"არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ სამხედრო ტექნიკამ ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს"
29-09-2020
"არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ სამხედრო ტექნიკამ ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს"
არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ სამხედრო ტექნიკამ ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გავლისა, მიიღება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაადგილება, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში, ნიშნავს, რომ საფრთხეს უქმნის საქართველოს.

ფხალაძის განცხადებით, არსებობენ ძალები, რომლებსაც სომხეთ-აზერბაიჯანის
კონფლიქტით სურთ საქართველოშიც შემოიტანონ დაძაბულობა და ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, ვინ შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენ.

"საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის ჩვენი უსაფრთხოება და გათვალისწინება იმისა, რომ არსებობენ ძალები, პირველ რიგში მხედველობაში მყავს რუსეთი, რომლებსაც ამ კონფლიქტით სურთ დაძაბულობა შემოიტანონ საქართველოშიც. ამ სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად და თუკი ჩვენ
ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აზერბაიჯანს შეიძლება დაეხმაროს თურქეთი, სომხეთს შეიძლება დაეხმაროს რუსეთი და ა.შ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვინ შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენ ამ შემთხვევაში და რა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენ ხმამაღლა უნდა ვლაპარაკობდეთ მშვიდობის უზრუნველყოფაზე სამხრეთ კავკასიაში, უნდა ვიყოთ ამ იდეის ერთ-ერთი ფლაგმანები, ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიდეთ ინიციატივით და შევთავაზოთ ტერიტორია მოლაპარაკებისთვის და ზოგადად მსოფლიოს თანამეგობრობის ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ ეს კონფლიქტი შესაძლოა სხვა რამეში გადაიზარდოს და პრევენციული ღონისძიებები დროზე უნდა იყოს ამოქმედებული", - განაცხადა ფხალაძემ.

თენგიზ ფხალაძის აზრით, თავისუფლად არის შესაძლებელი საქართველო გამოყენებული იქნას სივრცედ, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, მაგრამ მისივე თქმით, მედიაციის მანდატი დღეს კრემლის ჯგუფს აქვს.

"საქართველო ერთგულია საერთაშორის სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების. აქ არის ორი რაღაც, რაზედაც გავამახვილებდი ყურადღებას - პირველი არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საზღვრების ურღვეობა და ამაში სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენს მეზობელს, აზერბაიჯანს და არის ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, დავების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება და სწორედ აი, ამ მეორე ნაწილში ჩვენ შეგვიძლია უფრო აქტიურები ვიყოთ. თავისუფლად არის შესაძლებელი საქართველო გამოყენებული იქნას სივრცედ, სადაც მოხდება მოლაპარაკებები, მაგრამ მედიაციის მანდატი დღეს კრემლის ჯგუფს აქვს, რომლის მონაწილეც საქართველო არ არის. მსგავსი მოლაპარაკებების საქართველოში წარმართვა წაადგება საქართველოს რეგიონალური ცენტრის ფუნქციას ", - განაცხადა ფხალაძემ.

გარდა ამისა, თენგიზ ფხალაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორია, გრძელვადიან პერსპექტივაში დაპირისპირების შედეგები ეკონომიკურ ვითარებაზეც აისახება და ასევე, რეგიონის მიმზიდველობას გააუარესებს.

ფხალაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ამ კონფლიქტის კონსერვაცია მალე მოხდება.

"1994 წლიდან დღემდე, თავისი მასშტაბებით ეს ყველაზე დიდი დაპირისპირებაა. ორივე მხარე ორიენტირებულია ბრძოლაზე, თუმცა იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება ამ კონფლიქტის კონსერვაცია. ამ კონფლიქტის გაღვივება რუსეთის ჩარევის გარეშე არასოდეს ხდება ხოლმე, თუმცა მნიშვნელოვანი მესიჯები იყო ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იქ გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომა დაინიშნა, რაც მაფიქრებინებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ეყოფა იმის ძალა, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტის კონსერვაცია მოახდინოს", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას კიდევ 26 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა საერთო ჯამში 84-მდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები