"მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია" - კვირის პალიტრა

"მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია"

საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ და არა კრემლმა, ევროპამ ან ამერიკამ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ დაამტკიცა თავისი ერთგულება დემოკრატიული განვითარებისადმი და ის გახდა დემოკრატიული ქვეყნების გლობალური ოჯახის ღირებული წევრი, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. რასმუსენის განმარტებით, რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაცია, ამის მიზანი კი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა.

„უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რამდენიმე ანგარიშის თანახმად, ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომდინარეობს. ფეისბუქმა მიზანმიმართულად წაშალა რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჩართული იყო კოორდინირებულ არავთენტურ ქმედებაში, რომელიც იყო მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, კიბერთავდასხმების კომბინაცია. ამის მიზანი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა ეს სქემა გამოიყენა დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთს ხელს არ აძლევს, სწორედ ამიტომ, მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია“,- განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ წარმოადგინა დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ. რასმუსენის განმარტებით, ეს არის გამჭვირვალე და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გლობალური სტანდარი. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს დათქმაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკური ლიდერები და კანდიდატები არიან საერთაშორისო ჩარევის წინა ხაზზე, ჩვენმა კომისიამ მოიწვია ისინი, რათა ხელი მოაწერონ დათქმას. არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის მიზანი არის საერთაშორისო ჩარევის რისკის შემცირება და საქართველოს დემოკრატიულობის მდგრადობის ზრდა საერთაშორისო გავლენების წინააღმდეგ. ამ დათქმით, ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ჩარევით დაინტერესებულ პირებს მტკიცედ განუცხადონ, რომ უარს ამბობენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დახმარებაზე უცხო ქვეყნის მხრიდან. ეს არის დათქმა ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს ღირსეული საარჩევნო კამპანიის წარმოება. ციფრულ დროს ეს ნიშნავს იმას, რომ კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს მოპარული, ასევე არ უნდა გაავრცელონ გაყალბებული აუდიო ან ვიდეომესიჯები, როგორიც არის „ფეიკ ვიდეოები“ და უნდა იყო გულწრფელი თუ საიდან მოდის მათი კამპანიის დაფინანსება. საქართველოს ხუთმა პარტიამ უკვე მოაწერა ხელი დათქმას და ესენი არიან: „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ და „ლელო საქართველოსთვის“. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას, ამითი ისინი გააცხადებენ თავის პოზიციას, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიულობის დაცვაა“, - განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"