იმისა, რაც საქართველოში მოხდა..."

"დასავლეთის გულუბრყვილობამ და სოლიდარობის არარსებობამ რუსეთს საშუალება მისცა ემოქმედა როგორც ძლიერ მოძალადე სახელმწიფოს", - ამბობს Guardian Moscow-ის ყოფილი კორესპონდენტი ლუკ ჰარდინგი. მან IWPR-ს განუცხადა, რომ რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია ნულოვანი ჯამის საგარეო პოლიტიკის თამაშით, ვიდრე ორმხრივი კომპრომისების მიღწევით, ასეთი აზროვნების შეცვლა კი მხოლოდ პოლიტიკურად ძლიერ ახალ თაობას შეუძლია.

- იმისათვის, რომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება დაეწყო, საჭირო გახდა MH17 თვითმფრინავის ჩამოგდება 2014 წელს, ხოლო 2018 წელს - სოლსბერიში მოწამვლა. როგორ მოხდა, რომ ორი ომი, საქართველოსა და უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ დასავლეთს სათანადო რეაგირება მოეხდინა?

- ეს ცხადყოფს, რომ დასავლეთის მთავრობები ნამდვილად ვერ ჩასწვდნენ იმას, რასაც მე "რუსეთის პრობლემას" ვუწოდებ. XXI საუკუნეში რუსეთი იქცევა როგორც ძლიერი, მოძალადე სახელმწიფო - იქნება ეს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა, ყირიმის ანექსია თუ სალიკვიდაციო ოპერაციები - ალექსანდრ ლიტვინენკოს ან სერგეი სკრიპალის მოწამვლა, ან სირიაში ჯარების განთავსება... ცხადია, რუსეთი პუტინის მმართველობის დროს გახდა აგრესიული და რევიზიონისტული ძალა, რომელიც სამყაროს ნეოიმპერიულ ჭრილში ხედავს, სჯერა გავლენის სფეროების და მიაჩნია, რომ უფრო პატარა ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ისეთ დიდ ქვეყნებს უნდა დამორჩილდნენ, როგორიც რუსეთია. ამიტომ გამოწვევა ნათელია. როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამას? დასავლეთს ამაზე პასუხი არ ჰქონდა.

2008 წელს ჩვენ შეგვეძლო, სულ მცირე, სანქციები დაგვეწესებინა, რაც გარკვეულწილად შეცვლიდა ვითარებას. თუმცა საამისოდ პოლიტიკური ნება აშკარად არ არსებობდა და ეს პრობლემაა. როცა პუტინი რამეს გააკეთებს, ის პასუხს ელოდება ხოლმე და როდესაც არავისგან არაფერი ისმის, თავის საქმეს განაგრძობს. ვფიქრობ, საქართველოს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. 2008 წელს Guardian-მა თბილისში გამომგზავნა - ვიყავი გორში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ფრონტის ხაზის გასწვრივ და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ასეთ მძიმე ვითარებაში დასავლეთის რეაგირება საკმარისი არ იყო. არ ვამბობ, რომ რუსეთთან სრულყოფილი სამხედრო დაპირისპირება უნდა დაწყებულიყო, ეს არავის სურს და არც არავინ ითხოვს, მაგრამ იყო ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მაგალითად, სანქციების დაწესება.

- დასავლეთს მკაცრი რეაგირება რომ მოეხდინა, შემდგომი მოვლენებიც იმავენაირად განვითარდებოდა? - ვფიქრობ, დიდწილად ასე მოხდებოდა. საქართველო-რუსეთის ომის თეატრში ძალების სრული შეუსაბამობა იყო. მალევე ცხადი შეიქნა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვა განადგურდა, რუსული ძალები აკონტროლებდნენ ცას და ბომბავდნენ არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებსაც. ეს თავად ვნახე გორში. დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ რუსეთს ამისთვის დიდი ფასი არ გადაახდევინა. საჭირო იყო უფრო მკაცრი პასუხი, ქმედებები და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, თუნდაც რუსეთის შვეიცარიის საბანკო სისტემიდან გარიცხვა, და შედეგად, ჩემი აზრით, ყირიმის ანექსია არ მოხდებოდა. ყირიმის ანექსია პირდაპირი შედეგი იყო იმისა, რაც საქართველოში მოხდა.

- თქვენს უკანასკნელ წიგნში "ჩრდილოვანი სახელმწიფო: მკვლელობა, არეულობა და რუსეთის მიერ დასავლეთის გადაკეთება" თქვენ წერთ: "როგორც ჩანს, დასავლეთი ფიქრობდა, რომ თავშეკავება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას გამოიწვევს. ეს არ მოხდა". აზროვნების ამგვარი მოდუსი მუდმივად არსებობდა, თუმცა ყოველთვის უშედეგო იყო. დასავლეთში ამგვარად ახლაც აზროვნებენ. რა არის ამის მიზეზი? - ეს არის გულუბრყვილო რწმენა, რომელიც მართლაც დიდხანს არსებობდა (ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ცდა მხოლოდ ერთი მაგალითია), რომ პუტინი და მისი გარემოცვის კა-გე-ბეს ყოფილი თანამშრომლები დაინტერესებული არიან ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებებით... მაგრამ ასე არ არის. ისინი ნულოვანი ჯამის კლასიკურ თამაშს თამაშობენ. მახსოვს, 2008 წლის ომის შემდგომ ბრიტანელ ჩინოვნიკს ვესაუბრე და მან შესანიშნავი რამ თქვა: "რუსეთთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ რუსები არ ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იფიქრონ". ისინი ფიქრობენ, რომ რაც დასავლეთისთვის ცუდია - საქართველოს კი დასავლეთის ნაწილად მიიჩნევენ - კარგია რუსეთისთვის და პირიქით.

პუტინი პრაქტიკოსია, მას სწამს ლენინური იდეის, რომ მოსკოვი უწყვეტად ნახევრად ომის მდგომარეობაშია და არა მარტო კარგი, არამედ აუცილებელიც არის მკვლელების აქა-იქ გაგზავნა. ეს მათ შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გადაიტანონ წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებისგან, როგორიცაა სახელმწიფოს ქრონიკულად არაეფექტური მართვა, სტაგნაცია და საშინელი კორუფცია. რუსეთში ყოველთვის იყო დიდი კორუფცია, ხოლო პუტინის ეპოქაში მას მეტასტაზები გაუჩნდა. ქვეყანაში ფეოდალიზმია, 20-30 წამყვანი ოჯახი მილიარდებს ფლობს, ხოლო მასწავლებლები, ექიმები, უნივერსიტეტის ლექტორები მათხოვრული ხელფასით ცხოვრობენ. მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ საბჭოთა სტოიციზმი, რაც მათ თითქმის ყველაფერთან შეგუებას აიძულებს. თუმცა დამღლელი დღის შემდეგ სახლში მიდიხართ, ჩართავთ ტელევიზორს და გეუბნებიან, რომ ყირიმი უკან დააბრუნეს და ეს გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მსოფლიოში გადაწყვეტილებებს იღებს. ამგვარი პროპაგანდა ნამდვილად ზემოქმედებს, განსაკუთრებით ნაკლებად განათლებულ ხალხზე, და რუსეთის რეჟიმი ამას კარგად იყენებს.

კრემლმა ქვეყანაში სამოქმედო მეთოდები დახვეწა, ახლა კი როკ-ბენდივით მსოფლიოში "გასტროლებზე დადის". ტროლებმა, რომლებიც tochka.ru-ზე მოქმედებდნენ, მოულოდნელად დაიწყეს მოქმედება Guardian-ზე, New York Times-ზე, The Washington Post-ზე, Der Spiegel-ზე. მათი პროპაგანდისტული ოპერაციები შეიძლება უხეშია, მაგრამ გარკვეულწილად მუშაობს. ამაში "კოვიდის" პანდემიამაც დაგვარწმუნა. ყველაფერს, რაც დასავლურ საზოგადოებას ხლეჩს, რუსული პროპაგანდა აუცილებლად იპოვის და მის გამოყენებას შეეცდება. გამოსავალი მხოლოდ მისი შეკავებაა. დიალოგი, ფაქტები და მსჯელობა რუსებთან არ მუშაობს.

- აქვს კი დასავლეთს რუსეთის შეკავების სურვილი?

- არც ისე დიდი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთან საუბრობთ. ტრამპს? - ნულოვანი. ბორის ჯონსონს? - არა. მას აინტერესებს შავი ზღვა, რუსული ინვესტიციები და სძულს ევროკავშირი, ისევე როგორც პუტინს. ევროკავშირისგან, მერკელისგან, იმ ხალხისგან, ვისაც კარგად გააზრებული აქვს, რა ხდება დღეს სამყაროში, დიახ, არსებობს რაღაც წინააღმდეგობა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი დასავლური სოლიდარობისთვის.

- არიან ადამიანები (მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა), რომელთაც იმედი აქვთ, რომ პუტინის წასვლის შემდგომ, იქნება ეს იძულებით თუ ბუნებრივად, ბევრი რამ გაუმჯობესდება. არის თუ არა ეს სასურველის რეალობად გასაღების ცდა? - საქმე ის არის, სისტემამ შექმნა პუტინი თუ პირიქით. ეს მარადიული კითხვაა: ქათამი თუ კვერცხი? მიუხედავად ამისა, ჩემში ოპტიმისტი ამბობს, როცა პუტინი წავა, ელიტაში ძვრები მოხდება და შესაძლოა მივიღოთ რაღაც უფრო ფასეული, რეალისტი კი მეუბნება, რომ მივიღებთ კიდევ ერთ კომპლექსებით სავსე 60 წლის ტანდაბალ კაცს პუტინის ახლო გარემოცვიდან.

მსურს ეს ინტერვიუ ოპტიმისტურად დავასრულო: ჩვენ სწრაფად ცვალებად ეპოქაში ვცხოვრობთ და ახალი თაობის რუსები მოდიან. მათ მიაჩნიათ, რომ სხვაგან ცხოვრება უკეთესია, ვიდრე რუსეთში. ესმით, რომ მათ იმედი გაუცრუეს მთავრობამ და მმართველმა ელიტამ. ისინი სულელები არ არიან, ხალხს მუდმივად ვერ გაასულელებ. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის ხსნა არა პუტინის წასვლაში, არამედ ამ ახალ თაობაშია, რომელსაც არა აქვს იგივე კომპლექსები. როდესაც ეს მოხდება, იქნება უკეთესი რუსეთისთვის და უკეთესი საქართველოსთვისაც.

ვაჟა თავბერიძე