გინახავთ ის წიწილა, რომელიც ქორმა წაიღო და "წიავ-წიავს" იძახის? - კვირის პალიტრა

გინახავთ ის წიწილა, რომელიც ქორმა წაიღო და "წიავ-წიავს" იძახის?

ლევან ბერძენიშვილი ჩემი მეგობარია; თინიკო მომწონს, ხიდაშელი; დათო უსუფაშვილი ჭკვიანი კაცია; დათო ზურაბიშვილიც... მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალიან კარგად არის აღწერილი ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივ გამოფენაში", ანუ როცა ცხვირიც ჰგავს, პირიც და თვალებიც, მაგრამ "რესპუბლიკური პარტია" მაინც არ მევასება.

რატომ? ქართული სენის გამო - "ნიჭიერები არიან, მაგრამ ზარმაცები". მაგათ მეტს ვთხოვ, მეტი მინდა, ექშენი მინდა, ვნება, შიში და ძრწოლა, ხმაური და მძვინვარება... ესენი კი შვედური კონსერვატიული პარტიის წევრთა  სახეებით ლაპარაკობენ... ლაპარაკობენ... ლაპარაკობენ... არადა, დაგვექცა თავზე ქვეყანა! თუმცა, გასულ პარასკევს დავრწმუნდი, რომ ლაპარაკითაც გამოდის საქმე. "კავკასიაზე" უსუფაშვილი მიშა მაჭავარიანს დაეჯახა დებატებში. გინახავთ ის წიწილა, რომელიც ქორმა წაიღო და "წიავ-წიავს" იძახის? ასეთ დღეში იყო მიშა მაჭავარიანი. სად გაქრა ის მხნე და მოდემაგოგო პოლემისტი, რომელსაც უტიფრად შეეძლო შავზე თეთრის მტკიცება?  სტუდიაში იჯდა მურაბის ქურდობაზე წასწრებული ბიჭუნა და რაღაცებს ლუღლუღებდა.

უსუფაშვილი საბუთებით ელაპარაკებოდა, ქვას რომ გახეთქავდა, ისეთი ქაღალდებით. რურუას და გეგენავას "ბუტკების" ბიზნესიც ამხილა, სააკაშვილს რომ დედამისისთვის მიწა უჩუქებია, ისიც უთხრა, პარტიები და "ნაცმოძის" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე რომ ლაპარაკობენ და იმ ლაპარაკისას ხელისუფლება რომ თაღლითობს, ისიც დაუმტკიცა! მაჭავარიანი ნირწამხდარი პასუხობდა:  "გავერკვევი, დავაზუსტებ, ეს წერილი მე არ მომიწერია, ეს ფაქტი არ ვიციო". ეს ძალზე სასეირო სანახაობა იყო. მაგრამ განა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის არ არის ცხადი, რომ მიშას და მიშისტებს (სააკაშვილს ვგულისხმობ) არგუმენტები არა აქვთ? განა ნათელი არ არის, რომ მიშა  მხოლოდ ვანოზე დგას? ამიტომ მაინც უხალისოდ ვუყურებდი მაჭავარიანის "გატყეპას" პირდაპირ ეთერში.

ვფიქრობდი: აი, უსუფა ტრადიციული "რესპუბლიკური" ფრაზით დაამთავრებს: "მაგრამ ევოლუციურ ცვლილებებს ალტერნატივა არა აქვს, ჩვენ გვინდა რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გავცდეთ" და მისთ. და უცებ, ჰოი, საოცრებავ, "მშვიდობის მტრედი" და კონსტრუქციული ოპოს ტიპური წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი ამბობს, - "თქვენო, ყველაფერი რევოლუციისკენ მიგყავთო... ჩვენო, მოლაპარაკისტებს გვატყუებთო... გინდათ, ხალხმა ირწმუნოს, რომ ქუჩის გარდა სხვა გზა აღარააო... ცეცხლს ეთამაშებითო და დაგერხევათო ("ნუ, დაგერხევათო" არ უთქვამს, მაგრამ ასე გამოუვიდა)". მაჭავარიანს არ გაუპროტესტებია ეს. არ დაუწყია - "აბა, გაბედეთ, სულს ამოგხდითო..." იჯდა ასე თავჩაქინდრული.

მენიშნა ეს, ძვირფასო მკითხველო.

უსუფაშვილი რევოლუციაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს და მიშა მაჭავარიანი არ დასცინებს, "აბა, ვნახოთ, რისი თავი გაქვთო," ე.ი. მართლა ცუდადაა რესპუბლიკაში საქმე. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ბუქსაობს. რა თქმა უნდა, ის ჯერ ძლიერია... ფიშტოიანი კაცებიცა ჰყავს და აგიტაცია-პროპაგანდის კანტორებიც  ტელევიზიების სახით, მაგრამ მოქალაქეებისთვის  გამოწერილი ყოველი საჯარიმო კვიტანცია, ყოველი მომატებული თეთრი ბენზინგასამართი სადგურების ფირნიშებზე, გაერთიანებული კომუნალური გადასახადების თითოეული ქვითარი მას რევოლუციით ემუქრება. მეორე მიშა (მაჭავარიანი) ამას გრძნობს, მაგრამ რა ქნას?! ის თამაშშია, იმ სტადიაში, როცა უკან დახევის გზა აღარ არსებობს.

შალვა რამიშვილი