"სააკაშვილი ჩამოგდებული მფრინავივითაა, თვითმფრინავი აღარ ჰყავს, მაგრამ ფრენა უნდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ჩამოგდებული მფრინავივითაა, თვითმფრინავი აღარ ჰყავს, მაგრამ ფრენა უნდა"

"მიშასთვის ძალაუფლება ნარკოტიკია, მიეჩვია ძალაუფლებით ტკბობას ხალხის ხარჯზე და რომ არა აქვს, "ლომკა" დაეწყო"

პოლიტოლოგები, ექსპერტები და სამართალმცოდნეები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და გაპრემიერება თეორიულადაც კი შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო. როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, სააკაშვილი მითური პერსონაჟია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, ბრალდებულიცაა და მისი პრემიერობა მაშინაც კი გამორიცხულია, სულაც "ოცნებამ" რომ დაუჭიროს მხარი. მაშ, რა უნდა ექსპრეზიდენტს, რისთვის იბრძვის და რა შედეგი შეიძლება მიიღოს მისმა გუნდმა არჩევნებში? - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ირაკლი გოგავა გვესაუბრება.

- სააკაშვილს რაც სურს, ნათელია: ფული და ძალაუფლება! ძალაუფლება მისთვის ნარკოტიკია, მიეჩვია ძალაუფლებით ტკბობას ხალხის ხარჯზე და რომ არა აქვს, "ლომკა" დაეწყო. ვერაფრით შეჰგუებია, რომ ის უკვე წარსულია. ძალაუფლების მოპოვებით შეპყრობილი, ნებისმიერი ავანტიურისთვის მზად არის. ხალხმა ის უკვე კარგად გაიცნო.

ცოტა ხნის წინ ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა საინტერესო რამ მითხრა: სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის შესამჩნევია ისეთი ქალების აქტიურობა, რომელთა პირად ცხოვრებაში სიცარიელე უნდა იყოსო. ასეთ ქალებს სჩვევიათ ჩანაცვლების ფენომენის ამუშავება, თუმცა ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, მამაკაცებისგან კი პასიურობას აწყდებიან... როცა ხედავენ ენერგიულ, შეუპოვარ, მოურიდებლად მოსაუბრე სააკაშვილს, ქვეცნობიერი მათ კარნახობს, რომ ის მოეწონოთ...

- სააკაშვილის გუნდის სია რა შთაბეჭდილებას გიქმნით? - "არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა" - ეს ფრაზა ზედმიწევნით გამოხატავს ქართველების დამოკიდებულებას "ნაცების" მიმართ.

"ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და მისი ადგილი ქართულ საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს.

- რატომ, ფიქრობთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტრანსფორმაცია არ განუცდია? - რა ტრანსფორმაცია! ეგენი ხელისუფლებაში რომ მიუშვა, გაცილებით დიდ სისხლის გუბეებს დააყენებენ, ვიდრე წინათ. დაიწყება ქონების საყოველთაოდ წართმევა. 300 000 კაცს რომ ციხეში გაუშვებ, ეს შეცდომა არ არის, დანაშაულია! 800 000 საქმეს რომ აღძრავ და ამდენ ხალხს ფულს წაართმევ, შეცდომა არ არის, დანაშაულია! 120 კაცს ქუჩაში რომ ჩაცხრილავ, დანაშაულია! კოდორის ხეობას და ახალგორს რომ გაყიდი, დანაშაულია! სიმწრით გაყვანილ რუსულ ბაზებს უკან რომ შემოაბრუნებ, ღალატია! ბირთვულ სახელმწიფოსთან ომში რომ ჩაებმები, ქართულ სოფლებს რომ გადააწვევინებ და შენ ამ დროს გორში დაფორთხავ, ეს ღალატი და სიმხდალეა! კიდევ რამდენი რამ ჩამო=ვთვალო...

- როგორ წარმოგიდგენიათ, "ნაციონალები" თავიანთი სლოგანის "დაავალე მიშას" პასუხად რა დავალებებს მიიღებენ და მათი შესრულების რესურსი თუ აქვთ? - ეს სლოგანი ჩემში ნეგატიურ განწყობას იწვევს.

მათი დავალებები და საქმე ასოცირდება ომთან, წამებასთან, პატიმრებთან, დიქტატურასთან, დევნილებთან, ქართული მიწების გაყიდვასთან, ეროვნული ინტერესების ვერცხლზე გაცვლასთან, გირგვლიანთან, რობაქიძესთან, მოლაშვილთან... ამ ყველაფერს ვერ გადაწონის იუსტიციის სახლი, სიღნაღის "კოსმეტიკა" და ბათუმის "შერატონი".

- ყველაფრის მიუხედავად, დღეს "ნაცმოძრაობა" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური დაჯგუფებაა. - ეს "ოცნების" დამსახურებაა! ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სწორედ "ნაცები" ყოფილიყვნენ მთავარი ოპონენტები. საზოგადოებამ კი ვერ ვივარგეთ და ვერ ვშობეთ სახალხო ძალა, რომელიც ერის მოაზროვნე ნაწილს გააერთიანებს.

ჩემთვის სანდო კვლევით, "ნაცებს" 7% აქვთ მთელ მოსახლეობაში, რაც ნიშნავს, რომ სამართლიან არჩევნებში 12-13%-ს აიღებენ, რადგან სტატისტიკურად ამომრჩევლის მხოლოდ 55% მიდის არჩევნებზე. რამდენს დაუწერენ ოქმებში, სხვა საკითხია.

- "ნაციონალები" ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. დღეს ვისი ზურგი, იმედი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნებში? - ევროპაში მას ყველა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა ერიდება. პოლონელი და შვედი ნეოლიბერალები ეკონტაქტებიან და "სახალხო პარტიის" ფორუმებზე ვიღაცებთან ერთად ფოტოებს იღებს. ამერიკაში ნეოკონსერვატორები უჭერენ მხარს - მაკკეინის ჯგუფი, რომელიც ახლა ტრამპის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. თითქოს სოროსთანაც აღადგინა კონტაქტი, უკრაინაში შეხვდა. რენდი შონემანს დიდ ფულს უხდის ლობიზმში და ამერიკულ კვლევით ცენტრებში თავის ექსპერტებს აფინანსებს. დროდადრო ფულით სტატიების გამოქვეყნებასაც ახერხებს, მაგრამ სულ უფრო უჭირს ამის კეთება, რადგან უკრაინაში შედეგს ვერ დებს. საქართველოშიც პერსპექტივა აღარ აქვს. ჩამოგდებული მფრინავივითაა. თვითმფრინავი აღარ ჰყავს, მაგრამ ფრენა უნდა.

- როგორ შეიცვლება პოლიტიკური რეალობა 2020 წლის შემოდგომის მიწურულს? - ამერიკელებს ჩვენთვის არ სცალიათ, თვითონ აქვთ დაძაბული არჩევნები 3 ნოემბერს. ევროპას სურს, საქართველოში სტაბილურობა იყოს. დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ზედიზედ 8 წელიწადს შეიარაღებული კონფლიქტების გარეშე გვეცხოვროს. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. "ნაცები" შეეცდებიან სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განვითარებას, მაგრამ არ გამოუვათ. 7%-იანი რეიტინგით ხელისუფლებაში რომ ვერ მოვლენ, თვითონაც კარგად იციან, თანაც წელიწადში თავიანთი ინფრასტრუქტურის შენახვას 200 მილიონ ლარს ახმარენ: ტელევიზიები, სხვა საინფორმაციო საშუალებები, პარტიული სტრუქტურები, ზონდერბრიგადები, დაზვერვა, აგენტები სახელმწიფო სტრუქტურებსა და პარტიებში, ლობი ამერიკასა და ევროპაში, უცხოელი მკვლევრებისა და ჟურნალისტების მოსყიდვა... ეს ყველაფერი ძვირი სიამოვნებაა. ამდენ ხარჯს 7-8 კაცის პარლამენტში გაყვანისთვის ხომ არ სწევენ?! მთავარია, აშშ-ში მშვიდად ჩაიაროს არჩევნებმა, იქიდან ცუდი სიგნალები მოდის. საქართველოში პოლიტიკური პაზლი ამერიკული სპექტრის მიხედვით ლაგდება და ამჯერადაც არ იქნება გამონაკლისი.

ხათუნა ბახტურიძე