"ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია"
01-10-2020
"ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია"
უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს, ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი
სიღარიბე.

„კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი და უმუშევარი მოქალაქე; ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ
მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ. ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება და 2012 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა.

„სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდ წილად, 2008 წლის ომის თანმდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა. კრიზისის დასაძლევად აღებული 4 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რომელიც დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, ეკონომიკის გაჯანსაღებას კი არ მოხმარდა, ეს ფული, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ბანკირებმა მაშინ, როცა გაჭირვებაში მყოფ ხალხს რეალური დახმარების ხელი არც უგრძვნია“, - განაცხადა ივანიშვილმა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები