საქართველო ნარკოტრანზიტის მთავარი დერეფანი ხდება? - კვირის პალიტრა

საქართველო ნარკოტრანზიტის მთავარი დერეფანი ხდება?

"საქართველო, რომელსაც ნარკოტიკების კონტროლის სისტემის რეფორმირება სჭირდება, ნარკოტრანზიტის მთავარი დერეფანი ხდება", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გავლით ნარკოტიკები გადააქვთ თურქეთში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში. მოხსენების ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველო-ირანის შეთანხმებას შეიძლება საქართველოში უფრო მეტი ნარკოტიკის შეტანა მოჰყვეს. ამავე ანგარიშის თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ ნარკოტიკები სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით მიედინება, მაგრამ ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია, რადგან რუსეთის ძალებს, დე ფაქტო მთავრობებსა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტრანზიტზე ინფორმაციის გაცვლა იშვიათად ან საერთოდ არ ხდება.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - ორი ვარიანტია: პირველი, რომ მართლა აქვს ამერიკის დეპარტამენტს ინფორმაცია, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები ამზადებენ ნარკოტიკების სატრანზიტო არხს  საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, ან მეორე და უფრო სარწმუნო, რომ დასავლეთსა და ამერიკას არ მოსწონთ საქართველო-ირანის გაცხოველებული ურთიერთობა.

ამ დასკვნაში სულ ციფრებშია გაწერილი ყველაფერი. ამერიკელები შეშფოთებული არიან საქართველოში ნარკოტიკების ამოღების რაოდენობით. ძალიან კარგად იციან, რომ ავღანეთიდან წამოსული ნარკოტიკი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით გადის ევროპაში. დასკვნაში წერია, რომ ნარკოტიკები დალუქული ტრაილერებით გადის ქვეყნიდან, ხოლო ამის გამოვლენა თითქმის არ ხდება.

ნარკოტიკების ამოღება იმდენად მცირეა, რომ ამერიკელების შეშფოთებასაც და გაღიზიანებასაც იწვევს. ამას ემატება საქართველოს მთავრობის წინდაუხედავი პოლიტიკა -  ვგულისხმობ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ამ დასკვნით ამერიკა საქართველოს მთავრობას ირიბად აფრთხილებს, რომ არ მოსწონს საქართველო-ირანის ურთიერთობის ახალი ფორმატი. საბოლოოდ ყველაფერი ეს ვარდება ვირტუალურ ყულაბაში, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში აუცილებლად გატყდება.

- ციფრები, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ახალი არ არის. ასეთივე მაჩვენებელი იყო შარშან, შარშანწინაც, მაგრამ მაშინ ასეთი სიმწვავით ეს საკითხი ამერიკის დეპარტამენტს არ დაუსვამს.

- აშკარაა, ამერიკამ მიდგომა შეცვალა თავის მოკავშირეებსა და მეგობრებთან. შეშფოთებულია, რომ  მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელები ისე მართავენ თავიანთ ქვეყნებს, რომ საზოგადოებაში ანტიამერიკულ განწყობას იწვევენ. მაგალითად, პაკისტანის რეჟიმს ამერიკელები კბილებით შეინარჩუნებენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეეცდებიან ხალხის უარყოფითი განწყობა სათავისოდ შემოაბრუნონ. თუ იქნება ხალხის მოთხოვნა და აგრესია მეგობარი ხელისუფლებების წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები ხალხის და არა მეგობარი ხელისუფლების მხარეს დადგება.