გაყოფილი "ნაცმოძრაობა", ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირება და... - სკანდალები, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება - კვირის პალიტრა

გაყოფილი "ნაცმოძრაობა", ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირება და... - სკანდალები, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტს უკავშირდება

სულ უფრო ცოტა დრო რჩება მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა 30 სექტემბერს შეწყდა და რამე მნიშვნელოვანი ამბავი თუ არ მოხდა, დეპუტატები მეტად აღარ შეიკრიბებიან. 2016 წელს, როდესაც ახალარჩეული პარლამენტის წევრებს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, განაცხადა: "საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას". რამდენად გაუმართლა მოლოდინი დეპუტატთა კორპუსმა ამომრჩეველს, ეს ცალკე განხილვის თემაა. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ, მიუხედავად სერიოზული დაპირისპირებებისა, ამ მოწვევის პარლამენტმა შეძლო მიეღო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები და გაეუმჯობესებინა საარჩევნო კანონმდებლობა, რაც მის ყველაზე დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ამასთანავე მას დაუკავშირდა არაერთი მასშტაბური თუ შედარებით მცირე სკანდალი, რომელიც ამბები.გე-მ ერთ სტატიად შეკრიბა.

სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მე-9 მოწვევის პარლამენტის ისტორიაში, არამედ "ქართული ოცნების" მთელი სახელისუფლო საქმიანობის განმავლობაში ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი გამოდგა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, როდესაც საქართველოში რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელში დანახვამ ქვეყნის მოქლაქეების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა გავრილოვი პარლამენტის შენობიდან გააძევა, ასამბლეა კი ჩაშალა. ქუჩაში გასულმა მოქალაქეებმა კი პარლამენტის წინ დაიწყეს შეკრება. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ, რასაც მოგვიანებით პროპორციული არჩევნების მოთხოვნა მოჰყვა. საღამოსკენ ვითარება უკიდურესად გამწვავდა, ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მოქალაქეები პარლამენტის შტურმისკენ წააქეზეს, პროტესტანტებსა და სამართალდამცავთა რამდენიმესაათიან დაპირისპირებას, დარბევა მოჰყვა.

დაშავდა არარეთი სამართლადამცავი და დაშავდნენ პროტესტანტები. მაკო გომური - გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა, ამ აქციების სიმბოლოდ იქცა.

21 ივნისს "ქართული ოცნება" იძულებული გახდა გადაეყენებინა ირაკლი კობახიძე, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება, რომ მომზადდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლებოდა და უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. როგორ შეასრულა მმართველმა ძალამ დაპირება, ეს კიდევ ცალკე სკანდალად იქცა, რაზეც მოგვიანებით გიამბობთ...

უვადო მოსამართლეები - ბესელია-ზარდიაშვილის დაპირისპირება

ქვეყნაში არანაკლებ ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში უვადო მოსამართლეების გამწესების პროცესი, თუმცა პარლამენტში მომხდარმა ამბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თვითონ "ქართული ოცნების" უმრავლესობას გაუჩინა ბზარი. იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის პირველად წარდგენილ სიაში, სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის "გამპრავებელი" იმდენი მოსამართლე აღმოჩნდა, უმრავლეობის ნაწილმა ამის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი. განსაკუთრებით მძაფრი აღმოჩნდა იმჟამად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას გუნდთან დაპირისპირება, რასაც საბოლოოდ მისი უმრავლესობიდან წასვლა მოჰყვა. მანამდე კი პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი განიხილეს. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამ პროექტის ჩაგდების შემდეგ ბესელიასთან ერთად, ამ დეპუტატებმაც დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ უვადო მოსამართლეობის დანაშვნის ბატალიები პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებების თანხლებით მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, ზარდიაშვილი დღემდე მიიჩნევა ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლეების ხელისუფლებასთან ურთიერთობის მედიატორად...

2019 წლის 26 სექტემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უჩვეულო სხდომა ჩატარდა - უკვე დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და "ქართული ოცნების" წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ეკა ბესელიას გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკას - "ბესელიას მორალი" მოჰყვა, რის შემდეგაც მან ზარდიაშვილს სახეში ხელი გაარტყა. ამ ამბის მერე, მალევე ზარდიაშვილს მოუწია საერთოდ დაეტოვებინა პარლამენტი... არანაკლებ სკანდალური იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ სოფო კილაძის მიერ ამ ამბის შეფასება, რომელმაც ზარდიაშვილი "არაკორექტული მოქცევის მსხვერპლად" გამოაცხადა. (იხილეთ სრულად)