"ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია, ძალადობით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია, ძალადობით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ, მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ მომხდარი ფაქტი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა ნამდვილად მზადდება. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, მოქმედ ხელისუფლებას მშვიდობიანად წასვლა არ სურს, რის გამოც ცდილობს, სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს და არჩევნები გააყალბოს.

„ის, რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე, ბოლნისში და გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით, 31 ოქტომბერს. ამ ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია, ძალადობის გზით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი რაღაცნაირად გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოვა. ზუსტად ასე ცდილობდა შევარდნაძე, ზუსტად ასე ცდილობდა ბევრ ქვეყანაში ბევრი ავტორიტარული, გაკოტრებული ხელისუფლება და ყოველთვის ეს ერთი და იგივე რამით მთავრდებოდა - მათი გარდაუვალი მარცხით. ეს ასეც იქნება საქართველოში. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ისინი მიმართავენ ძალადობას და ტყუილებს“,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, მარნეულში, გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"