"შეგვიძლია, კუბოს თავი დავახუროთ" - კვირის პალიტრა

"შეგვიძლია, კუბოს თავი დავახუროთ"

"ეგვიპტელ ხალხს აქვს დიქტატორის მოცილების უფლება და ქართველ ხალხს - არა?"

"საარჩევნო სისტემაზე დიალოგი მოკვდა. შეგიძლიათ, დაახუროთ კუბოს თავსახური", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ. არადა, "ეროვნული საბჭო", კერძოდ კი კონსერვატორები, რომლის წევრიც კუკავა იყო, ისევ რჩებიან ე.წ. რვიანის ფორმატში, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე აწარმოებს დიალოგს ხელისუფლებასთან. ამბობენ, რომ ეროვნული საბჭოდან კუკავას წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ "რვიანის ფორმატში" მონაწილეობის პერსპექტივა ვერ დაინახა.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა:

- საარჩევნო გარემოზე საუბრისას ხელისუფლებამ გამოაცხადა საკუთარი პოზიცია, რომ  საარჩევნო კოდექსის რეფორმის პაკეტის ძირითად საკითხებში (რომელიც გულისხმობს არჩევნების ბიომეტრიული მოწმობებით ჩატარებასა და საარჩევნო ოლქების სისტემის ცვლილებას) არაფერი შეიცვლება. შესაბამისად, ყველა იმედი ამოწურულია. ამიტომაც უკვე შეგვიძლია, ამ კუბოს თავი დავახუროთ.

ხელისუფლებამ (რომელსაც შიშისგან აკანკალებს, ვაუჩერებს არიგებს და პენსიების ზრდას ჰპირდება საზოგადოებას) უკვე დაიწყო ლაპარაკი, საქართველოში ნებისმიერი რევოლუცია ტერორისტებისა და ბანდიტების დაგეგმილი იქნებაო და ამით მოსალოდნელი რევოლუციის დელეგიტიმაციას ცდილობს. თუ ეგვიპტელ ხალხს აქვს უფლება, მუბარაქი მოიცილოს და აირჩიოს ახალი მთავრობა, თუ ამ უფლებას სადავოდ არავინ ხდის ტუნისელებისთვის, ქართველები მეორეხარისხოვანი ერი ვართ?! ჩვენც გვაქვს პროტესტისა და რევოლუციის უფლება.

- ხალხი თუ არის ამისთვის განწყობილი.?

- საზოგადოება ძალიან უკმაყოფილოა, მაგრამ ინერტულია. ამის მიზეზი ხელისუფლებისადმი მისი დამოკიდებულება კი არა, ის არის, რომ ხელისუფლების შეცვლის რეალური იმედი არა აქვს. თუ გამოჩნდება რეალური ცვლილებების კონტურები, რომ ხელისუფლება შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების 90% მხარს დაუჭერს. ასეთი კონტურები ჯერ არ ჩანს და ამიტომაც არის თბილისის ქუჩებში მეტ-ნაკლები სიმშვიდე, მაგრამ ის, რაც დევნილებსა და სამარშრუტო ავტობუსების მძღოლებს გადახდათ თავს, სიმპტომატურია. უახლოეს კვირებში სხვა სოციალური ჯგუფების პროტესტის მომსწრენი გავხდებით. მაგალითად, ექიმების, რადგან თბილისის ყველა საავადმყოფო იყიდება და ექიმებს ქუჩაში ყრიან.

- ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომელთა მიზანი მხოლოდ ორთქლის გამოშვებაა.

- ძნელია ქალბატონი ნინოს ნათქვამის კომენტირება. ვიცი, რომ 25 ნოემბერს ორთქლის გამოშვებაში ბევრი სწორედ მას ადანაშაულებს. ის ქმნის საგაფიცვო კომიტეტებს და იმედია, გაფიცვებსაც დაიწყებს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა სწორი ნაბიჯი იქნება და არა მგონია, წინააღმდეგობის სხვადასხვა ფრონტი ერთმანეთს ვერ შეუთანხმდნენ... ხელისუფლებას რომელიმე პარტიის აქცია კი არა, საყოველთაო-სახალხო მღელვარება შეცვლის.

ახლა არის უნიკალური საერთაშორისო ვითარება - მთელი მსოფლიო მხარს უჭერს დემოკრატიულ ცვლილებებს აღმოსავლეთის ქვეყნებში და ეს ვითარება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. თუ გაზაფხულზე მასობრივი აქციები იქნება, დასავლეთი ვერ იტყვის, რომ ეგვიპტელ ხალხს აქვს დიქტატორის მოცილების უფლება და ქართველ ხალხს - არა.

სააკაშვილი ზღვარზე თამაშობს. ის, რომ რეფორმებს არ ატარებს და სამარშრუტო ტაქსების ტენდერში შარანგიებს (მოსკოველი ბიზნესმენი ძმები, რომლებიც ბევრ რამეს ფლობენ საქართველოში, ახლობლობენ სააკაშვილის ოჯახთან და სრულიად არასამართლიანი პირობებით იღებენ შეღავათებს სააკაშვილის რეჟიმისაგან) ამარჯვებინებს და გაღატაკებისკენ მიჰყავს ქვეყანა, მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. ამავდროულად, აძლიერებს რეპრესიებს და არიგებს ვაუჩერებს.

ეს მოასწავებს, რომ სააკაშვილს გააზრებული აქვს საფრთხე, მაგრამ მისი ფსონია, ან მთლიანად შეინარჩუნოს ხელისუფლება, ან ავიდეს გილიოტინაზე. შუალედური ცვლილებებისა და პოლიტიკური რეფორმებისათვის ის მზად არ არის.

- ბოლოს მინდა გკითხოთ, საკრებულოში დარიგებული რამდენიმე ათასლარიანი პრემია თქვენც გერგოთ?

- მე არ ამიღია, რადგან თანამდებობის მიხედვით დარიგდა და არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ სიმპათიებს.