"მომავალში საქმე გვექნება ხელისუფლებასთან, რომელიც მეტოქის წაგების ხარჯზე დარჩა პოლიტიკაში"
"მომავალში საქმე გვექნება ხელისუფლებასთან, რომელიც მეტოქის წაგების ხარჯზე დარჩა პოლიტიკაში"
"ოპოზიციის დიდი ნაწილი აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდება და ჩავლილ მატარებლად დარჩება"

კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკაში სიახლეების მოლოდინი - ეს არის პოეტ დათო მაღრაძესთან საუბრის თემები. თუმცა მანამდე თავისი შემოქმედებითი ცხოვრების სიახლეები გაგვაცნო. პოეტი პოემისთვის "ბარაქიანი მიწა" 2020 წელს ინგლისურმა ყოველწლიურმა გამოცემამ Poetry on the Lake ("პოეზია ტბაზე") იუნესკოს კომიტეტთან ერთად გამოცემის მთავარი პრიზით - "ვერცხლის დრაკონით" დააჯილდოვა. მოტივაციაში ნათქვამია, რომ პოეტს საპატიო ჯილდო მიენიჭა გამორჩეული შემოქმედებისთვის, რამაც მისი ქვეყნის
ლიტერატურით სამყაროს დაინტერესება გაზარდა.

- ვფიქრობ, სანამ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას განვიხილავთ, ჩვენი ეპოქა ორიოდე სიტყვით უნდა დავახასიათოთ.
არსებობს პროცესების ეპიცენტრი და პერიფერია. ტენდენციები ყოველთვის ეპიცენტრში იბადება, იკვეთება და იწრთობა, შემდეგ ის ვრცელდება პერიფერიაში, რომელიც, თავის მხრივ, ეპიცენტრს თავის ერთგულებას ეფიცება, უმტკიცებს და ცდილობს
აჩვენოს, რომ რომის პაპზე­ მეტი კათოლიკეა. სწორედ იმ პერიფერიულ სამყაროში ვართ ჩვენ, რომელიც ეპიცენტრს ერთგულებას უმტკიცებს­ და არა მარტო უმტკიცებს, ეფიცება, რადგან საზოგადოებამ მორალურ პროცესებზე გავლენა დაკარგა, რაც მორალური ანარქიის წინა პირობაა. კერძოდ, ზნეობას ჩამორჩენილობას უწოდებენ, უზნეობას კი პროგრესს. ეს ბოლო დროს ტრენდული და მიღებული გახდა. არავის ახსოვს, რომ თავისუფლებისკენ გზა სწორედ ზნეობრივ კანონებზე გადის. უამისოდ არაფერია ღირებული და რაც მთავარია, ხანგრძლივი. ყველაფერი, რაც ახლა საქართველოსა და საზოგადოდ, სამყაროში ხდება, არის თავისუფლებისგან გათავისუფლების პროცესი, რაც სხვადასხვა ფორმით, ლოზუნგით თუ იდეით უფრო და უფრო იმკვიდრებს­ თავს. ლამის გაუფასურდა უფროსის, მშობლის პატივისცემა. ჩემთვის კი მშობლის პატივისცემის უფლების ძიება, მისი უპატივცემულობის გამართლება უკულტურობაა, რის დამკვიდრებასაც თავგამოდებით ცდილობენ ენჯეოები და მავანნიც მათთვის ფეხის აწყობას ცდილობენ. რაც უნდა ვიძახოთ ტრენდული ფრაზები ვითომ პროგრესულობის დასამტკიცებლად, რაც ფუნდამენტურია ადამიანურ ურთიერთობებში, ვერ ამოვძირკვავთ და, თუ ამას შევეცდებით, კარგს ვერაფერს მოვიმკით. რისი კანონიერი უფლებაც გაქვს, იმის ჩადენის დაუოკებელი სურვილი უკულტურობაა. ეს ძალიან თვალსაჩინოა. აქედან გამომდინარე, მოახლოებული არჩევნები არის სრულიად უინტერესო და უნიჭო სცენარს მორგებული.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ პოლიტკონიუნქტურა ბატონობს ყველგან და ყველაფერში: პოლიტიკაში, ლიტერატურასა თუ კინოში... ასე რომ, რა მხრიდან და ვისი ხელით შეიზღუდება ხელოვანი, ეკლესიის მოთხოვნით თუ სოციალისტური რეჟიმისგან, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. პოლიტკონიუნქტურა იგრძნობა, თვალში საცემია და რასაც უნდა დააბრალონ, თავგზას ვერ აგვიბნევენ, რადგან ჩვენ გვიცხოვრია საბჭოთა ქვეყანაში, სადაც სოციალისტური მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვდნენ, ეს კი სახელოვნებო სამყაროზეც აირეკლებოდა. ასეთივე შეზღუდვის მატარებელია ის დიქტატურა, რომელიც თანაბრად ვრცელდება ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ინტრიგა დაიკარგა, რამაც პოლიტიკური პროცესები უინტერესო გახადა. უკვე სცენარი გამოკვეთილია - ოპოზიციას, ფაქტობრივად, შანსი აღარ აქვს და სწორედ ამის ხარჯზე რჩება ხელისუფლებას ძალაუფლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გამარჯვებულია.
ფილარმონიაში, ერთ-ერთ შეკრებაზე განვაცხადე, ახალი ძალაა შესაქმნელი-მეთქი, რაც უფრო არტისტული შეფასება იყო, რადგან ჩვენი პროფესიის ადამიანები­ უფრო ადრე გრძნობენ მოახლოებულ საფრთხესაც და ვითარებასაც უკეთ აღიქვამენ. შესაძლოა დროს გავუსწარი, მაგრამ როგორც არტისტს მეპატიება, განსხვავებით პოლიტიკოსისგან. ამ სრულიად არეულ და ემოციაგამოცლილ ვითარებაში გამოსავალი იყო მესამე ძალის გამოჩენა, თუმცა მესამე ძალის გამოჩენა კი არა, მეორე ძალა გაქრა. ამიტომ დაიკარგა ინტრიგა. მეტიც, ამ შემადგენლობით ოპოზიციაზე საუბარი ფუჭია, რადგან ის გაცდენილია პოლიტიკას. ყველა მათგანი იმიტომ რჩება პოლიტიკაში, რომ უბრალოდ, არსებობდეს როგორც მიმქრალი პოლიტიკური სუბიექტი და გავლენა, ფაქტობრივად, აღარ ექნება.

ოპოზიციის დიდი ნაწილი აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდება და ჩავლილ მატარებლად დარჩება. ოპოზიციური სპექტრი სააკაშვილის ხელწერის შესანარჩუნებლად იბრძვის, თავად სააკაშვილს კი სურს ძალაუფლებაში ყველას გარეშე მოვიდეს. ამას ემსახურება მისი პოლიტიკური აქტიურობა, ამიტომ ჰპირდება მუდმივად მხარდამჭერებს ჩამოსვლას, თუმცა თავადაც კარგად იცის, რომ ვერ ჩამოვა. ჩამოსვლას სიმამაცე სჭირდება, ის თავხედია, მაგრამ არა მამაცი. ამ ორ თვისებას შორის კი ძალიან დიდი განსხვავებაა.

ასე რომ, პოლიტიკური ოპოზიციური პროცესი ძალიან დიდი სიჩქარით წაგებისკენ არის დაძრული და ასეთივე სისწრაფით ქრებიან მავანნი, უბრალოდ, მათი იდეოლოგიის გამტარებელ ტელევიზიებში განაგრძობენ არსებობას, მათი ქმედებები კი რეალობას აღარ ასახავს.
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ მომავალში საქმე გვექნება ხელისუფლებასთან, რომელიც მეტოქის წაგების ხარჯზე დარჩა პოლიტიკაში, რაც სრულიად არადემოკრატიულია.

- პრემიერობის კანდიდატებზეც გკითხავთ: გახარია, სააკაშვილი, ვაშაძე და, ალბათ, ხაზარაძე იბრძოლებენ პრემიერობისთვის. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
- რადგან ოპოზიცია, ფაქტობრივად, უპერსპექტივოა, არც ერთს არ გამოვყოფ - ყველას ერთ სივრცეში ვხედავ. ლიდერებიც და რიგითებიც ასეთ შთაბეჭდილებას­ ტოვებენ. თუმცა გამოვყოფ გახარიას, რომელსაც საქმის ორგანიზების, მოვლენების მკაფიო ფორმულირებისა და პრობლემების დანახვის უნარი აქვს. ეს ცხადი შეიქნა "კოვიდ-19"-თან ბრძოლისას, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ამ ვირუსის წინაშე ძალზე უსუსური ჩანდა­. დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით, მას ძალიან კარგი თვისებები აქვს. თუმცა ეს ქვედა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება, რომლის მიღწევებითაც ამ მთავრობის საკანონმდებლო დემაგოგიური ჯგუფი სარგებლობს.

შესანიშნავი პოეტის ლადო ასათიანის ლექსში "სალაღობო" შემთხვევით არ არის ნათქვამი: "მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა"... სიტყვა "უფროში" ქვეყნის, საზოგადოების განვითარების მუხტი ძევს. ქრესტომათიული მოცემულობაა, საზოგადოება არც ერთი ხელისუფლების მუშაობით არ უნდა იყოს კმაყოფილი; ვირუსთან ბრძოლით სახეშენარჩუნებული კი არა, სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება უნდა გვყავდეს.

- "კოვიდ-19" ახლაც გვიტევს და მასშტაბურადაც, პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ნაწილი კი ამას წინასაარჩევნო სპეკულაციას მიაწერს.
- ფანტასტიკის სფეროა, რომ სტატისტიკა ხელოვნურად გაზრდილია და ხელისუფლება საარჩევნოდ მანიპულირებს­ და ა.შ. ვირუსი არსებობს, სახიფათოა და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ მოსაზრებას ავრცელებენ, რაც უფრო მალე გაქრებიან, უკეთესი იქნება. ჩვენ გვჭირდება ახალი ძალა, რომელიც ბრძოლის და სიცოცხლისუნარიანი იქნება და ხელისუფლებაში დარჩენილ ძალას კონკურენციას გაუწევს. ქვეყანაში როგორმე უნდა დადგეს დრო, როდესაც წაგება-მოგების კი არა, გამარჯვების არჩევნებს ჩავატარებთ, როცა ამომრჩეველი მისთვის მისაღები ძალის მხარდასაჭერად მივა საარჩევნო ყუთთან და არა მიუღებელი ძალის შესაკავებლად. ახლანდელი შინაარსის არჩევნებით მიღწეული პოლიტიკური ცვლილება კი ქვეყანასა და ხალხს არაფრით არ წაადგება. როგორმე უნდა მივაღწიოთ და შეიქმნას სააზროვნო სივრცე, რომლის წიაღში დაბადებული პოლიტიკოსებიც ხელისუფლებას მშვიდობიანად გამოართმევენ ძალაუფლებას; რომლებიც იმ შეცდომების, გადაცდომებისა და ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, რაშიც "ქართულმა­ ოცნებამ" თავის ამომრჩეველს უღალატა, იმედი გაუცრუა, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის რეფორმის ჩაგდებით, რაც ინსტიტუციური მოწყობის საკითხი კი არა, ქვეყანაში ობიექტური სასამართლოს შექმნის აუცილებლობაა. ამაზე დგას თავად სახელმწიფო.
მე სწორედ იმ სისტემაში არსებული უსამართლობის გამო ვიდექი ქუჩაში 9 წელიწადს, "ოცნებამ" კი ეს უსამართლობის განცდა უვადოდ გააგრძელა, რაც სამართალს მოსპობს.

- "ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებით საზოგადოებას ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის იმედიც ჩაუკლა.
- დიახ, უამრავი რამით გაუცრუა... ჯანსაღი სასამართლო სისტემა დემოკრატიული განვითარების საყრდენია და მოსახლეობის შეკვეთაც სწორედ ეს იყო. მით უფრო, რომ "ოცნება" ისეთი მახინჯი მართლმსაჯულების მემკვიდრე გახდა, რომ მისი შეცვლა ღირსების საკითხი იყო.
"ოცნებამ" ამომრჩევლისთვის საქვეყნოდ მიცემული პირობა დაარღვია - დილით განაცხადა, პროპორციულ სისტემაზე გადავალთო, საღამოს კი ურცხვად გადათქვა - "ნიჩურტა" გვქონდა მიცემული და გადავიფიქრეთო. ეს იყო უნიჭო სპექტაკლი, რომლითაც სახელისუფლებო გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თავისი სიტყვის პატივისმცემელი არ არის.

ხელისუფლება ასე სწორედ მაშინ თამამდება, როცა ოპოზიციურ ნიშას ისეთი გუნდები იკავებენ, რომლებიც ამ ტვირთს ვერ ეზიდებიან და ნამდვილი ოპოზიციის შექმნასაც უშლიან ხელს. შესაძლოა აქაც არიან სამართლიანი ძალები, მაგრამ ისინი ვერ ქმნიან პოლიტიკურ ამინდს. ესენი კი არჩევნებიდან არჩევნებამდე ძალაუფლებას უხანგრძლივებენ ხელისუფლებას, რათა თავადაც იარსებონ. ამიტომ ვნატრობ იმ მესამე ძალას, რომელსაც თავისუფალ საზოგადოებასთან თანაცხოვრების კულტურა ექნება, განსხვავებით არსებული ხელისუფლებისგან, რომელმაც თავისუფალი საზოგადოების საპირწონედ ძველი სამართლის დოზირებით შენარჩუნება გადაწყვიტა.

ფსევდოოპოზიცია თითქმის მიმქრალია. ვფიქრობ, იქით მიდის ყველაფერი, რომ პოლიტიკურ არენაზე დარჩებიან ღირებულებების პატივისმცემელი ძალები და მედროვეები, დანარჩენს კი დრო დაალაგებს.

- არჩევნების შესახებ ვსაუბრობთ და, არ გამოგრჩებოდათ ხელოვნებიდან პოლიტიკაში წასვლის ტენდენციაც. რით ახსნით ამას?
- ეს ინდივიდუალურია და ბევრი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. რომელიღაც ეტაპზე შესაძლოა ხელოვანმა ჩათვალოს, რომ ფრაგმენტულად უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში, თუმცა ეს ვერ იქნება სამუდამო. ზოგჯერ ქვეყანაში დგება ისეთი ვითარება, რომ ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკურ პროცესში ჩართვამ შესაძლოა სარგებლობა­ მოიტანოს, თუმცა ყოველთვის ჯობია, ისეთი რეალობა გვქონდეს, რომ მათ ტრიბუნასთან დგომა არ დასჭირდეთ. მე იმისი უფრო არ მესმის, ვინც ძალადობრივ რეჟიმს ეგუება ან მასთან თანამშრომლობს, თორემ სხვა შემთხვევაში, ვინ რა ფორმით შეეშველება ქვეყანას, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ქვეყნის ბედი ადარდებთ - ნამდვილ ხელოვანს არ შეუძლია სამშობლოს, ხალხის სატკივარს გულგრილად უყუროს.
გიგლა
29 სექტემბერი 2020 12:07
კარგი სტატიაა ყველაფერსი ვეტანხმები ოპოზიცია არ არცებობს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?