"ვინმემ რომ მითხრას, სამშობლო არ გიყვარსო, ენას ამოვგლეჯ" - კვირის პალიტრა

"ვინმემ რომ მითხრას, სამშობლო არ გიყვარსო, ენას ამოვგლეჯ"

"ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ გავჩუმდებით და ქვეყანას გავანიავებინებთ"

"ავაგორებთ იმ ტალღას, რაც ამ რეჟიმს შეცვლის"

"სახალხო კრების" წინააღმდეგობის კომიტეტები იმისთვის იქმნება, რომ ხალხის პროტესტი მშვიდობიანი რევოლუციით დაგვირგვინდეს", - განაცხადა "სახალხო კრების" ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელმა, ჭიდაობაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ:

- როდესაც ახლო აღმოსავლეთში ხალხმა გადაწყვიტა ხელისუფლება შეეცვალა, არც პოლიტიკოსები დასჭირვებია და არც წინააღმდეგობის კომიტეტები. არ ფიქრობთ, ხალხს მძაფრი საპროტესტო განწყობა რომ ჰქონდეს, "ზედმეტი ჩარევების" გარეშეც გამოვიდოდა ქუჩაში.

- ამდენმა უსამართლობამ და ძალადობამ ხალხი დააშინა. საზოგადოების დიდ ნაწილს უპერსპექტივობის განცდა აქვს. რევოლუციების ტალღა, რომელიც აღმოსავლეთიდან  დაიძრა, საქართველოს უახლოვდება და მას მზად უნდა შევხვდეთ, რათა არ დაანგრიოს ყველაფერი ღირებული, რაც გაგვაჩნია - ჩვენი ქვეყანა.

ხელისუფლება ქვეყანაზე ზრუნვის ნაცვლად იმას ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი მოიხვეჭოს, მაქსიმალურად გამოწუროს ეს ქვეყანა, მისი სიმდიდრე  სარფიანად გაყიდოს და თან ცალი თვალი ჯანდაბისკენ უჭირავს, რომ მერე იმ "ჯანდაბაში" უზრუნველად იცხოვროს.  ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ გავჩუმდებით და ქვეყანას გავანიავებინებთ. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქე,  ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ერთად უნდა დავდგეთ, თავი უნდა დავანებოთ ერთმანეთის ჭამასა და ღრღნას.

ერთმანეთის დაფასება და მოსმენა ვისწავლოთ. თანადგომით ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და ვთქვათ, რომ არ შევეგუებით უსამრთლობასა და ძალადობას. ზოგს აფრთხობს სიტყვა "რევოლუცია", მაგრამ მშვიდობიანი რევოლუცია არ ნიშნავს იმას, რომ იარაღით გამოვეკიდებით ვინმეს. ამით ბედნიერი ვერც ჩვენ ვიქნებით და ვერც ჩვენი ქვეყანა. რევოლუციაში ვგულისხმობთ მასობრივ პროტესტს უსამართლობის წინააღმდეგ, როდესაც ქართველი ხალხი იტყვის, რომ აღარ შეეგუება ძალადობასა და ქვეყნის ბედით თამაშს.

- ამის მისაღწევად ქართველი ხალხის ერთად დგომა მიგაჩნიათ საჭიროდ, მაგრამ "სახალხო კრების" წევრი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არ დადგება მათ გვერდით, რომლებიც მხოლოდ ორთქლის გამოშვებაზე ფიქრობენ.

-  არავითარი კავშირი არ გვექნება ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს, არაფრისმომტან მოლაპარაკებას აწარმოებენ ხელისუფლებასთან და ამით არსებობას უხანგრძლივებენ.

- მაშ, დაასახელეთ ის პარტიები, რომლებიც ორთქლის გამოშვებაზე მუშაობენ.

- ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად,  უგუნურებით თუ გონებადაბნელებულობით ვაჭრობას დაუწყებს "სახალო კრებას", ლაფს მოსცხებს და ხელისუფლების ჩამოშორების გზაზე ხელს შეგვიშლის, თვითონ გაუკეთებს საკუთარ თავს ლუსტრაციას.

"სახალხო კრება" ამ რეჟიმის დასრულებას იწყებს და ვინც ამათ უმსგავსობაზე პროტესტს გამოთქვამს და თავს არ დახრის, ის ჩვენი მოკავშირეა,

მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა "სახალხო კრებაში". ერთმანეთის ხელის შემშლელები კი არა, ძალის მიმცემები უნდა ვიყოთ და მაშინ გავიმარჯვებთ.

ჩვენთვის მთავარია, ქვეყანა არ დაგვენგრეს თავზე. ამის მიღწევა კი ყველა პატრიოტის დარაზმვითა და ყველაზე მაღლა სამშობლოს სიყვარულის დაყენებით შეიძლება. მე 30 წელი ვემსახურე ჩემს სამშობლოს და ვინმემ რომ მითხრას, ეს ქვეყანა არ გიყვარსო, ენას ამოვგლეჯ.

კარგად გვახსოვს, ეროვნული მოძრაობა იმიტომ იყო წარმატებული, რომ მასში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ქართული ღირებულებების დასაცავად და მზად ვართ ვემსახუროთ საქართველოს. ვგეგმავთ აქტიურობას, როგორ, ჯერ ვერ გავამხელთ, რადგან შესაბამისმა ორგანოებმა ხელი არ  შეგვიშალონ. ჩვენ გვაქვს თანამიმდევრული გეგმა და ავაგორებთ იმ ტალღას, რაც ამ რეჟიმს შეცვლის.

- ეს როდის იქნება?

- ძალიან მალე გაიგებთ ყველაფერს.