"დარწმუნებული ვარ, ხალხი მიშაში ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის იმედს დაინახავს" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, ხალხი მიშაში ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის იმედს დაინახავს"

რატომ არ სურს "ევროპულ საქართველოს" სააკაშვილთან მოლაპარაკება და გაგრძელდება თუ არა დიალოგი უკვე არჩევნების შემდგომ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს თინა ბოკუჩავას ესაუბრა.

- ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა, ამიტომ დავთმეთ თბილისში 5 მაჟორიტარული ოლქი, რათა ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები წარედგინა. სააკაშვილის იდეა, რომელიც საჯაროდ თქვა კიდეც, ერთიანი სია იყო. სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალისთვის, და განსაკუთრებით ერთი პარტიისთვის, ეს მიუღებელი აღმოჩნდა. ახლა ყველა იბრძოლებს საკუთარი ხმების მოსაპოვებლად, მათ შორის, ჩვენც, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც უკვე 8 წელია ივანიშვილის დევნის ობიექტია. თუმცა მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ ძალასთან, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგია.

- ითანამშრომლებთ თუ არა "ევროპულ საქართველოსთანაც"?

- ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, არჩევნების შემდგომ კი ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან, რომელიც იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ.

- მზად ხართ, ამ მოლაპარაკებებისთვის დათმობაზე წახვიდეთ, თუნდაც სააკაშვილი არ გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? - ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, პრემიერ-მინისტრს წარადგენს ის პარტია, რომელსაც საუკეთესო საარჩევნო შედეგი აქვს. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე პარტია.

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის აქტიურობა წინასაარჩევნოდ უარყოფითად არ მოქმედებს პარტიის რეიტინგზე? - სააკაშვილი არის ქვეყნის განვითარების სიმბოლო და ასოცირდება რეფორმებთან, ამიტომ გადაწყვიტა, "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება.

- თუმცა "ოცნების" სტრატეგია - სააკაშვილი ჩამოდისო, ამართლებს, ამის შიშით მოიგო მმართველმა ძალამ ბოლო ორი არჩევნები... - საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ცხადყო, რომ ოპოზიციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მეორე ტური კი ივანიშვილმა გააყალბა და სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო სკამი უყიდა. ახლა ჩვენი ამოცანაა ამგვარი ხრიკების გამოყენება ვეღარ შეძლოს ივანიშვილმა...

- გავიხსენოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ პარტიაში გაჩენილი უთანხმოება. მაშინ გიგი უგულავამ თქვა, რომ "ნაცმოძრაობა" სააკაშვილმა დაანგრია. - 2003-2012 წლებში როგორი განვითარებაც ჰქონდა საქართველოს, ამ 8 წლის განმავლობაში რომ გვქონოდა, ბევრი მოქალაქე გაცილებით უკეთ იცხოვრებდა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ხალხი მიშაში ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანის იმედს დაინახავს. გიგი უგულავას აქვს საკუთარი პარტია და ელექტორატული სტრატეგია. ყველამ ერთ ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ და გვქონდეს ერთი მიზანი - ივანიშვილის დამარცხება.

- რას ელით არჩევნებისგან? - ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება! მას 8 წელი ჰქონდა და თუ რაიმე დადებითის გაკეთება სურდა, აქამდე გააკეთებდა. ამის ნაცვლად, მხოლოდ მისი გარემოცვა გამდიდრდა, ქვეყანა კი გაღარიბდა. ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს, მოსახლეობის 70% კი სიღარიბეში ცხოვრობს. ეროვნული ვალუტა დღითი დღე უფასურდება, ნაკლები საგარეო ინვესტიციები შემოდის. ერთადერთი ფრონტი, სადაც "ოცნება" ფსევდოწარმატებას ზეიმობდა, კორონავირუსია. ახლა განიცადეს სრული კრახი, როდესაც ასეულობით შემთხვევაა ყოველდღიურად და არანაირი გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნიათ...

- გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ, მაგრამ კვლევები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. - ჩვენ ვენდობით იმ კვლევებს, რომელთაც მაღალი კვალიფიციური ორგანიზაციები ატარებენ... ზურა ბიგვავას ჩატარებულ და კობახიძის ციტირებულ კვლევებს, ვისაც საღი აზრი აქვს, არავინ ენდობა. კვლევები, რომელთაც ჩვენ ვენდობით, ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ხალხს ცვლილებები სურს. ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენი მოსახლეობის 60%-ს კითხვაზე, თუ ვის მისცემს არჩევნებზე ხმას, პასუხის გაცემა არ უნდა. ეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია, რომელიც დაშინებულია ან უფრთხილდება ოჯახის წევრს, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, მაგრამ აზრს აუცილებლად გამოხატავენ 31 ოქტომბერს!