"ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს, რადგან..." - ტრამპი, ბაიდენი და საქართველო - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს, რადგან..." - ტრამპი, ბაიდენი და საქართველო

29 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული დებატები ერთობ დაძაბული და ხმაურიანი აღმოჩნდა.

სატელევიზიო დებატების დროს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს "რასისტი და პუტინის ლეკვი" უწოდა.

დებატების დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები შეაჩერა, რადგან ტრენინგების დროს ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა. რესპუბლიკელი ოპონენტის ამ განცხადების საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მას რასისტი უწოდა.

"ამას სხვა არავინ გააკეთებდა, ის უბრალოდ რასისტია. ეს პრობლემები ქვეყანაში არსებობს და ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის შეურაცხმყოფელი სხვებისთვის. დონალდ ტრამპი განსხვავებული კანის ფერის ადამიანებს ზემოდან უყურებს", -განაცხადა მან.

ამასთან, დებატების დროს ბაიდენმა ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

"ტრამპის პრეზიდენტობისას ჩვენ უფრო სუსტი, ღარიბები და დაყოფილები გავხდით. ფაქტია, რომ პირისპირ ვხვდებოდი ვლადიმერ პუტინს და მკაფიოდ ვეუბნებოდი მას, რომ მისგან არაფერს მოვითმენთ. ტრამპი პუტინის ლეკვია. უარს ამბობს რამე უთხრას პუტინს იმაზე, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ლიკვიდირებაზე ჯილდო დააწესეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სოციოლოგთა ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო მარათონში ბაიდენია დაწინაურებული. როგორია ამერიკელი ხალხის დღევანდელი განწყობა, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის დარჩენის შემთხვევაში და რა შეიძლება მოხდეს თუ მას ჯო ბაიდენი ჩაანაცვლებს? ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

ირაკლი გოგავა: - საბედნიეროდ ამერიკაში არის სოციოლოგიური კომპანიები, რომლებიც ჯერ კიდევ აკეთებენ ობიექტურ კვლევებს. მაგალითად ბეჯნამინ ვოლფმაიერი, რასმუსენი... ამ კვლევებით ტრამპი ლიდერობს. გარდა ამისა, არსებობს, კომპანია კრაუდრისერჩის კვლევა რომლის მიხედვით ტრამპის მომხრეთა და ნეიტრალურთა დაახლოებით 11% მალავს რომ ტრამპს უჭერს მხარს, ეს კი ჯამში 40 მილიონზე მეტი ამომრჩეველია. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში ტრამპს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს ვიდრე 2016 წელს ჰქონდა. ამას კი თავისი მიზეზი აქვს: ტრამპი ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი პრეზიდენტია, ვინც დაპირებები შეასრულა. ირაკლი გოგავა კიდევ არსებობს ირიბი ინდიკატორები იმისათვის, რომ დაადგინო ვინ არის ლიდერი ხალხის მხარდაჭერით. მაგალითად: "დემოკრატების" წინასაარჩევნო ყრილობას ტელევიზიით უყურა 122 მილიონმა ადამიანმა, ხოლო "რესპუბლიკელების" ყრილობას კი 148 მილიონმა ანუ 20%-ით მეტმა, ფულადი შემოწირულობები "დემოკრატებმა" მოაგროვეს 800 მილიონ დოლარამდე, ხოლო "რესპუბლიკელებმა" 1,4 მილიარდი ანუ საგრძნობლად მეტი, მოხალისეები "დემოკრატებს" რამდენიმე ასეული ათასი ჰყავთ, ხოლო "რესპუბლიკელებს" ამერიკის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ეხმარება 2,2 მილიონი. ეს ფულად გამოსახულებაში თითქმის 6 მილიარდის ტოლფასია, რადგან ამერიკაში საარჩევნო აგიტატორის ხელფასი საათში 15 დოლარია საშუალოდ. ტრამპის საარჩევნო შეხვედრებს ათიათასობით ადამიანი ესწრება, ბაიდენისას ასეულობით. ტრამპი დაახლოებით 13-20%-ით არის წინ და სამართლიან არჩევნებში მოიგებს, თუმცა მეორე საკითხია იქნება თუ არა სამართლიანი არჩევენები და საერთოდ "დემოკრატები" აღიარებენ თუ არა დამარცხებას.

- ფიქრობთ, რომ სამართლიან არჩევენებს შაეიძლება საფრთხე დაემუქროს? - ამაზე ღიად საუბრობს ტრამპი და მისი გუნდი. "რესპუბლიკელები" შიშობენ, რომ ფოსტით ხმის მიცემას ოპონენტები გამოიყენებენ სათავისოდ. 80 მილიონი ბიულეტენი ფოსტით დაიგზავნა. ვის ხელში მოხვდება ეს ბიულეტენები? როგორ იმოძრავებს ამომრჩევლისგან საარჩევნო კომისიაში? ბევრი კითხვებია. ტრამპი მომხრე იყო, რომ უმრავლესობას ხმა პერსონალურად მიეცა პიროვნების დამადასტურებელი მოწმობით. ადრე ეს საკითხი საერთოდ არ იდგა. პირადობის მოწმობის გარეშეც კი აძლევდნენ ხმას იმდენად მაღალი იყო ნდობა არჩევნებისადმი და მხარეებს შორისაც.

- მხარეები აცხადებენ, რომ შესაძლოა არ აღიარონ არჩევენების შედეგები. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? - ასეთ შემთხვევაში შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს დიდ ქალაქებში, რადიკალები და მათი სპონსორები ამ სიტუაციას გამოიყენებენ. ძალიან მაღალია იარაღის კონცენტრაცია მოსახლეობაში. 330 მილიონ მოსახლეობას 500 მილიონზე მეტი იარაღი აქვს რეგისტრირებული. ბოლო თვეებში რამდენჯერმე გაიზარდა იარაღის გაყიდვები. თუ არეულობები დაიწყო 4 ნოემბრიდან 900,000 პოლიციელი და 400,000 ეროვნული გვარდია შეიძლება არ ეყოს სიტუაციის გაკონტროლებას. არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსმა გენერალმა მილიმ კი განაცხადა, რომ არმია არ ჩაერევა არჩევნების საკითხში. თუმცა არმიის მთავარსარდალი პრეზიდენტია და მას შეუძლია პირდაპირ უბრძანოს ჯარს შევიდნენ ქალაქებში წესრიგის დასამყარებლად. ამის მაგალითები ამერიკის ისტორიაში იყო.

- სხვა უფრო მშვიდობიანი გზაც თუ არის? - კი, შეიძლება უზენაეს სასამართლოში გაირჩეს ყველა საარჩევნო დავა. ამერიკას უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავს. ერთ-ერთი ახლახანს გარდაიცვალა და ტრამპმა ახალი დაასახელა, რომელიც სენატმა უნდა დაამტკიცოს. 9 მოსამართლეს შორის 6 კონსერვატორი იქნება და 3 დემოკრატი. თუ დემოკრატიული პარტია რადიკალებს გაემიჯნებიან, პროცესები შედარებით მშვიდობიანად წავა, თუ არა და შეიძლება ძალიან გამწვავდეს ვითარება.

- გამწვავებისას რა შეიძლება მოხდეს? - ყველაზე არასასურველი ისტორია განმეორდება, როდესაც 1860 წელს აბრაამ ლინკოლნის არჩევის გამო დაიწყო სამოქალაქო ომი. არსებობს კიდევ ნორვეგიელი სოციოლოგის იოჰან გალტუნგის პროგნოზი, რომელმაც ამერიკის იმპერიის დაშლა იწინასწარმეტყველა ორი ათწლეულის წინ. ამ გალტუნგმა, სხვათა შორის, 1980 წელს მოსკოვის კონფერენციაზე თქვა, რომ 10 წელიწადში ბერლინის კედელი დაინგრეოდა და სსრკ დაიშლებოდა. ასევე იწინასწარმეტყველა 11 სექტემბრის ნიუ-იორკის ტერაქტი. იმედია, ამ შემთხვევაში ის შეცდება. მხარეების პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და რადიკალებს არ მისცემენ გასაქანს.

- როგორ აისახება ესა თუ ის შედეგი ჩვენს რეგიონზე, სახელდობრ კი საქართველოში არსებულ ვითარებაზე? - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდეს, რადგან ჩვენი სისტემა დღეს სწორედ ამ სახელმწიფოზე და ამ სახელმწიფოს მიერ არის აწყობილი. უმჯობესია ტრამპის წარმატება, რადგან ის ჩვენთვის ძვირფას იდეოლოგიას ქადაგებს "ღმერთი, ოჯახი, სამშობლო". ტრამპის ხელში ამერიკა ძლიერი იმპერია იქნება. ჩვენ გენეტიკური ცოდნის დონეზე გვაქვს გამოცდილება დიდ იმპერიებთან ურთიერთობის და ეს კარგად გამოგვივა. აი ბაიდენის უკან მდგომი ხალხის ლიბერალიზმი კი ცბიერი იდეოლოგიაა, რომელიც საზოგადოებას შიგნიდან რყვნის, ნელ-ნელა ათითოკაცებს და მოაზროვნე ეროვნული საზოგადოების ნაცვლად ბიომასის მიღებას ემსახურება. ზოგადად საქართველოში მოაზროვნე ხალხს ესმის ამერიკის ამ არჩევნების უდიდესი მნიშვნელობა საქართველოსთვის და ეს კარგია. მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იყოს ინფორმირებული და მათი აზრით მანიპულირება არ მოხდეს.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის თქმით, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა უფრო სტაბილური გახდება, რადგანაც ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენის სტილი უფრო რბილი და მოლაპარაკებებზე, კომპრომისებზეა აგებული. თორნიკე შარაშენიძე

- თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, დაიწყებს მორღვეული კავშირების აღდგენას, რომელიც ტრამპმა შეგნებულად მოშალა. ამერიკა უფრო სტაბილური გახდება ევროპელებთან მიმართებაში. არ არის გამორიცხული ბაიდენმა თავიდან დაიწყოს მოლაპარაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ასევე. არ არის გამორიცხული, დაიწყოს ახალი სავაჭრო შეთანხმება ამერიკასა და ევროპას შორის, რაც ობამას დროს ხდებოდა. ეს იქნება ევროპასთან შერიგების პოლიტიკა.

ტრამპი თუ მკაცრ განცხადებებს აკეთებს და ევროპელებს უცხადებს, რომ მათ თავად უნდა დახარჯონ ფული საკუთარ შეირაღებაზე, ბაიდენის ტონი იქნება რბილი და მეგობრული, განსაკუთრებით მოკავშირეებთან. ამერიკა ურთიერთობას შეცვლის ირანთანაც. ჩვენ გვახსოვს, როგორ დაალაგა ობამამ ირანთან ურთიერთობა, მაგრამ ტრამპი ყველა შეთანხმებიდან გავიდა.

- რაც შეეხება ჩინეთს, რომელთანაც დანარჩენი მსოფლიო აპირებს ურთიერთობების გადალაგებას. ამ მიმართულებით რას შეიძლება ველოდოთ ბაიდენის მხრიდან? - ზოგადად, ბაიდენის სტილი არის მოლაპარაკება, მოგვარება, კომპრომისის პოვნა. ტრამპის სტილია მოლპარაკება ოღონდ მკაცრი საუბარი და შანტაჟი. შესაბამისად მგონია, რომ ბაიდენი ჩინეთთანაც შეეცდება კონფროტაციიდან გამოსვლას და ურთიერთობების დალაგებას.

- თუ ჩინეთთან შეიცვლება ამერიკის პოზიცია, სავარაუდოდ რუსეთთანაც შეიცვლება...

- მე მგონია, რომ რუსეთთან ბაიდენი კიდევ უფრო გაამკაცრებს პოლიტიკას, სხვა ტონში დაალაგებს ურთიერთობას. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ტრამპი დარჩება პრეზიდენტად თუ მას ბაიდენი ჩაანაცვლებს, არსებითად არაფერი შეიცვლება. ჩვენს რეგიონში საკმაოდ მყარად არის ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსი და რაიმეს შეცვლა მარტივი არ არის.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)