"საქართველოში მაგიდაზე მუშტს რომ დავარტყამდი, ყველაფერი სრულდებოდა..."
28-09-2020
"საქართველოში მაგიდაზე მუშტს რომ დავარტყამდი, ყველაფერი სრულდებოდა..."
უკრაინის ტელეარხ "უკრაინა-24"-ის ("Украина-24") პროგრამაში "უკრაინა ტიგრან პეტროსიანთან ერთად", 27 სექტემბერს ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა.
თავდაპირველად საუბარი შეეხო უკრაინაში 25 სექტემბერს მომხდარი თვითმფრინავ "ან-26"-ის ავიაკატასტროფას, რომლის შედეგად 30-მდე სამხედრო კურსანტი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით პროგრამის წამყვანმა ტიგრან პეტროსიანმა და მიწვეულმა სტუმარმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის თავდაცვის სფეროს მდგომარეობაზე იმსჯელეს.

"მე თვითონ მოყვარული პილოტი ვარ. შესაძლოა ავარია მეტალის დაღლილობამ გამოიწვია... საერთოდ, უკრაინას ბევრი ძველი, ანტიკური ხანის თვითმფრინავები
აქვს. როცა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენ გვსურდა უკრაინისაგან "მიგ-29"-ები გვეყიდა, რომელბიც უკრაინას ბევრი ჰქონდა. კიევის აეროპორტში ყველგან "მიგ"-ებს დაინახავდი - მარცხნივ და მარჯვნივ. ჰოდა, ვიფიქრეთ - რად უნდა უკრაინას ამდენი "მიგ-29", ჩვენ უფრო მეტი საფრთხე-მუქარების წინაშე ვდგავართ, მოდით, მათგან ვიყიდოთო. წარმოიდგინეთ, რომ 125 "მიგ"-იდან, რომელიც
უკრაინას ჰქონდა, გამართული აღმოჩნდა მხოლოდ ექვსი! მახსოვს შემთხვევა, როცა ლეონიდ კუჩმა ამბობდა - ტუზლის ინციდენტის დროს - ჩვენ ჰაერში "მიგ"-ებს ავაფრენთო, სინამდვილეში მას ჰაერში ასაფრენი თვითმფრინავები არ ჰქონდა, მისი სიტყვები, უბრალოდ, ბლეფი აღმოჩნდა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

პროგრამაში ისაუბრეს უკრაინის რეფორმების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შეადარა:
"მე წარმოვადგენ რეფორმების ეროვნულ საბჭოს - ჩვენ კი მხოლოდ მრჩეველის ფუნქცია გვაქვს. განა რა შეგვიძლია? საქართველოში მე რომ მაგიდაზე მუშტს დავატყამდი, ყველაფერი სრულდებოდა. ხელის მოწერაც კი არ მჭირდებოდა არაფერზე - ღამის ორ საათზე ვიტყოდი, დილის ექვს საათზე ჩემი ნათქვამის შესრულება იწყებოდა... აქ კი ვიღაცას უნდა შეუთანხმო, ურჩიო - მხარს ან დაუჭერენ, ან არ დაუჭერენ. რთულია მუშაობა. ყველგან ძველი კადრები ბრუნდებიან. ჩვენ შევიმუშავეთ კორუფციის საწინააღმდეგო რეფორმა, რომლის რეალიზების შემდეგ კორუფცია საბაჟოზე აღარ იქნება, ანუ, ის, რაც მე გავაკეთე ოდესაში. ცხადია, მთლიანად სისტემის ცვლილება ვერ შევძელით, მაგრამ ადილობრივად ეს რეალურად გავაკეთეთ. ამჟამად კი რა ხდება? შევიმუშავეთ მშენებლობის სფეროში კორუფციის საწინააღმდეგო კანონპროექტი, იდეა პრეზიდენტმა მოიწონა, მაგრამ დოკუმენტი სამი თვეა უწყებიდან უწყებაში დადის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი სართულიდან მეხუთეზე, შემდეგ ისევ უკან.. და ამას დასასრული არ აქვს. ჭკუიდან გადავდივარ, რა... ფრანც კაფკა ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი სისტემა იარსებებდა...

გარდა ამისა, იდიოტობად მიმაჩნია ევროკავშირის კანონების ასლის გადმოღება უკრაინისათვის... გვთავაზობენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც სულელურია. ასეთი კანონი კორუფციას გააძლიერებს. ევროკავშირის დირექტივებს ყველაფერში არ უნდა დავთანხმდეთ. უკრაინაში არსებულ ევროკავშირის მისიაში, სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით, 300 კაცი ზის და უკრაინის კანონებს წერს ისე, როგორც ავსტრიაში და შვედეთშია. ამ კანონებით ჩვენ ისე არ ვიცხოვრებთ, როგორც ავსტრიელები და შვედები ცხოვრობენ".

ტიგრან პეტროსიანი შეეხო უკრაინის მთავრობის სავარაუდო გადადგომის საკითხს და მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა - ხომ არ იგეგემება მისი დანიშვნა მინისტრთა კაბინეტში.
"მე უკვე ვყოყმანობ. მუდმივი კანდიდატი ვარ რაღაც თანამდებობეზე. სანამ უკრაინაში გავლენის ჯგუფები ძლიერი იქნება, მანამ ისინი არ დაუშვებენ, რომ რომელიმე ისეთ თანამდებობაზე დავინიშნო, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება შეიძლება... მაღალ თანამდებობაზე სამი მიზეზის გამო არ დამნიშნავენ: პირველი - მე ვიცი, როგორ გავანეიტრალო ჩემი არაკეთილისმსურველები, მეორე - დიდი გამოცდილება მაქვს და მესამე - ისინი კარგად მიცნობენ და იციან, რომ მათი წესებით არ ვითამაშებ. ვიცი, როგორ მივაღწიო შედეგებს. მათ სუსტი ადამიანები სჭირდებათ, რომლებსაც მანიპულირებას დაუწყებენ".

კითხვაზე - "რამდენიმე კვირის წინ ფართოდ იხილებოდა თქვენი საქართველოში დაბრუნების საკითხი პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დაგასახელათ. რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის რეალიზება", მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:
"იცით, რა ხდება დღეს საქართველოში? ბოლო გამოკითხვებით, რომელიც ფრანგებმა ჩაატარეს, ოპოზიციას [გამარჯვების] მეტი შანსი აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას თავიანთი ულტრანაციონალისტურ მოსკოვურ მომხრეებთან ერთად - ე.წ. პატრიოტების პარტიის სახით. ქართველები - იმის გამო, რომ მოსახლეობაზე ძლიერი ზეწოლა ხდება - ზოგჯერ კითხვაზე პასუხის დროს სიმართლეს არ ლაპარაკობენ, მაგრამ როგორც გამოკითხვით გაირკვა, 64%-ს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, თუ ვის მისცემს ხმას. ეს ძალიან მნიშვნელოვნი რაოდენობაა.

იცით, რა მოხდა საქართველოში? მე რომ პრეზიდენტი ვიყავი, საქართველოში ეკონომიკის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა. ჩემს დროს უცხოეთიდან უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა... დღევანდელი ხელისუფლების ხელში კი ეკონომიკა კი არ გაიზარდა, არამედ დაეცა და ქვეყნიდან მოსახლეობის თითქმის 20% წავიდა. მე ახლა ვნანობ, რომ თავის დროზე თვითონ წამოვაყენე [ევროკავშირთან] უვიზო რეჟიმის წინადადება. ვფიქრობდი, რომ ევროპაში ჩვენ ტურისტების სახით ვივლიდით. [ჩვენს მიერ რეფორმირებული] ქართული საბაჟო დღეს უკრაინაზე ბევრად კარგია, უფრო გამართულად მუშაობს, მაგრამ როცა ხელისუფლებაში, ზემოთ, უუნარო ადამიანები სხედან, ყველაფერი გაჩერებულია. მე უკვე ვთქვი, რომ თუ პრემიერი ვიქნები, მხოლოდ დროებით, გარდამავალ პერიოდში. ყველა კაბინეტზე ალერგია მაქვს.
საქართველოს წარმატება ბევრად არის დამოკიდებული უკრაინის მდგომარეობაზე. თუ უკრაინაში პოზიტივი არ იქნება, საქმე ცუდად იქნება საქართველოშიც. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო წარმატებული უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს. უკრაინა თუ დააცემინებს, საქართველოს ტემპერატურა უწევს. ჩვენ სუპერწარმატებული სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ როგორც უკრაინაში ყველაფერმა ჩამოშლა დაიწყო ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, მივხვდით, რომ საქართველო არავის ადარდებს. რატომ წააგო ჩემმა პარტიამ 2012 წელს არჩევნები? იმიტომ, რომ უკრაინაში "ბარდაკი" დაიწყო. ჩემი გული ორივე ქვეყანას ეკუთვის - საქართველოსაც და უკრაინასაც".

ჟურნალისტის შენიშვნაზე - "როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ყველა ოპოზიციური პარტია მხარს არ უჭერს თქვენს კანდიდატურას და მეორე - საქართველოში შეიძლება მაიდანი მოხდესო, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მე მიჭერს მხარს, ოპოზიციურ ფლანგში 80%-იანი გავლენა აქვს. ჩვენ შეგვიძლია ხმების 40% მივიღოთ და კოალიციური მთავრობა შეიქმნას. ეს დიდი წარმატება იქნება იმ დროს, როცა მე არ მიშვებენ საქართველოში და ბევრ ჩვენს მომხრეს დევნიან... თუმცა ჩვენ საქართველოში კარგი ახალგაზრდა კადრები გვყავს, ბოლო დროს ახალგაზრდებს ხშირად ვესაუბრები...".

საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხს:

კითხვა: "მიხეილ ნკოლოზოვიჩ, როცა თქვით, რომ საქართველოში განსაზღვრულ სიტუაციაში დაბრუნდებოდით, უკრაინაში სერიოზული საინფორმაციო კამპანია დაიწყო თქვენს წინააღმდეგ. ალბათ, წაიკითხავდით სოციალურ ქსელებში, მოისმენდით ტელევიზიაში შეფასებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტურისტია, გასტროლიორი..."
მიხეილ სააკაშვილი: "ამას ის ხალხი ამბობდა, რომლებსაც ჩემი დანახვა უკრაინის ხელისუფლების არცერთ ადგილზე არ სურდათ. ახლა კი გაიძახიან - სად მიდის, ვის ხელში გვტოვებს? აი, ასეთი თვალთმაქცები არიან. ისინი ძალიან ხარობენ, მაგრამ ნაადრევად. მე ისევ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ უკრაინის ცხოვრებაში. მე უკრაინა მიყვარს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ტოტო
30 სექტემბერი 2020 11:35
გაუგებარია,მოთხოვნა რის გამოც მაგიდაზე მუშტს ურტყავდით,სწორი იყო,თუ არასწორი მაინც სრულდებოდა ?
შემპასუხებელი არავინ იყო ? აბა აბსოლუტური მონარქია გვქონია იმ წლებში.
სტუმარი
29 სექტემბერი 2020 11:48
სწორედ მაგის საპასუხოდ დაგიბრახუნა ქართველმა ხალხმა თავში მუშტი 2012-ში!
სანდრო
29 სექტემბერი 2020 10:27
ეს არის კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება. ანუ - ხელმოწერა საჭირო არ იყო, მუშტის დარტყმით კეთდებოდა ყველაფერიო. ამის საფუძველი იყო მიშას პოზიცია - მე ვარ კანონი! ასეთივე განწყობა გადავიდა შემდეგ მის დაქვემდებურებულებზე, შემდეგ იმათ დაქვემდებარებულებზე და ამიტომ ქვეყანაში არ იყო კანონი და სამართალი, ირღვეოდა ადამიანების უფლებები ყველა მიმართულებით, მათ შორის სიცოცხლის უფლება.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?