"ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?!" - კვირის პალიტრა

"ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?!"

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს "უსინდისოდ დადგმული სცენარია".

როგორც ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" თოქ-შოუში "360 გრადუსი" განაცხადა, გაუგებარია, თუ ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე ინფორმაცია და მყარი მტკიცებულებები ჰქონდა, რატომ არ დაიწყო 8 წლის განმავლობაში გამოძიება.

"ბიძინა ივანიშვილის გუნდი 8 წელია ხელისუფლებაშია და გინდათ მითხრათ, რომ არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! მართლა დებილები გგონივართ? ხელისუფლებას მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ხალხი ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება, რომ ეს უსინდისოდ დადგმული სცენარია?! თუ დასაჭერი იყო ამდენი ხანი სად იყავით, თუ მიწები აჩუქა გინდ აზერბაიჯანს, გინდ სომხეთს და რუსეთს, რა პიჯაკებზე აღძარით საქმე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სააკაშვილის დაცვის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავზე უნდა დაგვამხონ ყველაფერი და იფიქრონ, თითქოს ვერაფერს ვხვდებით. ის ხელისუფლება ნამდვილად არ არის ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი, რომელიც ფიქრობს, რომ ასე მასხრად შეიძლება ხალხი აიგდო და ათამაშო",-აცხადებს ბურჯანაძე.

"ინტერპრესნიუსი"