დაგვეწყო? - კვირის პალიტრა

დაგვეწყო?

მაპატიეთ, მაგრამ ამაზე ადეკვატურ შედარებას ვერ ვპულობ, ამიტომ ასე უნდა ვთქვა: ჩვენი ოპოზიციისთვის რევოლუცია დედათა წესივითაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წელიწადში ერთხელ აქვთ.

ხანდახან ციკლი ერღვევათ და წელიწადში ორჯერაც ემართებათ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ზოგჯერ დარღვევაც ვლინდება და ერთ წელიწადს ჩააგდებენ ხოლმე, გადაუცდებათ, მაგალითად, როგორც 2008-2010 წლები ჩააგდეს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაფეხმძიმდნენ და მომავალ წელს ბავშვს გააჩენენ (ანუ ხელისუფლებას შეცვლიან). ტესტი (ამ შემთხვევაში არჩევნები) ყოველთვის უარყოფითს აჩვენებს. ჰოდა, მეორე წელს ველოდებით ახალ დედათა წესს (ანუ რევოლუციის მცდელობას). ახლაც ასე მოხდა. ოპოზიციისთვის კრიტიკული დღეები მოახლოვდა და დაეწყოთ:

ჯერ ბურჯანაძე ალაპარაკდა ახალ ტუნისსა და ეგვიპტეზე, შემდეგ "ქართულმა პარტიამ" დააანონსა, გაზაფხულზე დიდ ამბებს ელოდეთო. ლევან გაჩეჩილაძემ რადიო "პალიტრისთვის" ჩაწერილ ინტერვიუში მითხრა: გაზაფხული დადგა და სისხლმა დაიწყო ჩუხჩუხი როგორც სასიყვარულომ, ისე რევოლუციურმაო. იმავე ინტერვიუში გაჩეჩილაძემ თქვა: "თუ ხელისუფლება უსისხლოდ წავა, კარგია, თუ არა, მაინც წავა".  ბუნებრივია, ვკითხე: "ეს ნიშნავს, რომ შეიძლება სისხლით წავიდეს?" პასუხი ასეთი მივიღე: "მე გითხარით, რა არის დღევანდელი მსოფლიოს მაგალითი. თუ ისვრი, მიდიხარ და უფრო მეტი ტირანი ხარ, თუ არ ისვრი, მაინც მიდიხარ. ამის მაგალითებიც არის - ლიბია, ტუნისი".

რა გამოდის: ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ ოპოზიციას ასწავლა, რომ სისხლი დაიღვრება თუ არა, დასავლეთი მხარს მაინც საპროტესტოდ გამოსულ ხალხს დაუჭერს და ხელისუფალი წავა. ტუნისსა და ეგვიპტეშიც რამდენიმე ასეული კაცი დაიღუპა. ლიბიაში სამოქალაქო ომია. არსად ეს პროცესი უმსხვერპლოდ არ დასრულებულა. როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, სისხლი დაიღვრება თუ არა, ამის მიუხედავად სააკაშვილი მაინც წავაო, გამოდის, მისთვის მთავარი სააკაშვილის წასვლაა. თუ სისხლი დაიღვრება, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრებაო.

კი ბატონო, მაგრამ ოპოზიცია არაფერ შუაში იქნება? მე მართლა მაინტერესებს, რამდენი კაცი მოიძებნება საქართველოში, ვისაც სააკაშვილის წასვლა თუნდაც რამდენიმე ათეული მოქალაქის დაღუპვად უღირს? ან გამოჩნდება თუ არა ერთი კაცი მაინც, ვინც მზადაა სააკაშვილის წასვლის და ხელისუფლებაში რევოლუციის მომხრე პოლიტიკური ძალების მოსვლის გამო თავი გაწიროს? ვფიქრობ, ეს კითხვები ლეგიტიმურია. თუმცა გაჩეჩილაძისგან პასუხად მივიღე, რომ სახელისუფლებო პროპაგანდის გავლენის ქვეშ ვარ.

გაჩეჩილაძისგან განსხვავებით ბურჯანაძე სისხლს არ ახსენებს და ამბობს, რომ რევოლუცია მხოლოდ მშვიდობიანი იქნება, რადგან სააკაშვილი სისხლის დაღვრას ვერ გაბედავს. საინტერესოა, რატომ არის ასე კარგი წარმოდგენის სააკაშვილზე, თუ არ უნდა წინასწარ ხალხი დაზაფროს? ან საერთოდ, რისი იმედი აქვთ? რატომ ფიქრობენ, რომ ხალხი კიდევ გამოვა ქუჩაში  გაჩეჩილაძე-ოქრუაშვილის ან ბურჯანაძის მოწოდებაზე, შემდეგ კი სააკაშვილს თავს შეაკლავს?! იქნებ ეს ოპოზიციის მორიგი ბაქიბუქია?

რატომ არ მივაგებთ სათანადო პატივს?

ამ თემას "კვირის პალიტრამ" ერთი წერილი უკვე მიუძღვნა მაშინ, როდესაც ავღანეთში ერთდროულად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩემმა კოლეგა ეკა ლომიძემ დაწერა წერილი, სადაც ხელისუფლებას საყვედურობდა, რომ დაღუპულ გმირებს უხმაუროდ კრძალავენ, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, "ნაციონალური" ტელეარხები ამას არ აშუქებენ, რაც საზოგადოებას საშუალებას არ აძლევს, თავის გმირებს სათანადო პატივი მიაგოსო.

იგივე განმეორდა ახლაც. წინა კვირას უხმაუროდ დაკრძალეს კაპრალი გიორგი ავალიანი. თუმცა ერთი საკითხია, რატომ ცდილობენ არ გააშუქონ დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვა და ეს პროცესი რაც შეიძლება უხმაუროდ ჩაატარონ, მაგრამ მეორეა, უნდა მიდიოდეს თუ არა პრეზიდენტი დაღუპული ჯარისკაცის გასვენებაში. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც კაპრალ გიორგი ავალიანის გასვენებაში მივიდა, თავდაცვის მინისტრი იყო. მაინტერესებს, რატომ არ სურს პრეზიდენტს პირადად მიაგოს პატივი იმ ჯარისკაცებს, ვინც მისი გადაწყვეტილებით აღმოჩნდნენ ავღანეთში და შემდეგ დაიღუპნენ?

KvirisPalitra.Geაქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტო, რომელზეც ასახულია ანგელა მერკელი ავღანეთში დაღუპული გერმანელი ჯარისკაცის დაკრძალვაზე. აქვე შეგიძლიათ ნახოთ მეორე ფოტო, სადაც ჩანს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის მშობელს ხვდება. არ ვიცი, ეს ფოტო სად არის გადაღებული, თუ არ ვცდები, ეს არის შეხვედრა აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების მშობლებთან, თუმცა ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

KvirisPalitra.Geმთავარი პრეზიდენტის სახეა, რომელიც შვილმკვდარ მამას ეხვევა და თან კამერებს უცინის. იმედია, სწორედ ასეთი არ არის მისი ნამდვილი დამოკიდებულება დაღუპული ჯარისკაცების მიმართ.

P.S. მართალია, წინა კვირას პრეზიდენტი დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვაზე არ მივიდა, მაგრამ მივიდა ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცებთან ერთად ივარჯიშა, შემდეგ ისადილა და ქართული ჯარის განვითარებაზე ისაუბრა. ბუნებრივია, ეს მოვლენა ყველა ნაციონალურმა მაუწყებელმა გააშუქა.