"ოფიციალურმა თბილისმა მსოფლიო უნდა "მოქაჩოს" - ყარაბაღის კონფლიქტი და გავლენები საქართველოზე - კვირის პალიტრა

"ოფიციალურმა თბილისმა მსოფლიო უნდა "მოქაჩოს" - ყარაბაღის კონფლიქტი და გავლენები საქართველოზე

მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სამხედრო იერიში აზერბაიჯანმა მიიტანა, თუმცა აზერბაიჯანი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. მედიაში გავრცელდა ქუჩებში საომარი ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს აზერბაიჯანშიც.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება უპრეცედენტოდ სახიფათო სახეს იღებს. პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, მეზობელ კონფლიქტიურ რეგიონში 90-იანი წლების მერე ასეთი დაძაბული ვითარება არ ახსნდება. შესაბამისად ძნელია იმის პროგნოზი, თუ სადამდე მივა ვითარების ესკალაცია და რა ბედი ეწევა საქართველოს, რომელიც ფრონტის ხაზს სულ რამდენიმე ასეული კილომეტრით არის დაშორებული.

არსებული ინფორმაციით, ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. ჯერჯერობით არ შეინიშნება კონფლიქტში მსხვილი მოთამაშეების ჩართვა, თუმცა ვითარების დაძაბვის შემთხვევაში ეს გამორიცხული არ არის. ამიტომ პროცესების პარალელურად აქტიური ხდება კითხვა რა როლს შეასრულებენ რუსეთი და თურქეთი და რა საფრთხეები და გამოწვევებია საქართველოს წინაშე?!

"ყარაბაღში ვითარება შეიძლება უკიდურესად დამძიმდეს. მასშტაბი ისეთია რომ 90-იანი წლების მერე ასეთი ვითარება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, თუ დროზე არ მოხდა მსხვილი ქვეყნების ჩარევა, მაშინ ეს იქნება კატასტროფა. თუ ჩაერევიან, შეიძლება ვითარების ლოკალიზაცია მოხდეს. ფართომაშსტაბიანი ომის შემთხვევაში ლტოვილების პრობლემა დადგება, რომელიც იყო ასევე 90-იან წლებში. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ოფიციალურ თბილისს არც მაშინ უთქვამს უარი ლტლოვილების მიღებაზე და არც ამ შემთხვევაში იტყვის, თუმცა თავად ეს ადამიანები თავისი ქვეყნების დედაქალაქში ამჯობინებენ წასვლას და რაღაც ნაწილი რუსეთშიც გადავა. ამ ეტაპზე საქართველოს შეუძლია სამშვიდობო მისია იკისროს და შეაწუხოს მსოფლიო, რადგან ეს რეგიონებისთვის შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. ამიტომ ოფიციალურმა თბილისმა მსოფლიო უნდა "მოქაჩოს", - ამბობს მამუკა არეშიძე.

რაც შეეხება ჰუმანიტარული კორიდორის გახსნას, პოლიტოლოგის აზრით, საქართველომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას.

"ქართული ოცნება" ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც ქვეყანაში საომარი ვითარება არ შეუქმნია. კარგი იქნება თუ ასეთ ვითარებას ბოლომდე შეინარჩუნებენ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ რისკები და გამოწვევები უნდა გათვალოს და უნდა იზრუნოს, რომ საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა არ მიადგეს. ჰუმანიტარული კარიდორის გახსნაზე უარი უნდა ვუთხრათ, თუმცა იმის მეშინია რუსეთმა ძალა არ იხმაროს. ძალიან ორჭოფული მდგომარეობა გვაქვს ამ თვალსაზრისით. ასევე მხარეებს შეიძლება თბილისი შევთავაზოთ მოლაპარაკებების პლატფორმად, თუმცა მეეჭვება ეს მოხდეს. მსხვილ მოთამაშეებს განსაკუთრებით რუსეთს ეს არ აწყობს და არც დაუშვებს ამას", - გვითხრა კონფლიქტოლოგმა.

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის აზრით კი, ყარაბაღში ვითარების ესკალაცია მხარეებზეა დამოკიდებული, ამიტომ მას წინასწარ პროგნოზის გაკეთება უჭირს. "ყარაბაღში ვითარების ესკალაცია მხარეებზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება საბრძოლო მოქმედებები და რა შედეგები ექნება. ამ ეტაპზე დიპლომატიური მოლაპარაკებები შეწყვეტილია.

ეს კონფლიქტი თუ ფართომასშტაბიანში გადაიზრდება არა მარტო ლტოვილების შემოდინება დაიწყება, არამედ საქართველოს ჰუმანიტარული და ეკონომიკური პრობლემებიც შეექმნება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი და სომხეთიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან, ახლო ურთიერთობა გვაქვს, ისევე როგორც თურქეთთან. ამიტომ გააჩნია კონფლიქტი რამხელა იქნება.

ჰუმანიტარულ კორიდორს კი რუსეთი ვერ მოითხოვს, რადგან რუსეთს სომხეთის დაცვის ვალდებულება არ აქვს. ხოლო თუ დაპირისპირება დიდ ომში გადაიზარდა, შეიძლება, მაგრამ ახლა ამ მასშტაბით ეს ნაკლებლად მოსალოდნელია.

ოფიცილურ თბილისს კი ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონდეს არ იქნება ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც მეზობელ სახლს ცეცხლი უკიდია და შენ აქედან ნავთი დაასხა. უნდა ვიყოთ ნეიტრალურები და მაქსიმალურად გაწონასწორებულნი. რეგიონში უნდა იყოს სტაბილურობა, რადგან ეს ვითარება ჩვენზეც უარყოფითად აისახება", - ამბობს ბატიაშვილი.

იხილეთ ასევე: "თუ ყარაბაღის კონფლიქტმა გრძელვადიანი დაპირისპირების სახე მიიღო, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება"

(სპეციალურად საიტისთვის)