"საქართველოს არ სჭირდება რევოლუცია" - კვირის პალიტრა

"საქართველოს არ სჭირდება რევოლუცია"

"ოპოზიციის ზოგიერთი განცხადება იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი სიზმარში ცხოვრობს"

ცოტა ხნის წინ აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა განაცხადა, რომ ჩრდილო კავკასიის საკითხში საქართველოს პოლიტიკა რეგიონში დაძაბულობას უწყობს ხელს. მანამდე ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსებმა "ტერორისტებისთვის კორიდორის გახსნა" უწოდეს. რამდენად ეთანხმებიან  ამ შეფასებებს საქართველოს ხელისუფლებაში, ამის გასარკვევად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრ ნუგზარ წიკლაურს მივმართეთ:

- ქართული სახელმწიფოს კავკასიური პოლიტიკა ძალიან ტრანსპარენტულია და ეფუძნება ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას: რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვას, ჩრდილოკავკასიელ და ქართველ ხალხს შორის კულტურული დიალოგის აღდგენას, ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვნია, რეგიონულ უსაფრთხოებას. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოსთან.

რაც შეეხება აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელ კლაპერის განცხადებას, მასში (ყოველ შემთხვევაში, იმ მასალაში, რაც ყველა ჩვენგანისთვის იყო ხელმისაწვდომი) არ არის არანაირი კონკრეტიკა. ამიტომ დაინტერესებული ვართ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან აქტიური დიალოგი გვქონდეს იმ საფრთხეების თაობაზე, რომელსაც ხედავს აშშ-ის დაზვერვა. ამ საკითხში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და მალე გვექნება საშუალება, უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ჩვენი მეგობრებისაგან.

- საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ჩრდილო კავკასიის საკითხში ექსპერტები რუსეთის გაღიზიანების პოლიტიკას უწოდებენ.

- იმის გამო, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, უარს ვერ ვიტყვით თავისუფლებაზე.  რატომ აღიზიანებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოში შემოსასვლელი ვიზა 90 დღეზე ადრე აიღონ? თუ რუსეთიც გადაწყვეტს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეუშვას ქვეყანაში, ამას მხოლოდ მივესალმებით.

იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, ტერორისტული აქტების უკან საქართველო დგასო, ოფიციალურად მოვთხოვე კონკრეტული ინფორმაცია. ასევე ვთხოვე, როდესაც ჩვენს ქმედებებს პროვოკაციად აფასებთ, გვითხარით, რა შეიძლება იყოს კონკრეტულად მაპროვოცირებელი-მეთქი, მაგრამ ვერც ერთხელ პასუხი ვერ მივიღე.

- გასულ კვირას საპატრიარქოს დელეგაცია გაემგზავრა რუსეთში. რას ელით ამ ვიზიტისგან?

- ქართული ეკლესია ყველაზე ავტორიტეტული საზოგადოებრივი ინსტიტუციაა საქართველოში და მისი თითოეული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სიკეთის მომტანი გახდეს. სხვა ამბავია, რომ ჩვენს ეკლესიას, მის კეთილ განზრახვას მეორე მხარეს ყრუ კედელი ხვდება - რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი XXI საუკუნის მოდერნიზებული ფაშიზმის წარმომადგენლები.

- ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოზე დიალოგი არის კუბო, რომელსაც "თავი უნდა დაახურო".

- საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ კონსულტაციებში რვა პოლიტიკური ძალაა ჩართული. ორ კვირაში ხელისუფლება გამოაქვეყნებს თავის პოზიციას და დაიწყება აქტიური კონსულტაციები, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს - უკეთეს საარჩევნო კოდექსს. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილს, რუსეთის მეისრეებს, ქალბატონი ბურჯანაძის, ბატონი ნოღაიდელისა და "ქართული პარტიის" სახით, რომლებიც დღითი დღე იძენენ სლავურ შეფერილობას, არავითარი სურვილი არა აქვთ მონაწილეობდნენ ცივილიზებულ პოლიტიკურ პროცესში. მათ მხოლოდ არეულობა უნდათ, რათა მღვრიე წყალში უკეთ დაიჭირონ თავიანთი პოლიტიკური თევზები.

ხელისუფლება უკიდურესად მკაცრი იქნება იმ ადამიანებთან,  ვინც დაარღვევს კანონს და უკიდურესად ლოიალური იქნება მათთან, ვისაც სურს სიტყვის თავისუფლების გამოხატვა ქუჩაში.

როდესაც კუბოში ჩაჭედებაზე ლაპარაკობენ, თავიანთსავე პოლიტიკურ მომავალს წინასწარმეტყველებენ. თავიანთი ლექსიკითა და ქმედებებით ნამდვილად დაიმსახურებენ იმას, რომ ქართველი ხალხი მათ პოლიტიკურ კუბოში ჩააჭედებს საბოლოო ლურსმანს.

- ლევან გაჩეჩილაძემ მშვიდობიანი განცხადებით მიმართა დავით ბაქრაძეს, შენს გუნდთან ერთად ჩვენს მხარეს გადმოდი და ყველაფერი უსისხლოდ დავამთავროთო.

- ეს განცხადება ნიშნავს, რომ ეს ხალხი სიზმარში ცხოვრობს, წარმოდგენა არა აქვს მიმდინარე პროცესებსა  და იმ ადამიანებზე, ვინც პარლამენტში არიან. ორი წლის წინ ერთ ტელევიზიაში გამოქვეყნდა დეპუტატების ფოტოები, რომელთაც ერთვოდა დიქტორის კითხვა, "ესენი ვინ არიან?" - ასე გამოხატეს თავიანთი აგდებული დამოკიდებულება ხალხის არჩეული პარლამენტარებისადმი და ახლა ეუბნებიან, ჩვენს მხარეს გადმოდითო?

- ლევან გაჩეჩილაძემ დააანონსა საზაფხულო დასვენება სააკაშვილის გარეშე.

- საქართველოს არ სჭირდება რევოლუცია. მას სჭირდება დიალოგი წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის, ცივილიზებული არჩევნების ჩატარება და ევროპისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. საქართველო მე ევროპელი საზოგადოების ნაწილად წარმომიდგენია,  რევოლუციის მოსურნე ძალებს კი, ჩანს, ჩვენი ქვეყანა არაბული სამყაროს ნაწილად წარმოუდგენიათ.

- საზოგადოებამ ახლახან ოპოზიციის კი არა, ხელისუფლების მონაგარი იხილა მაღალჩინოსანთა სახლების ფოტოების სახით.

- ეს არის კობა ნაყოფიასა და იმ პირთა სახლების ფოტოები, რომლებიც პარლამენტში მოსვლამდე ბიზნესში იყვნენ. მათ ქონება არასოდეს დაუმალავთ და დეკლარაციაშიც უწერიათ. სახლის ქონა დანაშაული არ არის. მთავარია, ის ფული,  რითაც სახლები შენდება, არ იყოს უკანონოდ მოხვეჭილი და სახელმწიფოსთვის წართმეული. თუ ასეთ ფაქტებს ვინმე წარმოადგენს, ერთ-ერთი პირველი დავუჭერ მხარს ანტიკორუფციულ ქმედებებს.

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოში ელიტური კორუფცია? გამოგვეხმაურეთ