"გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე" - კვირის პალიტრა

"გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე"

"ევროპული საქართველო“ გმობს ძალადობას და კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან, გამოძიებული და დასჯილი იქნას ყველა, მათ შორის, ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირადად უწევდნენ ორგანიზებას და მონაწილეობდნენ ძალადობაში“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მარნეულში წუხელ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის გზა აირჩია.

"ევროპული საქართველოს“ სახელით მინდა ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ძალადობის თითოეულ მსხვერპლს, ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს და მხარდამჭერებს. გზა, რომელიც აირჩია "ქართულმა ოცნებამ“, არის საარჩევნო გარემოს დაძაბვის, არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა. ეს არის გზა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალს და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის - მართლწესრიგის მორღვევამდე. დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, დღეს ადამიანებს სჭირდებათ პასუხები კითხვებზე: ექნებათ თუ არა მათ სამუშაო, გაიზრდება თუ არა პენსია, დასტაბილურდება თუ არა ფასები, გამყარდება თუ არა ლარი. ხელისუფლებას არ აქვს პასუხი არც ერთ ამ კითხვაზე. ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვთავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას, რომ შემდეგ ამ პოლარიზებულ გარემოში ისევ დაპირისიპირების და უარესის შიშით, ცუდი აარჩევინოს ადამიანებს. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი, უარესის შიშით. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების გზაზე დააყენოს ქვეყანა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

"მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც დგება ხელისუფლების ბოლო ფაზა და როდესაც ხელოსუფლებას აღარ აქვს პასუხი იმ კითხვებზე, რაც არსებობს საზოგადოების მხრიდან. ქვის სროლით არ იქმნება სამუშაო ადგილები, ადამიანების ცემით არ მყარდება ლარი, ოპონენტების მანქანების მტვრევით არ იზრდება პენსიები. ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, ქვეყანას ექაჩება უკან, წარსულში, ქვის ხანაში. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ, იყავით მშვიდად, არ შეშინდეთ, ჩვენი სიმტკიცით და სიმშვიდით, აუცილებლად გავისტუმრებთ ქვის ხანის ხელისუფლებას უკან, მოუსვლელ წარსულში და მოვუტანთ ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, "მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო "პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"