მილიონებით და მილიონების საშოვნელად? - რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში? - კვირის პალიტრა

მილიონებით და მილიონების საშოვნელად? - რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში?

რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში?! უკვე ათეული წლებია ეს კითხვა აქტუალობას არ კარგავს და როგორც ჩანს, ამ საკითხზე მსჯელობა მომავალ, მე-10 მოწვევის პარლამენტშიც გაგრძელდება. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატების სიები უკვე წარადგინეს და როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიების სიაში ვნახავთ ბიზნესმენებს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ადამიანები კერძო სექტორიდან საკუთარი ბიზნესის "დაკრიშვისთვის" მიდიან და ეს ადამიანები სათათბურე პირობების შექმნისთვის საპარლამენტო მანდატს წელსაც ხარბად დაეძგერებიან.

ბიზნესი და პოლიტიკა

უკვე ათეული წლებია ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ა/ო "საერთაშორისო გამჭირვალობის" ანგარიშის მიხედვით, მართალია, 2004 წლიდან მოყოლებული ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით შთამბეჭდავ წინსვლას მიაღწია და კორუფციის გარკვეული ფორმები (როგორიცაა, მაგალითად, წვრილმანი მექრთამეობა) არსებითად აღმოიფხვრა, მაგრამ საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ სახელმწიფო მართვის მაღალ რგოლებში კორუფცია არსებობას განაგრძობს.

"2012-2013 წლებში ჩატარებული "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ზოგიერთ საკვანძო ინსტიტუტში, მათ შორის სასამართლოში, მედიაში, პარლამენტში, საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში. საქართველოს მოქალაქეებს შორის გავრცელებული ამ განცდის ერთ-ერთი წყარო, სავარაუდოდ, საჯარო და კერძო სექტორების გაუმჭვირვალე ურთიერთქმედებაა.

საზოგადოება არაერთი შემთხვევის მოწმე გამხდარა, როდესაც, ერთი მხრივ, გავლენიანი ბიზნესმენები პოლიტიკოსები ხდებიან, მეორე მხრივ კი, პოლიტიკოსები მდიდარ და წარმატებულ ბიზნესმენებად იქცევიან საეჭვოდ მოკლე დროში, ხოლო პოლიტიკური კავშირების მქონე კომპანიები, სახელმწიფოსგან სხვადასხვა სარგებელსა თუ შეღავათს იღებენ. არასათანადო რეგულირებისა და არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, ამგვარი მდგომარეობა ამცირებს სახელმწიფო ინსტიტუტების კეთილსინდისიერების რწმენას მოქალაქეთა შორის, განურჩევლად იმისა, რეალურად აქვს თუ არა ადგილი კორუფციას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში", - აღნიშნულია ანგარიში.

მართალია, საქართველოზე ბევრად დიდ და ძლიერ სახელმწიფოს სათავებთანაც ბიზნესმენები დგანან, თუმცა ბიზნესმენთა პოლიტიკური ამბიციები თუ მისწარეფებების ფაქტები საქართველოს უახლოეს ისტორიაში უფრო უხვად არის.

ბიზნესიდან პოლიტიკისკენ

ბიზნეს სახეები და უკვე პოლიტიკოსები განსაკუთრებით ჭარბად "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გამოჩდნენ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი თავისი გარემოცვით, არც პირველი და არც უკანასკნელი ბიზნესმენია პოლიტიკური ამბიციებით. რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, ივანიშვილზე არანაკლები ქონება ჰქონდა დაგროვებული ბადრი პატარკაციშვილს, რომელმაც 2007 წელს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე გადაინაცვლა.

ამ პერიოდში ბიზნესმენი პოლიტიკოსები არ აკლდა გუნდში "ნაციონალურ მოძრაობასაც. თუმცა ბიზნესმა პოლიტიკაში ყველაზე მსხვილი წარმომადგენლობა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოიპოვა. 2012 წელს ივანიშვილმა გუნდში "ქართუ" ბანკის თანამშრომლებს უხმო. თუმცა მინისტრების გარდა აწ უკვე ყოფილი ბიზნესმენები გვხდებიან მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტშიც. ასეთი დეპუტატების სია კი საკმაოდ ფართოა. ილია წულაია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი, ისკო დასენი "მისო კრედიტის" დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი კომპანია "პსპ-ს" დამფუძნებელი და ბექა ოდიშარია, - ეს იმ ბიზნესმენების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია ვინც ბიზნესმენის სტატუსი პარლამენტის მანდატზე გაცვალეს. ამ სიას კი მალე საზოგადოებისთვის უცნობი თუმცა ბიზნეს წრეებში ცნობილი ადამიანები შეურთდებიან. ანტონ ობოლაშვილი, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე და ზაზა დუგლაძე საკანონმდებლო ორგანოს მანდატისთვის ბრძოლას მაჟორიტარული ოლქებიდან ოქტომბრის არჩევნებისთვის აგრძელებენ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ადამიანები კერძო სექტორიდან საკუთარი ბიზნესის დასაცავად მიდიან და სასათბურე პირობების შექმნისთვის საპარლამენტო მანდატს წელსაც "ხარბად დაეძგერებიან".

"რატომ მიდიან ბიზნესიდან პოლიტიკაში ამის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით ბიზნესმენების დიდი ნაწილი პოლიტიკაში მოდის იმიტიმ, რომ ამის მეშვეობით უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა საკუთარი ბიზნესის წარმატებით. ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს და ისინი პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის მიხედვით, თუ ვინ არიან ხელისუფლებაში. ეს ადამიანები კი ძირითათად მაჟოროტარულ ოლქებში გვხდებიან. ესენი არიან აპოლიტიკური ადამიანები და მათი ამოცანაა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სამწუხაროდ სანამ სისტემური ცვლილებები არ მოხდება, მანამდე ეს საკითხი აქტუალური იქნება. უახლოესი ისტორია ასეთი მაგალითებით არის სავსე", - ამბობს გია ხუხაშვილი.

მილიონერი დეპუტატები

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენს მას შემდეგ, რაც პარლამენტის მანდატს მოიპოვებს, კერძო სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება. ამიტომ ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში თავიანთ საკუთრებაში არსებულ ქონებას ოჯახის წევრებს უფორმებენ. თუმცა "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას დღესაც წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წარსულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს მყარად ინარჩუნებს.

რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, ივანიშვილისგან განსხავებით, მათი ქონება მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა ფულის ნაკლებობას არც ისინი უჩივიან.

ერთ-ერთია სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაიაა. 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 54 000 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატმა 2017 წელს დედაქალაქში 3 ბინა შეიძინა. ჯამში, უძრავი ქონების ყიდვა წულაიას 210 545 ამერიკული დოლარი დაუჯდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 1 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 16.66%-ს წავკისში და თბილისში მდებარე 101 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 25%-იან წილს. რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას 9 596.4 ლარი; 1 102 361.25 დოლარი; 6 537 ევრო და 1363.15 გირვანქა სტერლინგი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 20 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, წულაია 30 კომპანიის დირექტორი და 31 კომპანიის მეწილეა, თუმცა, წილის მმართველად სხვა პირი ჰყავს დანიშნული.

გამონაკლისია, შპს "არქი დეველოპმენტი", რომლის მართვაზე გაფორმებული მინდობილობაც დეკლარაციაში არ ფიქსირდება. ამ კომპანიის 59% ივლიანე წულაიას ეკუთვნის, მისი პარტნიორი კი შპს "არქი ინვესთმენთსია", რომლის 33,34%-იან წილს ასევე წულაია ფლობს, თუმცა, აღნიშნულ კომპანიაში საკუთარი წილის მმართველობა სხვაზე აქვს გადაცემული.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, წულაიას გასავალმა ხელმოკლე ოჯახების დახმარების მიზნით - 220 000 ლარი; ხოლო პარტიაში შენატანის სახით 60 000 ლარი შეადგინა.

დეპუტატს მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. დეკლარაციის თანახმად, ილია წულაიას მეუღლეს ეკუთვნის 1 746 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში და 1 151.47 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი. (წყარო)

დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი, კი რომელიც ცოტა ხნის წინ "ნაციონალურ მოძრაობაში გადაპორტირდა 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისმა ოჯახმა, გასული 1 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან 9.9 მლნ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. კახაბერ ოქრიაშვილი

რაც შეეხება დეპუტატის ქონებას და ფინანსურ მდგომარეობას, 30 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 677,2 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს წავკისში; 250 კვ. მეტრის ნაგებობას დმანისში; ჯამში 3 859 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთს წავკისში; 4 499 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ განთიადში და დმანისში მდებარე ორ ბინას. მის საკუთრებაშია ასევე: 21 811 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთი წავკისში.

ამასთან, ოქრიაშვილი ფლობს სს "ელექტრონიკა 94"-ის 21 და "პსპ დაზღვევის" აქციებს. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 36 933 ლარი; 6 875 დოლარი; 2 451 819 ევრო, ასევე 78 533 ევროს საკრედიტო და ნაღდი ფულადი თანხის სახით - 2 000 000 დოლარი ჰქონდა. კახაბერ ოქრიაშვილი რამდენიმე კომპანიის მეწილედ ფიქსირდება. მათ შორის არის - შპს "ალფას" 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც შემოსავლის სახით 409 248 ლარი აქვს მიღებული; მის საკუთრებაშია ასევე - შპს "მანდარინის" 100%-იანი, შპს "ჯისითი ინჟინერინგის" - 37,5%-იანი, შპს "პატრია მედიკას" 100%-იანი, შპს "მარგვეთის" 15%-იანი, შპს "სანიმედის" 100%-იანი, შპს PსP-ს 59%-იანი, შპს "აქსა მედიქალ-ის" 100%-იანი და შპს "სპორტს საიენს ჯორჯიას" 100%-იანი წილები, თუმცა, ამ საწარმოთა საქმიანობით დეპუტატს გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

გარდა ამისა, ოქრიაშვილს ეკუთვნის - შპს "პსპ ფარმას" 95%-იანი წილი, რომლის საქმიანობითაც - 2 527 000 ლარის შემოსავალი მიიღო; შპს "ჯეომედ ჯეომედის" 25%-ი, რომლის შედეგადაც 23 750 ლარის შემოსავალი უფიქსირდება, ხოლო მისმა როგორც სს "ელექტრონიკა 94"-ს აქციონერის შემოსავალმა 2019 წელს 64 898 ლარი შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას ყველა უძრავ-მოძრავი ქონების და იურიდიული პირების მართვისა და განკარგვის მინდობილობა აქვს გაცემული.

ამასთან, მისმა როგორც პარლამენტის წევრის, ფრაქციის თავმჯდომარის შემოსავალმა გასულ წელს 47 699 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის ოჯახს, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კახა ოქრიაშვილის მეუღლე ფლობს, 276 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართსა და 94,23 კვ. მეტრის ბინას თბილისში. არის შპს "ლინატის" 100%-იანი წილის მფლობელი, "ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობის" დირექტორი, ასევე შპს "ჯი-ემ-პი"-ს 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც 1 წელიწადში 6 956 200 ლარის შემოსავალი მიიღო. (წყარო)

საკანონმდელობლო ორგანოში დიდი აქტიურობით არასდროს გმოირჩეოდა, თუმცა ის სამგზის მე-7, მე-8 და მე-9 მოწვევის პარალამენტის დეპუტატია. სამჯერვე მაჟორიტარი გახლდათ, თუმცა პირველ 2 შემთხვევაში პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, მესამედ და მეოთხედ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. მას სავარაუდოდ, მომავალ პარლამენტშიც ვიხილავთ. ის კვლვაც მმართველი პარტიის მაჟორიტაორებისთვის იბრძოლებს. მისი "მარადიული დეპუტატობის" საიდუმლო მის ქონებაშია. სხვადასხვა მონაცემებით, გოჩა ენუქიძის ქონების ღირებულება დაახლოებით, 5 181 800 ლარია. ის, როგორც წესი, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია ხოლმე. მაგალითად, 2017 წლის 1, სექტემბერს მან "ქართული ოცნების" ანგარიშზე ჩარიცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივლისს კი 55 000 ლარი. მანვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" 60 000 ლარით დააფინანსა.

რაც შეეხება გოჩა ენუქიძის მონაწილეობას სამეწარმეო საქმინობაში, დეკლარაციის თანახმად, ის არის შპს გალაქსი ინვესტის 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა საანგარიშო პერიოდში ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია. ის არის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის 20%-აინი წილის მფლობელი. ასევე, ფლობს შპს იბერკომპანის 100%-იან წილს, შპს ალიანს მოტორს-თბილისის 12,5%-იან წილს, შპს კასლეთი 1-ის 45%-იან წილს, შპს არქი თაუერის 25%-იან წილს. მას რამდენიმე შპს-ში მინდობილობის სახით დადებული აქვს ხელშეკრულება. შპს-ების უმეტესობაში კი, დეკლარაციის მიხედვით, ის ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა. (წყარო)

კიდევ ერთი ბიზნესმენი და თანაც მილიონერი "ქართული ოცნების" დეპუტატი ისკო დასენია. დეპუტატი 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით ფლობს ერთ კომერციულ ფართს, ორ არასაცხოვრებელ ფართს და 2 ავტოფარეხს. მისი მეუღლის საკუთრებაშია ასევე 2 ავტოფარეხი და ერთ მიწის ნაკვეთს სიღნაღში, რომელიც აუქციონის წესით 2011 წელს 567 00 ლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების დროს დასენს "თიბისი ბანკის" ანაბარზე 102 293 ევრო ჰქონდა, მიმდინარე ანგარიშზე კი 4215 ლარი. სახელფასო შემოსავალმა მაგ დროისთვის შეადგინა 7828 ლარმა. რაც შეეხება მის ბიზნეს საქმიანობას როგორც ცნობილია ის გახლავთ შპს "მისო ლიდერ კრედიტის" დაფუძნებელი, თუმცა დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერია აღნიშნული გარდა ამისა, ისკო დასენსა და მის მეუღლეს, ლეილა არაბიანს 2012-2014 წლებში, შეძენილი აქვთ 4 ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდის სახეობა თამასუქი) - ჯამში 250 ათას დოლარად. ფასიანი ქაღალდის ემიტენტი არის შპს მისო ლიდერ კრედიტი.

რაც შეეხება "სამგზის მთაწმინდელის" ბექა ოდიშარიას ქონებას იგი მე-9 მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატია. მის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის – მიწის ნაკვეთები, სამი ავტომობილი და ძვირადღირებული ფერწერული ტილოები. ოდიშარიას საკუთრებაშია: 5 საცხოვრებელი ბინა, 3 კომერციული ფართი, 3 სამეურნეო ფართი და 6 მიწის ნაკვეთი. დეკლარაციის მიხედვით, მან 2013 წელს ორი ავტომობილი შეიძინა, რომელშიც სულ 77 000 დოლარი გადაიხადა, ხოლო 2014 წელს შეძენილ კიდევ ერთ ავტომობილში – 33 000 დოლარი.

მის საკუთრებაშია, ასევე, 50-მდე ფერწერული ტილო. ამ ტილოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 79 000 ლარია.

ის ფლობს, ასევე, ფასიან ქაღალდებს – სს ბათუმი ბულვარ საიდში (59 აქცია). 1 აქციის ნომინალური ღირებულება კი 12 900 დოლარია.

ამასთან დეკლარაციით ირკვევა, რომ მას გასული ერთი წლის განმავლობაში ფართის იჯარით მიღებული აქვს 75 000 დოლარი შემოსავალი. ასევე, 350 000 დოლარის ინვესტიციით, შარშან 105 992 ლარის შემოსავალი მიიღო.

2019 წლის დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება ფულის გასესხებით მიღებული შემოსავლები, თუმცა, 2017 წელს შევსებულ დეკლარაციას თუ შევხედავთ, დეპუტატმა 2016 წელს სესხად გასცა 170 000 დოლარი, საიდანაც სარგებლის სახით წლის განმავლობაში 24 724 დოლარი მიიღო. 2017 წლის 1 იანვარს ბექა ოდიშარიამ 2 წლის ვადით გაასესხა 270 000 დოლარი, თუმცა ახალ დეკლარაციაში ამ თანხის გასესხების შედეგად მიღებული სარგებელი არ არის მითითებული.

საჯარო სამსახურის ბიუროს ახალი ანგარიშის მიხედვით ბექა ოდიშარია იმ პარლამენტის წევრებს შორის მოხვდა, რომლებიც ქონებრივი დეკალარციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდნენ. ანგარიშის მიხედვით, ბექა ოდიშარიამ საკუთარი და ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ ასახა, საკუთარ ნაშთებში ცდომილება დაფიქსირდა და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშები არ მიუთითა. ასევე, საკუთარი და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა არ ასახა. ასევე, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლი არასწორად ასახა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)