"მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება აუცილებლად გაერთიანდება" - კვირის პალიტრა

"მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება აუცილებლად გაერთიანდება"

ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება აუცილებლად გაერთიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ტრაგიკული დღე ისტორიაში. მისი თქმით, "ამით დაზარალდა მთლიანად საზოგადოება , რომელიც დღეს ხელოვნურად მავთულხლართებით არის გაყოფილი."

"მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"