"გუნ­დის გა­მოკ­ვე­თი­ლი ოთხი ლი­დე­რი რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას" - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" სიაში? - კვირის პალიტრა

"გუნ­დის გა­მოკ­ვე­თი­ლი ოთხი ლი­დე­რი რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას" - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" სიაში?

მიუხედავად იმისა, რომ პარტიული სიის ოფიციალურად გამოცხადებამდე სულ ცოტა დრო რჩება, "ქართული ოცნების" სრული სია პარტიის რიგი ლიდერებისთვისც კი კვლავ გასაიდუმლოებულია. როგორც ამბები.გე ადრეც წერდა, მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ არსებულ ვითარებაში პროპორციული სიით 70-მდე კაცს გაიყვანენ, ანუ უკვე დასახელებული პირველი ოცეულის გარდა, დაახლოებით კიდევ 50-მდე ადგილია დასაკომპლექტებელი.

ambebi.ge-ს წყაროს თქმით, გუნდის გამოკვეთილი ოთხი ლიდერი, ვინც სიაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, გიორგი გახარია და ცხადია, ბიძინა ივანიშვილი, რამდენიმე ამოცანის წინაშე დგას.

"მათი მიზანია, მოხდეს ისეთი გუნდის შეკვრა, რომელიც პირველივე კრიზისის დროს, ბზარს ისევე არ მიიღებს, როგორც ეს 2016 წელს დასახელებულ გუნდს დაემართა. გასაგებია, დღეს მმართველ გუნდს დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ თუნდაც სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რა მოხდება რამდენიმე თვეში, ამის პროგნოზირება უაღრესად რთულია, აქედან გამომდინარე, გუნდურობა და ერთგულება მათთვის მთავარი კრიტერიუმებია.

მეორე მიმართულება მძლავრი სპიკერთა კორპუსის ჩამოყალიბებაა - ყველასთვის ნათელია ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არაერთი პოლიტიკური ძალა მოხვდება საკანონდებლო ორგანოში და მძიმე ბრძოლებიც უხვად იქნება. პირველი ოცეულის ახალი სახეების უმეტესობას მძიმე დებატების გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, კიდევ რამდენიმე ახალი "მოლაპარაკე თავის" დამატება აუცილებელია.

მესამე და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქმედითი საგარეო გუნდის შექმნა, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაში იქნება და იპოვნის ბევრ მეგობარს დასავლურ პოლიტიკურ წრეებში. საუბარი არაა ინგლისურის კარგად მცოდნე - არმცოდნე ადამიანებზე, არამედ ლაპარაკია იმაზე, ვინ რას იტყვის და რას გააკეთებს პარტიის სასიკეთოდ.

ოთხეულის მეოთხე ამოცანაა მაქსიმალურად ნაკლები გუნდის წევრი დარჩეს გულნატკენი. გასაგებია, როგორც მოქმედი დეპუტატების სულ ცოტა ნახევარი ვეღარ მოხვდება პარლამენტში, ასევე ვერ მოხვდება უამრავი ახალი მსურველიც, ამიტომ ყველა მათგანთან სულ მინიმუმ ნორმალური კომუნიკაციაა საჭირო", - გვეუბნება წყარო.

რაც შეეხება ცალკეულ პერსონებს, საინტერესოა, 20/20-ის პარლამენტში მოხვედრის ვის რა შანსები აქვს. როგორც წინა კვირას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სიის ნახევარი ახალი სახეებით, ხოლო მეორე ნახევარი - მოქმედი დეპუტატებით დაკომპლექტდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოქმედი დეპუტატებიდან სიაში გარანტირებულად იქნებიან: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ბერაია, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი და სოფო კილაძე. მიდის მსჯელობა რამდენიმე მოქმედ მაჟორიტარზეც. მათზე პაარტიის ლიდერშიფს სრული ინფორმაცია აქვს და ისიც კარგად იციან, ვინ რამდენი დღე იყო თავის ოლქში და რა გააკეთა, სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი. ერთ-ერთი ვინც, სავარაუდოდ, სიაში იქნება, ეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევია. გაგრძელება