გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდა - რა განცხადებები გაკეთდა ნატოს შტაბბინაში
29-09-2020
გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდა - რა განცხადებები გაკეთდა ნატოს შტაბბინაში
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა
განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გიორგი
გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი,"- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მან საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

"იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის,"- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამ ძალიან პროდუქტიულ შეხვედრაზე ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრა და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთვნების წარმატებული ჩატარება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და იმაზე, რომ ეს პაკეტი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ, რათა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მოვემზადოთ. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას გავუსვით ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ნატო-ს გენერალური მდივნის მიმართ იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული. ასევე განვიხილეთ საქართველოს წინსვა ევროატლანტიკური ინერტრაციის გზაზე და დემოკრატიული რეფორმების პროცესში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები