"დაქანცული და წარუმატებელი "ქართული ოცნება" "იმსახურებს" დასვენებას და ოპოზიციაში წასვლას" - კვირის პალიტრა

"დაქანცული და წარუმატებელი "ქართული ოცნება" "იმსახურებს" დასვენებას და ოპოზიციაში წასვლას"

8 წლის წინ, 1-ელი ოქტომბრიდან ქვეყანამ დაიწყო სვლა წინ, შემდეგ ცოტა არ იყოს, შეჩერდა და შემდეგ უკუსვლით დაცურდა, ისევ არასწორი მიმართულებით - ასე შეაფასა "ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობა "ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ ახალი პროგრამა ისეთივე საჭიროებებზეა აგებული, რაც 2012 წელს იყო, რადგან მას 8 წლის განმავლობაში პრობლემები არ მოუგვარებია.

"ქართული ოცნება“ 8 წლის წინაც "ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს ებრძოდა და ახლაც მას ებრძვის. 8 წლის წინაც სიღარიბის დაძლევას გვპირდებოდა და დღესაც სიღარიბეშია ქვეყანა. ეკონომიკურ აღმავლობას გვპირდებოდა და ახლაც ამას გვპირდება, იმიტომ რომ ეს ვერ მოხდა. დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას, სასამართლოსადმი ნდობას და პროკურატურის დეპოლიტიზებას გვპირდებოდა და ვერ მოხდა და 8 წლის შემდეგ ისევ იქ ვართ. ხელისუფლება ისევე გაერთო თვითტკბობაში, როგორც მისი წინამორბედები. ეს დაიწყო 2014-2015 წლების მიჯნაზე. 2016 წელს მიიღო შეუქცევადი ხასიათი და 8 წლის შემდეგ "ქართული ოცნება“ დაღლილი, დაქანცული და უმეტესწილად, წარუმატებელი, იმსახურებს დასვენებას და ოპოზიციაში წასვლას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის პირველ რიგში პარტიის ლიდერის ივანიშვილის ბრალი.

"ასევე იმ ადამიანების ბრალი, ვინც გადაწყვიტა, რომ მათ ფრთებქვეშ იყვნენ შეყუჟულები და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღონ. ძალიან მალე ეს ხალხი გვეტყვის, რომ "რა გვექნა, ის არ გვაძლევდა ამის საშუალებასო“. საქართველოში არცერთ ხელისუფლებას 2 ვადაზე მეტი არ უხელისუფლია, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის და როგორიც არ უნდა ყოფილიყო. 8 წელი საკმარისია, რომ პოლიტიკურმა გუნდა აჩვენოს, რა შეუძლია და ამ გუნდმა გვაჩვენა, რომ შეუძლია გულში ჩახუტება ძალაუფლების და მისი არ გაშვება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"