"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - ნუ იმალებით, გამოდით და დაგველაპარაკეთ, მე პირადად გიწვევთ დებატებში" - კვირის პალიტრა

"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - ნუ იმალებით, გამოდით და დაგველაპარაკეთ, მე პირადად გიწვევთ დებატებში"

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს - ნუ იმალებით, გამოდით და დაგველაპარაკეთ. მე პირადად გიწვევთ თქვენ დებატებში იმისათვის, რომ ადამიანებმა დაინახონ სად არის ჭეშმარიტება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო, პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, რადგან მათ მოქმედების გეგმა არ გააჩნიათ.

„ეკონომიკა არის ძალიან მძიმე კრიზისში და ეს მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, ლარის დევალვაციამ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. გაძვირდა საკვები პროდუქცია, წამლები და რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ადამიანები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ბოლო თვეების განმავლობაში, ლარის კურსი დაეცა 17%-ით, რამაც გამოიწვია ჩვენი მოქალაქეების დავალიანების გაზრდა 600 მილიონი დოლარით. ასეთივე ზარალი, ოღონდ 400 მილიონი დოლარი მიიღო ბიზნესმა, რომელიც ასაქმებს ხალხს. ჯამში, ჩვენმა ეკონომიკამ ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღო 1 მილიარდი დოლარის ზარალი. ეს იმ პატარა ეკონომიკისთვის და ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, არის უზარმაზარი დარტყმა. სწორედ ამ ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩააგდო, პასუხისმგებელია „ქართლი ოცნება“, რადგან მათ არ აქვთ გეგმა, არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და შეცვალონ სიტუაცია. ეს არის ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობაა, ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც ჩვენ შევცვლით ერთხელ და სამუდამოდ,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მმართველ გუნდს საგარანტიო, საკრედიტო ფონდის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, მოქალაქეებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა და სასწრაფოდ საჭიროა ამ გეგმის მიხედვით ყველა მოქალაქეს გაუკეთდეს სერიოზული რესტრუქტურიზაცია და გადაფინანსება მიმდინარე სესხების. ეს მოგვცემს საშუალებას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მოვხსნათ სტრესი ლარს და ქვეყანა გადავიდეს სტაბილიზაციის პირობებში. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც „ლელომ“ მთავრობას შესთავაზა ჯერ კიდევ 6 თვის წინ. სერიოზულად მიუდექით საგარანტიო, საკრედიტო ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მისცემს ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ნუ იმალებით, გამოდით და დაგველაპარაკეთ. მე პირადად გიწვევთ თქვენ დებატებში იმისათვის, რომ ადამიანებმა დაინახონ სად არის ჭეშმარიტება. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ვიცით, როგორ გავაჩეროთ ეკონომიკური კრიზისი, როგორ დავასტაბილუროთ ლარის კურსი და დავიწყოთ ქვეყანაში აღმავლობა,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"