"თუ "ნაცმოძრაობა" ციდან დაეშვება, მასთან თანამშრომლობა შედგება" - კვირის პალიტრა

"თუ "ნაცმოძრაობა" ციდან დაეშვება, მასთან თანამშრომლობა შედგება"

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციამ დაპირისპირებისთვის კიდევ ერთხელ მოიცალა. ამჯერადაც ფრონტის ხაზი "ნაცმოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის გადის. ითანამშრომლებს თუ არა მომავალში "ევროპული საქართველო" "ნაციონალებთან", "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე გვესაუბრა.

- ოპოზიციაში დაპირისპირება კი არა, ურთიერთკრიტიკაა. ამომრჩეველმა სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ჩვენ შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს. მაგალითად, რა პლუსი აქვს "ევროპულ საქართველოსთვის" ან "ნაცმოძრაობისთვის" ხმის მიცემას. თუ ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, გარდაუვალი იქნება კოალიციური მთავრობა... მიშა ამბობს, რომ ივანიშვილის დამარცხებას მარტოც შეძლებს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ამისთვის საჭიროა კოალიციური მთავრობა და ის, რომ "ნაცმოძრაობა" ხიფათად არ იქცეს. თუ ეს ხიფათი გაჩნდა, არც "გირჩი", არც ბურჯანაძე, არც ელისაშვილი და არც სხვები არ ითანამშრომლებენ "ნაცმოძრაობასთან". თუ გვინდა #41-ის დამარცხება, არც ერთი ხმა არ უნდა მივცეთ ივანიშვილს, სააკაშვილს კი ნაკლები ხმა უნდა შეხვდეს.

- ეს დაპირისპირება ხალხს არ დააბნევს? - ყველა პარტია არ არის "ნაცმოძრაობა". გვაქვს იმის მაგალითიც, როდესაც 2018 წელს #5-ის ჯიბრზე #41 შემოხაზეს. ამიტომ ვეუბნებით, ეს გაითვალისწინონ.

- სააკაშვილთან მოლაპარაკებებს თუ ესწრებოდით და რატომ აღმოჩნდა მისი წინადადებები თქვენთვის მიუღებელი? - სააკაშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, რა დროს თანამდებობების გადანაწილებააო და მას რომ ჰკითხო, გიორგი ვაშაძეს ეს არ აპატია; მეორე მხრივ, ჩვენთან ამბობს, რომ უკვე გადაგვინაწილა თანამდებობები. "ევროპული საქართველო" მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, რომ მას თანამდებობების წინასწარ განაწილებაზე არ ესაუბრა. უბედურება ის კი არ არის, რომ მას პრემიერობა უნდოდა, არამედ ის, რომ აქტივი მის ყველა განცხადებას ტაშს უკრავს.

როცა "ნაცმოძრაობა" ციდან დედამიწაზე დაეშვება, იქნება თანაბარზომადი "ევროპულ საქართველოსთან", თანამშრომლობა შედგება; თუ ძალიან ბევრ ხმას მიიღებს და მთავრობის დაკომპლექტებისთვის ეყოფა, "ოცნებიდან" გადმოპორტირებულ პირებთან ითანამშრომლებს. რა თქმა უნდა, ამ ხალხს მიიღებს და ერთპიროვნულ მმართველობას გააგრძელებს.

"ევროპული საქართველო" ითანამშრომლებს ყველასთან ივანიშვილის წინააღმდეგ, ოღონდ მარტო ჩვენი თანამშრომლობა არ იქნება საკმარისი, ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს. წინა არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძემ 36% მიიღო, ჩვენმა კანდიდატმა - 12% და ჯამში 48% გამოვიდა, ეს კი ივანიშვილის დასამარცხებლად საკმარისი არ არის. ჩვენ სხვა პარტიებიც გვჭირდება, მათთვის კი სააკაშვილი მიუღებელია.

- სააკაშვილი თქვენი თანაგუნდელებისთვისაც მიუღებელია. გვახსოვს, გიგი უგულავამ პარტიის დანგრევაში სააკაშვილი დაადანაშაულა. - ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ყველა არ არის "ნაციონალი". სააკაშვილმა არც პრომეთეს მღვიმის, არც ოკაცეს კანიონის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მისი პლუსი ის იყო, როცა მასთან იდეები მივიტანე, ამის გაკეთებას დათანხმდა. ამიტომ გვქონდა საერთო წარმატებაც და დამარცხებაც.

სააკაშვილის განცხადებები არ არის ჩვენთვის მისაღები, მაგრამ ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ხმას მივცემ ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც პარლამენტში დადგება. ოღონდ მე ვეუბნები სააკაშვილს, რომ არ ღირს მისი კანდიდატურის დაყენება, რადგან ჩემი და "ევროპული საქართველოს" ხმები არ ეყოფა, დანარჩენების ხმა კი არ მივა სააკაშვილამდე. ამიტომ სააკაშვილი ან ბოკერია კი არ უნდა დავაყენოთ, უნდა ვიმსჯელოთ, ვისზე შევთანხმდეთ.

- მაგრამ "ნაციონალები" განმარტავენ, რომ ევროპის მაგალითის გათვალისწინებით პრემიერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს იმ ძალამ, ვინც ყველაზე მეტ ხმას აიღებს... - ჰო, მაგრამ ევროპაში კოალიცია რომ შედგება, ორი თვის მერე რომელიღაც პარტიიდან პორტირებულებთან არ აგრძელებენ თანამშრომლობას. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ 2003 წელს, როცა კოალიცია შევქმენით ბერძენიშვილებთან, კონსერვატორებსა და კობა დავითაშვილთან, ოღონდ როგორც კი შევარდნაძის მაჟორიტარები გადმოვიდნენ ჩვენთან, კოალიციის ტიპები დავტოვეთ თამაშმიღმა... ამიტომ აქ ევროპული წესით კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდება. ამას საფრთხე შეექმნება, თუკი "ნაცმოძრაობას" იმდენი დეპუტატი ეყოლება, რომ პორტირებულ "ოცნებასთან" ერთად შეძლებს ერთპარტიულ მმართველობას.