"აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის მოლაპარაკებებისთვის სივრცის გამოყოფა ცუდი იდეა არაა, თუმცა საქართველოს ამის არც გამოცდილება და არც რესურსი არ გააჩნია" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის მოლაპარაკებებისთვის სივრცის გამოყოფა ცუდი იდეა არაა, თუმცა საქართველოს ამის არც გამოცდილება და არც რესურსი არ გააჩნია"

ექსპერტ ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მოლაპარაკებებისთვის სივრცის გამოყოფა არაა ცუდი იდეა, თუმცა საქართველოს ამის არც გამოცდილება, არც ტრადიცია და არც რესურსი არ გააჩნია.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისტორიულად, ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რუსეთი მართავდა.

„იდეა ცუდი არაა, საქართველოში რომ ჩატარდეს ორი ქვეყნის სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ მეორე არის რეალობა, რამდენად შეძლებენ და რამდენად არიან მზად ეს ქვეყნები საართველოს პატრონაჟით ჩატარებულ შეხვედრებში მიიღონ მონაწილეობა. რამდენადაა ჩვენი ძალა გამოკვეთილი, რომ ჩვენ შევძლოთ მათი მორიგება. ერთი არის სურვილი, რომელიც კარგია, მაგრამ რეალობა, ვფიქრობ, არაა ამის შესაბამისი, საქართველოს არ აქვს იმის ძალა, რომ ითვლებოდეს იმ ადგილად, სადაც მსგავსი შეთანხმება შეიძლება მოხდეს.

ტრადიციულად, სადაც მსგავსი შეხვედრები იმართება ხოლმე ყარაბაღთან მიმართებით ეს არის რუსეთი. მას მხარეებზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები გააჩნია. რუსეთის ძალა ტრადიციულად ამ ყოფილ საბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით, ყარაბაღში, არსებობს. აქ საბრძოლო მოქმედებებში რუსული შეიარაღება გამოიყენება და დიდი ზემოქმედების ბერკეტები გააჩნია, გამოცდილებაც ამავე დროს. ჩვენ არც გამოცდილება გვაქვს მსგავსი შეხვედრები ვატაროთ. ერთია სურვილი და მეორეა ის რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს იდეა ცუდი არაა, მაგრამ ეს არის უფრო სურვილები და არა რეალობა. აქამდე ყოველთვის რუსეთის ეგიდით ტარდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ეს ცუდია, მაგრამ რეალობაა ასეთი და ისტორიულადაც ეს გამოცდილება რუსეთს გააჩნია, ორივე მხარესთან საუბრის. საქართველოს ძალაც არ არის ისეთი, რომ რომ დაითანხმოს ორივე მხარე რაღაც პირობებზე. თან მხარეებიც არ არინ მზად ჯერ მოლაპარაკებებისთვის. ეს უფრო კეთილი სურვილებია საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოში მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. დღეს კი იგივე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს.

"ინტერეპრესნიუსი"