როდის გაისვრის "ავრორა"? ანუ ქვეყნის ბედი მიშას ხელშია - კვირის პალიტრა

როდის გაისვრის "ავრორა"? ანუ ქვეყნის ბედი მიშას ხელშია

საქართველოს პრეზიდენტმა ინაუგურაციისას კონსტიტუციაზე დაიფიცა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. ამას გინდ რევოლუცია დაარქვით, გინდ სოციალური აფეთქება.

როცა ქვაბში ორთქლი გროვდება, ყველანაირი კანონით, თუ გარეთ არ გამოვიდა, ქვაბი სკდება. ამის კატალიზატორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო შემთხვევა. არაბული სამყაროს აფეთქება იმით დაიწყო, რომ ტუნისში, ერთ-ერთმა გარე მოვაჭრემ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მწვანილით დატვირთული ურიკა წაართვა, პროტესტის ნიშნად  თავი დაიწვა.

სოციალური ფონის პერმანენტული დამძიმება ზრდის ქვაბში ორთქლის დაგროვების ხარისხს. შესაბამისად, რადიკალური ცვლილებების გარეშე, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ყველანი ჯოჯოხეთურ 90-იან წლებში დავბრუნდეთ.

სააკაშვილმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ქვეყანას ეს საფრთხე ააცილოს, ანუ შეასრულოს დადებული ფიცი.

თევზი თავიდან ყროლდება და ალბათ, სააკაშვილმა მთავარით უნდა დაიწყოს - მთავრობაში დიდი წმენდა ჩაატაროს. პირველ რიგში ის ხალხი უნდა ამოაძროს სკამებიდან, რომლებიც მოვალეობას ვერ ასრულებენ. აგერ, ბურ ფერმერებს ლამის გული გაუსკდათ, ჩვენი რეგიონების ინფრასტრუქტურა რომ დაათვალიერეს და დიდი ალბათობით, გადმოსახლებაც გადაიფიქრეს.

გოგა ხაჩიძემ კი ისე "წარმატებულად" იმუშავა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია გახდა საჭირო, ნაკრძალები კი ლამის ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს (რეორგანიზაციის ინიციატორებიც მაგარი კომპეტენტურები ყოფილან). დევნილებში“ყველაზე არაჰუმანური პირის გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ვფიქრობ, სუბელიანი ბაღაფშსა და კოკოითისთან ერთად პირველ სამეულში გავა. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა ვერც ანტიკრიზისული და ვერც ანტიინფლაციური გეგმა წარადგინეს.

ასევე, პრეზიდენტმა ე.წ. ელიტურ კორუფციას და ბიზნესტერორისტებსაც უნდა მიხედოს. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ, რა სახსრებით აიშენეს ჩინოსნებმა სრასახლები, ვინ რომელ ბიზნესს უზის წილში, რა პრინციპით ჩატარდა მსხვილი ტენდერები და ა.შ. სააკაშვილი კი მათ ისევე უნდა მოექცეს, როგორც თავის დროზე შევარდნაძის ჩინოსნებს - მითვისებული მილიონების ნაწილი მაინც მოატანინოს სახლებიდან თუ ოფშორული ანგარიშებიდან.

რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენებს, უბრალოდ, ფულს აწერდნენ, დღეს კი მთელ ბიზნესს ართმევენ და აპატიმრებენ. მცოცავი ტერორი დაიწყო მსხვილი ბიზნესმენებით, გადავიდა საშუალო მეწარმეებზე და დღეს უკვე წვრილ საქმოსნებსაც მიადგა. ამ ბიზნესებს ხან პოლიცია-სასამართლოს ძალით ართმევენ, ხან -“ტენდერებით, რაც საკუთარ ტყავზე სამარშრუტო ხაზების მფლობელებმაც გამოცადეს. სააკაშვილი უნდა დაინტერესდეს თუნდაც თბილისში ჩატარებული ტენდერებით და იმითაც, ამ ტენდერებში ქალაქის ხელმძღვანელების მეგობრები მუდმივად რომ იმარჯვებენ.

კომპეტენტური ეკონომიკის მინისტრი, სავარაუდოდ, მოახერხებდა ანტიმონოპოლიური სტრუქტურის ეფექტიანად ამოქმედებასაც და კონკურენტი კომპანიები შეხმატკბილებულად ფასებს ვეღარ გაზრდიდნენ, პირიქით, ალბათ ბევრი პროდუქტი გაიაფდებოდა კიდეც. პრეზიდენტის ნების შემთხვევაში, მონოპოლიებიც ისევე ჩაჰბარდება წარსულს, როგორც "გაიშნიკები".

ქვეყანაში არსებულ დაძაბულობას განმუხტავდა მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტიებიც. თუნდაც ის, რომ არჩევნების ჩატარება ბიომეტრიული მონაცემებით უზრუნველყონ (თითოეული ადამიანის ბიომეტრიული მონაცემები უნიკალურია და ის გაყალბებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს).

რაც შეეხება თავისუფალ მედიას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პირდაპირ ვერ გამოვა და ვერ ეტყვის სამ ნაციონალურ არხს, ხვალიდან სიმართლე ილაპარაკეთო. თუმცა შეიძლება, ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში ჩააყენოს და სახელმწიფო ზემოხსენებულ ტელეკომპანიებს ირიბად არ აფინანსებდეს. ყველაზე კარგად ობიექტური ინფორმაცია იყიდება და შესაბამისად, სამი ტელეტყუპისცალიდან ორი მაინც, პროპაგანდისტობას თავისთავად გადაეჩვევა. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ მათი მეპატრონე კერძო ინვესტორი იქნება და არა კანცელარიიდან დანიშნული "ბიზნესმენი".

სააკაშვილმა იცის, რას ნიშნავს ქვეყნისთვის თავისუფალი სასამართლო, რომელიც 60 წელს გადაცილებულ ადამიანს 35-ლარიანი ფიცრის მითვისებისთვის 1-წლიან პატიმრობას არ უსჯის და პოლიციელის ჩვენებას ბრმად არ ენდობა.

ცვლილებები კიდევ ბევრი მიმართულებით არის საჭირო, რომელთა გადაწყვეტაც პრეზიდენტს სულ რამდენიმე თვეში შეუძლია. ეს შეამსუბუქებს სოციალურ და პოლიტიკურ დაძაბულობასაც და აღარ ვიმკითხავებთ, თუ როდის გაისვრის "ავრორა".