"სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით შესაძლოა მივიღოთ ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში"
"სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით შესაძლოა მივიღოთ ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში"
"რუსეთმა შეიძლება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის განმტკიცება სცადოს, ჩააყენოს ე.წ. სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე და ასევე აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე, მათ შორის თოვუზის რაიონში, რაც ნიშნავს, რომ ის გარკვეულწილად გააკონტროლებს ენერგოდერეფნებს სამხრეთ კავკასიაში"

უკიდურესად გართულდა ურთიერთობა ჩვენს ორ მეზობელს - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები განახლდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სამხედრო იერიში­ აზერბაიჯანმა მიიტანა, თუმცა აზერბაიჯანი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. თვითგამოცხადებული ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივან ვაგრამ
პოღოსიანის ინფორმაციით, შეტაკება 27 სექ­ტემბრის დილით დაიწყო, დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტში. სოციალურ მედიაში­ გავრცელდა ქუჩებში საომარი ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. დაშავებულებსა და მსხვერპლზე,­ მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში, განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო,
გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამჯერად და რა გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე შექმნილი ვითარება, ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:


- აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ სამხეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების განახლება მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ვეჭვობ, რომ ამ პოლიტიკური მოთამაშეების სურვილების რეალიზაცია დაიწყო. ერთმნიშვნელოვნად რთულია იმის თქმა, თუ ვისი მხრიდან. არ არის გამორიცხული, ამ პროცესების უკან იდგეს რუსეთი, რომელსაც სურს სამხეთ კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ გაამყაროს საკუთარი გავლენა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც თურქეთის სურვილი, რომ თავისი გავლენა დაიბრუნოს ამ რეგიონზე, რისკენაც კარგა ხანია ისწრაფვის. დაწყებულია რუსეთისა და თურქეთის ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის, თუმცა მათ უკანაც საკმაოდ სერიოზული ძალები მოიაზრება. ერთი შეხედვით აშკარად არ ჩანს აშშ-ის ინტერესები, მაგრამ, მეორე მხრივ, შავი ზღვის გაკონტროლების მზარდ სურვილს ნატო არც მალავს. პარალელური სამხედრო წვრთნებიც ამაზე მიუთითებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, თუ ყარაბაღის კონფლიქტი მასშტაბურად განახლდა, ყველა მოთამაშე შეეცდება მეტი დივიდენდის მოპოვებას. წინა პლანზე იქნებიან თურქეთი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პარტნიორები არიან, მათი ინტერესები ბევრ საკითხში კვეთს ერთმანეთს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. პროცესების ლოგიკა გვაჩვენებს ასეთ რამეს: როგორც ჩანს, მსხვილ მოთამაშეებს თავუზის საზღვრის მონაკვეთში ეს კონფლიქტი არ აწყობდათ და პროცესები ისევ ყარაბაღში გადავიდა. თუ დაპირისპირება 3-4 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდა, ეს იქნება რიგითი ინციდენტი, მაგრამ თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, გაგრძელდა ყარაბაღის საზღვრის მთელ პერიმეტრზე და დაერთო ინტენსიური სამხედრო ოპერაციები, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ამით მსხვილი მოთამაშეები არიან დაინტერესებული. ასეთ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება.

- ჩვენთვის აზერბაიჯანიც და სომხეთიც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები არიან. როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში?
- მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო. დაპირისპირებულ მხარეებს თბილისი უნდა შესთავაზონ მოლაპარაკების პლატფორმად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შეთავაზებად დარჩება და საქმედ ვერ იქცევა, რადგან მოვლენების განვითარების ლოგიკა, თუნდაც რუსეთისა და გაეროს ბოლოდროინდელი ურთიერთობა ცხადყოფს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, მით უფრო, რომ სანქციების გამო ის ვერაფრით ახერხებს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას და მოქმედებს პრინციპით, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო.

თურქეთიც გეოპოლიტიკურ რეალობაში დაახლოებით ასეთ განწყობაზეა და მისი ამბიციები, როგორც რეგიონული ლიდერისა, მუდმივად მისივე პარტნიორების ინტერესებს ეჯახება.

- რა შეიძლება იყოს პროცესების განვითარების ყველაზე უარესი სცენარი?
- ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში. მოვლენების განვითარების სხვადასხვაგვარი მოდელირება შეიძლება. ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ - რუსეთმა შეიძლება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის განმტკიცება სცადოს, ჩააყენოს ე.წ. სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე და ასევე აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე, მათ შორის თოვუზის რაიონში, რაც ნიშნავს, რომ ის გარკვეულწილად გააკონტროლებს ენერგოდერეფნებს სამხრეთ კავკასიაში. არ არის გამორიცხული, ბოლოს და ბოლოს, ხელები გადაუგრიხოს აფხაზებსაც და დაითანხმოს ისინი რუსეთთან სრულ ინტეგრაციაზე. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს - დაბრუნდეს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში არა მარტო როგორც ოკუპანტი, არამედ მთავარი სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი და მოახდინოს ამ ქვეყნების ნაწილობრივი ოკუპაცია, რაც ნამდვილად არ აწყობს თურქეთს და ამის საწინააღმდეგოდ ძალ-ღონეს არ დაიშურებს. იმედი ვიქონით, რომ ამ სცენარის რეალიზაცია არ მოხდება.

გაჩნდა კითხვა, ეს პროცესები ჩვენს არჩევნებს ხომ არ უკავშირდება. ვფიქრობ, ეს ჩვენს არჩევნებს­ არა, მაგრამ შესაძლოა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ისევე, როგორც 2008 წელს, ამერიკა დღესაც საარჩევნო პროცესშია ჩართული და ნამდვილად ნაკლებად სცალია სამხრეთ კავკასიისთვის, რაც მშვენივრად იციან კრემლში. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნება სტოლტენბერგისა და გიორგი გახარიას შეხვედრა, რომელიც 29 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

- საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვე რჩება, თუმცა არჩევნებზე მეტად დღეს მოსახლეობას კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხე და ეკონომიკური ვითარება აშფოთებს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისედაც სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო დიდი სიდუხჭირისკენ მიაქანებს. შექმნილი ვითარება, მომავალი არჩევნების კონტექსტში, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ასე შეაფასა: "ხელისუფლების მთავარი წინასაარჩევნო პრობლემა არა ოპოზიცია, არამედ ორი ფუნდამენტური შიშია - სიკვდილის და შიმშილის შიში". მმართველი ძალა თუ ოპოზიცია რამდენად ადეკვატურად აფასებენ ვითარების სიმძიმეს და როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესები არჩევნების შედეგებზე?
- მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი თვეა დარჩენილი, ისეთი არაპროგნოზირებადი ვითარებაა, რთულია მოსაზრების გამოთქმა. შეიძლება ისეთი კატასტროფული ვითარებაც კი შეიქმნას, რომ არჩევნების ჩატარება საერთოდ საეჭვო გახდეს - კოვიდინფექციის გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში, შესაძლოა არჩევნების ჩატარებაც ონლაინ გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენთან არც მეთოდოლოგია გვაქვს ამისთვის, არც ტექნიკურად ვართ აღჭურვილი და ქვეყანაში არც ფსიქოლოგიური განწყობაა შესაბამისი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, გამაღიზიანებელი ის არის, რომ დღეს ხელისუფლებას ის ადამიანები უკიჟინებენ და მიუთითებენ შეცდომებზე, ვინც გაზაფხულზე მის შემზღუდავ ნაბიჯებს აკრიტიკებდნენ. ჩემი აზრით, იმ ეტაპისთვის ის ზომები მისაღები იყო, მაგრამ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება.
პანდემიის გამო გაცილებით ძლიერ ქვეყნებს აქვთ პრობლემები და ჩვენთან რაც ხდება, სულაც არ არის გასაკვირი. ეკონომიკას ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა, ჩვენი საბაზო მდგომარეობა­ ნამდვილად არ იყო ისეთი, პანდემიის ასეთ შემოტევას დიდხანს გავმკლავებოდით. იმ 4-5-თვიან მონაკვეთში როგორც გაუმკლავდა ხელისუფლება ამას, ისიც გასაკვირია. ეს დაგვიჯდა უდიდეს ძალისხმევად, უზარმაზარ ფინანსურ დანაკარგად. ამას ემატება აღებული საგარეო სესხი, გაჩერებული წარმოებები და საზოგადოებრივი ცხოვრება, ფაქტობრივად, გამქრალი ტურიზმი...

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც თავს იჩენს ძალადობის ფაქტების მატებაში... თუ გავაანალიზებთ იმას, რაც პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ხდება, შეიძლებოდა გათვლა, თუ როგორი ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნებოდა.
გია ხუხაშვილს ვეთანხმები, საზოგადოებაში შიში ნამდვილად არსებობს. შეიძლება ბევრი ამტკიცებს, რომ კორონა არ არსებობს და ვიღაც მასონებმა მოიგონეს, მაგრამ გულში ყველას ეშინია, რომ შეეყაროს ინფექცია, როგორ გადაიტანს. ამ შიშის გამოა შექმნილი ასეთი უარყოფითი ემოციური ფონი და ადამიანების ნაწილის ისტერიკული მდგო­მარეობა.

ჩვენს მეზობლებში - რუსეთში, სომხეთში და ა.შ. - თითქოს შეეჩვივნენ დანაკარგს... რაც სომხეთში მარტსა და აპრილში ხდებოდა, ის ხდება ჩვენთან დღეს - ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და არა - ინფიცირებულების რაოდენობას. ამას თან ერთვის მედიასაშუალებების უაღრესად ნეგატიური ინფორმაცია და დაძაბული ურთიერთობა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს შორის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყანაში ფეთქებადი ვითარებაა... აი, ამ ფონზე მივდივართ არჩევნებისკენ და რაც უფრო გაძლიერდება კორონავირუსის შემოტევა, მით უფრო დამძიმდება ეს ფონი. ვფიქრობ, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით კი - მმართველმა პარტიამ...

- ბრძანეთ, შეიძლება არჩევნების ჩატარება საეჭვო გახდესო... როგორ ფიქრობთ, "ქართულ ოცნებას" ეს ხელს აძლევს?
- არანაირად...
მთავრობას ახლა ხელს აძლევს არჩევნების ჩატარება, რადგან, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, დღეს მაინც უკეთეს მდგომარეობაშია. მეტადაც რომ დამძიმდეს ვითარება, შეიძლება "ქართული ოცნება" ინერციით ოქტომბრის ბოლომდე მაინც უპირატესობით მივიდეს და გამარჯვებაც მოიპოვოს.
არჩევნების, ვთქვათ, ექვსი თვის შემდეგ ჩატარება, როდესაც უმძიმესი ზამთარი გვაქვს გასავლელი, მათთვის გაცილებით მძიმე იქნება...

- აქამდე მთავრობა კორონავირუსთან გამკლავების საქმეში თავდაჯერებულად გამოიყურებოდა... როგორ აფასებთ ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებს კრიზისმენეჯმენტის თვალსაზრისით, ატყობთ თუ არა მმართველ ძალას დაბნეულობას?
- რაც ხდება, რეალობით არის განპირობებული. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც ანალოგიური ვითარებაა - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველგან მატულობს შემთხვევების რაოდენობა. წარმოუდგენელია, მუდმივად გაგრძელდეს სრული კარანტინი, არადა, აშკარაა, რომ გაზაფხულზე ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ აღიქვა, რეალურად რა ხდებოდა. ამის ნიშანია ის, რომ ახლაც გრძელდება მასობრივი ღონისძიებები და თავშეყრა წესების დაცვის გარეშე.
არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება დაბნეულია, მაგრამ მგონია, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან თავდაცვის რესურსი იწურება. საზოგადოების ნაწილის შეუგნებლობისა და ქვეყნის მწირი რესურსების ფონზე კიდევ კარგად ვართ. ხელისუფლების დიდ შეცდომებს ვერ ვხედავ. კრიტიკა ადვილია, თუმცა გვახსოვს პოლიტიკოსები, ახლა რომ ბევრს ლაპარაკობენ, როგორ იქცეოდნენ ექსტრემალურ ვითარებაში - თუნდაც აგვისტოს ომის დროს... ჩვენზე ძლიერ სახელმწიფოებს უჭირთ, მაგალითად, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, მაგრამ ევროპულ ქვეყნებში ხალხი თითქოს შეეჩვია კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას, საქართველოში კი ეს ჯერ არ მომხდარა.

- ამავდროულად, ოპოზიცია კვლავ დიდ დროს ანდომებს კინკლაობას. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის ურთიერთობა დაიძაბა... ოპოზიციის ნაწილი გვარიანად გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, როცა მან "პარტიულები" და "პოლიტიკანები" უწოდა ერთ დროს პარტნიორებს და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის სრული გამარჯვებისთვის და კოალიციურ მმართველობას არ განიხილავს. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ან "ნაციონალური მოძრაობა" აიღებს უმრავლესობას, ან საქართველო დაიღუპება," - განაცხადა მან.
- არ ვიცი, რა გათვლები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ამ გათვლებს ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ კონსტრუქციულ გეგმას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმატებას მოუტანდა. ამიტომ ხალხის ნაწილს კვლავაც ეშინია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების შემდეგ რაღაც უბედურება არ მოაწყოს. მათგან ჩვენ სხვას ვერაფერს ვისმენთ, გარდა იმისა, რომ "ქართული ოცნება" ცუდია და თვითონ კარგები არიან... მაგალითად, გიორგი ვაშაძე მუდმივად ლაპარაკობს კონკრეტულ სტრატეგიაზე. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სხვა საკითხია, მაგრამ ჩანს, რომ მას აქვს თავისებური გეგმა იმისა, როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე. იგივე ხდება "ლელოს" შემთხვევაში, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი არაფერი აქვს. ისინი მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არის რუსული ძალა, რაც საზოგადოების უმრავლესობაზე აღარ მოქმედებს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იმდენი პოლიტიკური შეცდომა, რაც ახლა დაუშვა სააკაშვილმა, მგონი, არც დაუშვია. არ ვგულისხმობ კატასტროფულ შეცდომას - 2008 წლის ომს.
სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, დაპირისპირება "ევროპულ საქართველოსთან" და სხვა ოპოზიციური ძალებისთვის შეურაცხმყოფელი ეპითეტების ძახილი არაერთ ამომრჩეველს ლამის აფიქრებინებს, რომ ის "შეკრულია" "ქართულ ოცნებასთან".

"ნაციონალურ მოძრაობას" დღეს არა აქვს დამოუკიდებლად გამარჯვების რესურსი, თუმცა ამის მტკიცებით რის მიღწევას ცდილობს სააკაშვილი, არ ვიცი. მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციას ერთი პირი არ ექნებოდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ასეთი დაპირისპირება გაუმართლებელია. მალე, მგონი, ლანძღვა-გინებას დაუწყებენ ერთმანეთს...

ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის საქმე წასულია. რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ­ თავისი ელექტორატი, მხარდამჭერები, მაგრამ ამათი კინკლაობის ყურებისას ისინიც შეიძლება დაიქსაქსონ, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს პოლიტიკური ძალების თანამშრომლობა, თუ არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბება გახდება საჭირო.

საქართველო დღეს არის ტერმინებს - ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის გაჩხერილი სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოდ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ეს განსაკუთრებით ჩანს პოლიტიკური კულტურის დეფიციტში. აქ კვლავაც მთავარია ხელისუფლებაში ყოფნა და არა - საქმის კეთება.

- გასულ კვირას "ნაციონალურმა მოძრაობამაც" დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები. რას ფიქრობთ მათზე? ვინაიდან მეტ-ნაკლებად ცნობილი არიან თითქმის ყველა ანგარიშგასაწევი ძალის კანდიდატები, როგორ ფიქრობთ, მაჟორიტარულ ოლქებში ბრძოლა მძაფრი იქნება? და ელით, რომ ბევრგან მეორე ტური გახდება საჭირო?
- დიახ, ველი... რაც შეეხება ოპოზიციის წარმატებას, ზოგიერთი სოციოლოგიური კვლევით, თბილისის რამდენიმე ოლქში ოპოზიციონერ კანდიდატებს აქვთ წარმატების შანსი... ვფიქრობ, რეგიონების ზოგიერთ ოლქშიც შეიძლებოდა ოპოზიციას შეთანხმებულად ემოქმედა, თუმცა ასე არ მოხდა, ამბიციებმა სძლია ყველას.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისინი აქილიკებდნენ "ოცნებას", ძველი სახეები წარადგინესო, მაგრამ თვითონ ვინ შეარჩიეს? კონკრეტულ პერსონებზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ მათგან ორი-სამი კაცი არსად გამოსაჩენი არ არის.
მოკლედ, რამდენიმე უაღრესად მძიმე ბიოგრაფიის ადამიანია ამ სიაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები