რეალურია თუ არა 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება?! - კვირის პალიტრა

რეალურია თუ არა 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება?!

"სიაში განსაკუთრებით კარგად ჩანს თბილისის მერის კახა კალაძის გავლენა - სიაში მერიისა და საკრებულოს არაერთი თანამშრომელია, არიან ასევე პირები მისი გარემოცვიდან"

1 ოქტომბერს დასრულდა ცესკოში პარტიული სიების წარდგენა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, თუ რა შემადგენლობით წარდგებიან პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩევლების წინაშე 31 ოქტომბერს. ამავე დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა მმართველმა გუნდმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც "ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა. სწორედ მისი გამოსვლისა და მმართველი ძალის საარჩევნო სიის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

სანდრო თვალჭრელიძე

- სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" სია ცხადყოფს, რომ პროფესიონალიზმი ისევ თამაშგარე მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილისთვის გაკვეთილი გამოდგა შარშანდელი მოვლენები "ქართულ ოცნებაში", როდესაც პარტიაში დაპირისპირება მოხდა და არაერთი წევრი წავიდა საპარლამენტო უმრავლესობიდან. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, როგორც ჩანს, ეცადნენ სია პარტიის კონსოლიდაციის შესაძლებლობად ექციათ - გაითვალისწინეს სხვადასხვა შიდა დაჯგუფების ინტერესი, მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობიდან შეიყვანეს ის პირები, ვისზეც ფიქრობენ, რომ მმართველ ძალას ერთგულება უკვე დაუმტკიცეს, და ასევე პოლიტიკაში სრულიად ჩაუხედავი ადამიანები, რომლებიც, დიდი ალბათობით, გუნდთან დაპირისპირებას არ მოინდომებენ.

სიაში განსაკუთრებით კარგად ჩანს თბილისის მერის კახა კალაძის გავლენა - სიაში მერიისა და საკრებულოს არაერთი თანამშრომელია, არიან ასევე პირები მისი გარემოცვიდან. კახა კალაძე აშკარად მომავლის პოლიტიკოსია, ნელ-ნელა მისი გუნდიც ყალიბდება, ძლიერდება, თუმცა ჯერჯერობით ის არ არის მუსიკის დამკვეთი.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ისევ არსად ჩანან ამა თუ იმ დარგის პროფესიონალები და ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" სიაზე არ ითქმის. ძალიან კარგია, ვთქვათ, აშშ-ში დამთავრებული 3-თვიანი ან თუნდაც 1-წლიანი კურსები, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერობას და სახელმწიფოს მართვას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

ჩვენ ისტორიაში გვაქვს მაგალითები იმისა, თუ ახალგაზრდა ლიდერები, რაოდენ ქარიზმატულებიც უნდა ყოფილიყვნენ, როგორ ვერ ამართლებდნენ. თუნდაც მიხეილ სააკაშვილი გავიხსენოთ - ასეთ ახალგაზრდა ასაკში, როდესაც გამოცდილება ჯერ არა გაქვს, დიდი საფრთხეა, რომ ძალაუფლების ხელში აღებისას ამბიციებს ვერ გაუმკლავდე და საკუთარი სიტყვა კანონად ჩათვალო. აუცილებელია კონგლომერატი, ხელისუფლებაში ყველა თაობის წარმომადგენელი უნდა იყოს. ჩვენი პარტიების გათვლა კი მხოლოდ იმას ეყრდნობა, რომ ესენი ცნობილი ადამიანები არიან და ამის გამო მათ ხმას მისცემენ, რაც მცდარი გათვლა მგონია.

- როგორ აფასებთ "ქართული ოცნების" პროგრამას და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას? რამდენად სწორია მმართველობის მე-8 წლისთავზე ისევ წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობაზე ამდენი ლაპარაკი? - მერედა, სად ნახეთ პროგრამა? მე მსგავსი ვერაფერი ვნახე, მხოლოდ ლოზუნგები მოვისმინე. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ყურადღებას დიდად არავინ აქცევს საარჩევნო პროგრამებს და ამის მიხედვით ხმას არც აძლევენ. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინეს "ქართულ ოცნებაში".

დასანანია, რომ საქართველოში არჩევნები იქცა არაკრიტიკულ ნებაყოფლობით აქტად, როდესაც ამომრჩევლები პროგრამასა და ქვეყნის მომავალს კი არ აძლევენ ხმას, არამედ ერთ ძალას მეორის ჯიბრზე.

ბიძინა ივანიშვილმა და დანარჩენებმაც ყველაზე ხშირად ახსენეს "ნაციონალური მოძრაობა", რაც უპირველესად სწორედ სხვის ჯიბრზე მათთვის ხმის მიცემაზე წაქეზება იყო. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" სულ მოგებული იქნება, თუ ასე გახლეჩს ამომრჩეველს და პოლიტიკურ ასპარეზს კვლავინდებურად ორ პოლუსად გაყოფს. ეს კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, მას იმედი აქვს, რომ თუ შეინარჩუნებს ორპოლუსიან სივრცეს, "ქართული ოცნება" ადვილად გაიმარჯვებს.

სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობასაც" ხელს აძლევს, რომ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა, მაგრამ ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ცოტა სხვა ვითარება იქნება. "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, "ევროპული საქართველო".

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა კოალიციურ მთავრობამდე მივიდეს საქმე, პოლიტიკურ პროცესს რომ ვაკვირდები, ვეჭვობ, ნორმალური კოალიციის ჩამოყალიბება შესაძლებელი იყოს. იმდენად ამბიციური ხალხი უდგება ამ ახალ-ახალ პარტიებს სათავეში, რომ მათ შორის თანამშრომლობას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. რომც შედგეს კოალიციური კაბინეტი, ის მეტად არამდგრადი იქნება.

- ანუ ფიქრობთ, რომ ამ სიითა და "ვითომ პროგრამით" "ქართული ოცნება" მოახერხებს იმგვარი უმრავლესობის მოპოვებას, რომ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას? - დიახ, ასე ჩანს და ამის ერთ-ერთი ფაქტორი არის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად არ არის, მაგრამ არის მეურნე და თავის საქმეს კარგად აკეთებს. ის, რაც გახარიამ პანდემიის დასაწყისში გააკეთა, გმირობის ტოლფასი იყო და მიუხედავად ახლა მომრავლებული შემთხვევებისა, ჩვენ დიდი დრო მოვიგეთ. მიმაჩნია, რომ მთავრობა ახლაც ძალიან კარგად მუშაობს.

- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დღეებში ძალზე დამძიმდა. ძნელად წარმოსადგენია, არჩევნები გადაიდოს, მაგრამ თუ ინფიცირების შემთხვევები უფრო გახშირდა, როგორ შეიძლება აისახოს ეს არჩევნების შედეგზე? კოვიდინფექციის შიშით კრიტიკულად ცოტა ამომრჩეველი ხომ არ მივა არჩევნებზე? - უკაცრავად, ქორწილებსა და ქელეხებს არ უშინდებიან, რესტორნებში დადიან და არჩევნებზე მისვლის შეეშინდებათ? მეტიც, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არ არსებობს. ასეთებს მე სოციალური ათეისტები შევარქვი. ვფიქრობ, არსებით როლს ამ არჩევნებში კორონავირუსი არ ითამაშებს.

- დავუბრუნდეთ ისევ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებს. საინტერესოა, როგორ შეაფასებთ გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა" - ძალა ერთობაშია" სიას? ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა იყო მის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელება... მიხეილ სააკაშვილმა ამის თაობაზე განაცხადა: "ბუბა კიკაბიძე არ არის მხოლოდ მომღერალი, ის კარგი გაგებით პოლიტიკოსი და რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია... მთელ მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია". - ბუბა კიკაბიძეს ბავშვობიდან ვიცნობ, რა პოლიტიკოსი ეგ არის. დიდად ჭკვიანი ვერა, მაგრამ ნამდვილად ქარიზმატული ადამიანია, მღეროდა, ფილმებში თამაშობდა, მოქეიფე იყო. რისი გამკეთებელი იქნება პარლამენტში? არც არაფრის. მოკლედ, სხვა ნორმალური ფიგურა ვერ მონახეს. ეს ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კალათში რესურსების დიდი დეფიციტია.

- "ევროპულმა საქართველომ" ცესკოში პირობითი პარტიული სია წარადგინა - პარლამენტში "ევროპული საქართველოდან" ის შევა, ვინც მაჟორიტარულ ოლქებში მეტ ხმას მიიღებს. - ჩემი აზრით, ესეც სასოწარკვეთილი მიდგომაა. საერთოდ არ უნდოდათ მაჟორიტარული ოლქები და ცოტა გაუგებარია, ახლა ამ ოლქებში წარმატების გამო რატომ აპირებენ პარლამენტში დეპუტატების შეყვანას. ეს არსებითად არაფერს შეცვლის!

სამწუხაროდ, ამ ძალებში ვერავითარ სიახლეს ვერ ვხედავ, არც ახალი იდეები ჩანს და არც ახალი ადამიანები. ოპოზიციიდან უფრო ასეთი ლოზუნგები გაისმის, უნდა დასრულდეს ივანიშვილის ეპოქა და განვითარდეს ქვეყანაო, მაგრამ როგორ, რა რესურსებით?

ერთადერთი ძალა, რომელმაც საინტერესო ფიგურები შემოიკრიბა, "ლელოა". გულახდილად გეტყვით, ძალიან კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს, ის კარგი პოლიტიკოსია, ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი იყო, მაგრამ დავით უსუფაშვილმა არ იცის პოლიტიკური მართვა, ფულის შოვნა, იმიტომ, რომ წესიერი კაცია. თავის დროზე მაღალი რეიტინგიც ჰქონდა, მაგრამ იმან, რომ ვერ შექმნა თავისი პარტია და ვერ დაარწმუნა ამერიკელები მასზე დაედოთ ფსონი, ძალიან დააზარალა. მცდარი ნაბიჯი მგონია მისი "ლელოში" წასვლა, ეს მისი იმიჯისთვის, ვფიქრობ, დამღუპველია. მოკლედ, "ლელოში" ძალიან ბევრი საინტერესო ფიგურაა, მაგრამ ისინი ინდივიდუალისტები არიან, მათი ერთობლიობა შექმნის თუ არა გუნდს, საკითხავია.

ვფიქრობ, "ლელო" იქცევა პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ექნება წარმატების შანსი და რესურსი, მაგრამ ეს ვერ მოხდება ამ არჩევნებზე. მათ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს: შეცდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილის გინება დაიწყეს. ამით პირდაპირ ჩაეწერნენ არსებული ოპოზიციის რიგებში, დამოუკიდებელ ძალად ვერ მოახერხეს პოზიციონირება. არადა, ჰქონდათ შუალედური პოზიციის დაკავების ადამიანური თუ ფინანსური შესაძლებლობები, შეეძლოთ არავინ გაელანძღათ და მთელი რიტორიკა საზოგადოების გამთლიანებისკენ მიემართათ. ახლა ცდილობენ გამოსწორებას, მათგან ლანძღვა-გინება აღარ გვესმის, აქვთ კარგი იდეები, მაგრამ ამის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება და მერე საზოგადოებამდე მიტანა დააგვიანდათ.

- "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას ამცნო, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს დაწერს იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი მათ მესამედაც ენდობა. - ამის საჯაროდ განცხადება ნიშნავს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. ბოლოს და ბოლოს, გახლეჩილი კვიპროსიც ევროკავშირის წევრია, გვახსოვს გერმანიის მაგალითიც. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, თუმცა ამისთვის უპირველესად ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მზად, კიდევ გასატარებელია ძირეული რეფორმები და ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, დავთანხმდებით თუ არა ევროკავშირში გაწევრებას ისე, როგორც წლების წინ დასავლეთი გერმანია, და ოკუპირებული ტერიტორიები მას შემდეგ შემოგვიერთდეს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხერხდება.

- მას შემდეგ, რაც პროკურატურა დაინტერესდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობით, სულ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში. ხელისუფლების ვერსიით, ზოგიერთი რუკა, რომლებიც საქართველოს სასარგებლოდ მეტყველებდნენ, გაქრა და მხოლოდ წლების შემდეგ მოხერხდა მათი პოვნა. - როცა რუკებთან გაქვს საქმე, უნდა იცოდე, როდის და როგორ იხაზებოდა. ჩვენი ტოპოგრაფიული რუკების უმრავლესობა 1942 წლის დროინდელია და მათ ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვთ - ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიხაზა და მათში სპეციალურად შეიტანეს ხარვეზები იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანელებს ჩაუვარდებოდათ ხელში. განსაკუთრებით წვრილმასშტაბიან რუკებშია ბევრი რამ მცდარად დატანილი, მათ შორის საზღვრებიც სპეციალურად იყო დამახინჯებული. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ამ რუკებით დავდიოდი ველზე და მათ შესახებ ყველაფერი ვიცი. ეს უნდა სცოდნოდათ კომისიის წევრებსაც. არსებობს იმის ალბათობა, რომ ასე მიზანმიმართულად მოქცეულიყვნენ? - არსებობს, რადგან ჯერ ვერაფერს გამოვრიცხავთ. მით უფრო, რომ მე კარგა ხნის განმავლობაში ვყვიროდი, უფრო ადრინდელი რუკები უნდა გამოიყენოთ-მეთქი. იყო აქ ღალატი თუ არაპროფესიონალიზმი, არ ვიცი. იმედია, სამართალდამცავები გაარკვევენ. მე არც ის ვიცი, ვინ არიან კომისიის წევრები. საინტერესოა, იქ ერთი პროფესიონალი კარტოგრაფი მაინც არის?.. მოკლედ, მომხდარს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის უვიცობაც.

- აზერბაიჯან-სომხეთს შორის საომარი მოქმედებები არ ცხრება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები და როგორ აისახება ეს კონფლიქტი საქართველოსა და საზოგადოდ, მთელ რეგიონზე? მით უფრო ცხადად ჩანს, რომ ვიღაც ცდილობს საქართველოს ჩათრევას და ამაზე მეტყველებს ის დეზინფორმაციაც, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან. - საქართველო სწორად მოიქცა, რომ შეაჩერა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების ჩვენს ტერიტორიაზე გატარება. სწორია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივაც, რომლის თანახმადაც, მეზობლებს თბილისი შევთავაზეთ მოლაპარაკების პლატფორმად. ჩვენ გვიჭირავს სრული ნეიტრალიტეტი და ეს სწორია! ამასთან, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ საქართველოდან ჩვენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხონ მოხალისეებად წასვლა ვერც ერთი მიმართულებით. გარდა ამისა, თითოეულ დეზინფორმაციას უნდა გაეცეს დროული და დასაბუთებული პასუხი, რათა ზედმეტი კითხვები არავის გაუჩნდეს, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ვიღაცის პროვოკაციას.

რა თქმა უნდა, ალიევს ყარაბაღის დაბრუნება სურს და გჯერათ, რომ ამ ნაბიჯს რუსეთისგან გარანტიების მიღების გარეშე გადადგამდა? მე არ მჯერა. აზერბაიჯანს ბევრი ბერკეტი აქვს რუსეთზე ზემოქმედებისთვის და ვეჭვობ, რუსეთმა ალიევი მოატყუოს.

პუტინმა განაცხადა, მეზობლების შინაურ საქმეებში არ ვერევიო, ლავროვი კი მხარეებს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ასე რომ, სომხეთის მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთებულა. ეს შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს. ფაქტია, რუსეთი სომხეთზეც და აზერბაიჯანზეც ყიდის იარაღს და ამ კონფლიქტით მშვენივრად ითბობს ხელს. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა კონფლიქტის შეჩერებას მოახერხებს.