"ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა"

"ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ევროპული საქართველოდან" აცნობეს.

დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებულ მძიმე გაჭირვებას, უიმედობასა და უპერსპექტივობას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ხოლო "ევროპული საქართველოს“ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც რუსთავს, ისე მთლიან საქართველოს ახალი შესაძლებლობები.

"რუსთავმა წინა არჩევნებზეც დაამტკიცა, რომ ის არის წინ, მომავლისკენ ორიენტირებული ქალაქი და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც არ ეგუება გაჭირვებას და პრობლემას, ვინც იბრძვის საკუთარი ცხოვრების შეცვლისათვის და ყველაზე დიდ პატივს მე ვცემ იმ ადამიანებს, ვინც იბრძვის საკუთარი ცხოვრების შეცვლისათვის. ყველაზე ადვილია ხელის ჩაქნევა, იმედის დაკარგვა და თქმა, რომ არაფერი გვეშველება. ამიტომ, მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ვინც წინა არჩევნებზე უკვე თქვით, რომ აღარ შეიძლება ასე ცხოვრება, ამდენი პრობლემა და გაჭირვება და გადადგით ნაბიჯი, რათა გეცხოვრათ უკეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ იტყვით ამ სიტყვას ამ არჩევნებზე და შეცვლით თქვენ ცხოვრებას გარდამტეხი ცვლილებებით.

ჩვენი მიზანია, რომ ამ არჩევნებზე გავტეხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და ყველა პრობლემა, რომელიც ასე მძიმედ აწევს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყანა, სადაც არა ბიუროკრატებს, არამედ ჩვეულებრივ ხალხს ექნება კეთილდღეობა.

დღეს ჩვენ გვაქვს დანგრეული ეკონომიკა, რაც კიდევ უფრო დააზიანა კორონაპანდემიამ და მისმა არაეფექტურმა მართვამ. "ევროპულ საქართველოს" რუსთავისათვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ეს ქალაქი გამოვიდეს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან.

რუსთავში უნდა აშენდეს ახალი აეროპორტი, რათა ეს ქალაქი გახდეს აღმოსავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ჰაბი, სწორედ ამგვარი გეგმა გვქონდა ჩვენ ქუთაისთან დაკავშირებით, აქაც, რუსთავშიც, ჩამოვლენ უცხოელი ტურისტები, ჩამოვლენ შიდა ქართლში, განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. ქვეყანას სჭირდება ახალი შესაძლებლობები და ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი შესაძლებლობები, 100 000 სამუშაო ადგილი, დასაქმება და ამ ქვეყნის წინ წასვლა.

ამ ყველაფერს სჭირდება გუნდი და ჩვენი გუნდი გამოირჩევა ლიდერებით, სწორედ ასეთი ლიდერი გვყავს რუსთავში, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი უკომპრომისობითა და ბრძოლით, ეს არის ირმა ნადირაშვილი“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"