"სახელმწიფო ღალატის საქმე" - გავა თუ არა გამოძიება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების კვალზე?! - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო ღალატის საქმე" - გავა თუ არა გამოძიება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების კვალზე?!

"ზოგიერთი წევრი 1996-დან 2017 წლამდე მუდმივად იყო ამ კომისიაში, კონკრეტულად კი ისინი, ვის სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა. ამბობდნენ, რომ ის ქალი იპარავდა რუკებს. საეჭვოდ იქცეოდნენ ილიჩოვაც და მელაშვილიც. ილიჩოვა კომპეტენტური ქალია, საბჭოთა პერიოდშიც მუშაობდა ამ სტრუქტურებში, იცოდა ამ რუკების მნიშვნელობა და, დარწმუნებული ვარ, ბევრი ინფორმაციაც აქვს..."

პროკურატურაში აქტიურად იძიებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე აღძრეს. უწყების ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიება სხვა საკითხებთან ერთად სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ზოგიერთი ექსპერტის ქმედებების კანონიერებასაც და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან მეცნიერები, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით პირი გამოიკითხა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კანონიერად მუშაობდა თუ არა 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისია, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები შეათანხმა.

არ არის გამორიცხული, ამ საქმეზე რამდენიმე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენონ

ამ საკითხზე ჩვენება უკვე მისცა დავითგარეჯის ლავრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა კირიონმა. მას კარგად აქვს შესწავლილი საქმის დეტალები და ხელთ აქვს 1938 წლის რუკის ასლი, რომლის დედანი დიდი ძალისხმევის შედეგად უკვე ნაპოვნია."

"ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი დარჩენილა. ეს არის დახურული თემა. ვცხოვრობ დავითგარეჯაში და საუბარიც იყო დავითგარეჯაზე," - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. აქ სიტუაცია განსაკუთრებით 2019 წლის აპრილიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯაში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა პრობლემები მანამდეც იყო და აქციები 2010 წელსაც იმართებოდა. გასულ წელს დაძაბულობას ამწვავებდა აქციები, რომლებიც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმართებოდა. პროტესტს გამოხატავდნენ სასულიერო პირებიც. გზა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ დღემდე ჩაკეტილია. 2019 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებდა საზოგადოება, მათ შორის - სასულიერო პირებიც. მართალია, მაშინ პრემიერმა თქვა, რომ სასულიერო პირებისთვის ეს გზა გაიხსნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და პრობლემა ისევ მწვავედ დგას. ახლა მიმდინარეობს კომისიის წევრთა დანაშაულის გამოძიება. მართალია, ჯერჯერობით პროკურატურა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე არაფერს ამბობს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რამდენიმეს ბრალი ოფიციალურად წაუყენონ.

განსაკუთრებით ბევრი კითხვა აქვთ კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვასთან. მათ სახლებსა და კაბინეტებში ჩხრეკაც ჩატარდა. 1938 წლის რუკა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები ნატალია ილიჩოვას სახლიდან ამოიღეს, თუმცა პროკურატურა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს ის რუკა, რომლის დედანს ამდენი წელია ეძებენ და რაშიც ქართველმა ბიზნესმენმა სოლიდური თანხა გადაიხადა. სავარაუდოდ, ილიჩოვას სახლიდან რუკის დედანია ამოღებული, რომელზეც დავითგარეჯის ტერიტორია საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. თავად ნატალია ილიჩოვა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. იგი ამჟამად შსს-ს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, 1996 -დან 2017 წლამდე კი კომისიის წევრი იყო. თავის დროზე ამ კომისიის შექმნა ივერი მელაშვილს დაავალეს. ის კომისიაში 1996-2017 წლებში მუშაობდა. 1996 წელს, როგორც ჩანს, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა კომისიის ჩამოყალიბება ივერი მელაშვილს დაავალა. ის დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და თავის და კოლეგების ბრალეულობას გამორიცხავს.

"ალბათ, ჩაივლის არჩევნები და ყველაფერი ჩაწყნარდება"

ივერი მელაშვილი ამბობს, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია 2006-2007 წლებში, ძირითადად, 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დაყრდნობით მუშაობდა, თუმცა იყენებდა სხვა მასალებსაც.

- ჩვენ ვხელმძღვანელობდით 1938 წლის რუკით, ეს იყო ძირითადი საფუძველი, მაგრამ 1938 წლის რუკა არის წვრილმასშტაბიანი, რომლის მიხედვით დეტალიზაციას ვერ გააკეთებ, შესაბამისად, გამოვიყენეთ სხვა კარტოგრაფიული მასალაც, რომელიც უფრო დეტალურია და ზუსტად შეესატყვისება იმ ხაზს, რომელიც იმ ხელმოწერილ რუკაზეა დატანილი. ახლა კი გამოჩნდა ვიღაცების მოპოვებული 200-ათასიანი მასშტაბის რუკა და მასალა, პროკურატურაში დაისვა კითხვები, რატომ არ გამოიყენეს ის აქამდე. ის რუკა, რასაც პროკურატურა სწავლობს, ძირითადად, არის 200 000-იანი მასშტაბის. არის ლაპარაკი, თითქოს ამით საქართველო მოიგებს და ა.შ.

მე ვთქვი, რომ არ შეიძლება მეორე მხარესთან საუბარი არასრულყოფილი მასალებით, ეს მასალა არის შეუთავსებელი სხვა რუკებთან და, შესაბამისად, მიუღებელი. ვიღაცისთვის ეს რუკა შეიძლება აღმოჩენა იყოს, მაგრამ ის კომისიას შესწავლილი აქვს და ანალიზიც - გაკეთებული. ეს და სხვა რუკებიც 1995-1996 წლებშია მოძიებული და ეს კომისიის წევრებისთვის აღმოჩენა არ იყო. დაკითხვის მიზეზი, ალბათ, იყო ვიღაცის ეჭვი და ვარაუდი, რომ ამით მოვიგებთ, მაგრამ ყველაფერი სამართლებრივად სწორი უნდა იყოს. ვინც ამ საკითხზე ვმუშაობდით, დამნაშავეთა რიგებში არ ვართ და არც იმის ღირსნი, ვინმემ ტალახი გვესროლოს. ჩხრეკა ჩატარდა ჩემთან და ილიჩოვასთან.

როგორც იცით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ეს ყველაფერი საღ აზრს ეწინააღმდეგება. ალბათ, ჩაივლის არჩევნები და ყველაფერი ჩაწყნარდება. ამოიღეს არა მხოლოდ რუკები, არამედ საარქივო მასალები, ჩანაწერები, სხდომისა და შეხვედრების ოქმები.

ოქმებში საუბარია გარკვეულ შეთანხმებებზე. ჩიჩხიტურის და უდაბნოს ტაძრის ტერიტორია არ შეთანხმებულა, მაგრამ ჩიჩხიტურამდე რაღაც მონაკვეთი, ასევე ჯანდარის ტბის მიმდებარე და კიდევ სხვა მონაკვეთები შეთანხმებულია.

დავითგარეჯის ისტორიული სამონასტრო კომპლექსი ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გადაშლილი. თუ არ ვცდები, 15 თუ 16 მონასტერია, რომელთა უმეტესობა საქართველოს ტერიტორიაზეა - ეს ცალსახაა და ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ლაპარაკია მხოლოდ დავითგარეჯის ქედზე, რომელზე საზღვარიც საბჭოთა კავშირის დროს დადგინდა. ამ ქედის იქით, ანუ პირობითად რომ ვთქვათ, დღევანდელი ვითარებით აზერბაიჯანის მხარეს, არის კელიები, ზედ ქედზე კი - აღდგომის ტაძარი, მათ შორის - ჩიჩხიტურის კოშკი, რომლის ერთი კუთხე ქედზეა. ეს ყოველთვის განხილვის საგანი იყო, მაგრამ მათზე რაიმე შეთანხმება არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ ზედ ქედზე დადგინდა საზღვარი ჯერ 1929 და შემდეგ 1938 წელს. რუკებზე დატანილია, რა მონახაზიც შეთანხმდა. აი, ფაქტები ეს არის. გამოვრიცხავ, რამე კანონსაწინააღმდეგო იპოვონ. სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, რადგან პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, თავდაცვის სამინისტრომ მოგვმართაო. თუ ვინმეს რამე მასალა, რუკა ან რაღაც დამამტკიცებელი საბუთი მართლაც ჰქონდა ქართული მხარის პოზიციის გასამყარებლად, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოლეულა სათათბირო ოთახები, სადაც შეიძლებოდა ამის განხილვა და არც სხვა რომელიმე სამინისტროში. ამის ნაცვლად საქმე აღიძრა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი არჩევნებთან არის დაკავშირებული. აგორებულია სიბინძურე, ვიღაცების დადანაშაულებას ცდილობენ სახელმწიფოს ღალატსა და ტერიტორიების გადაცემაში, რაც, ჩემი აზრით, არა მარტო ამ ადამიანების, არამედ ქვეყნისთვისაც საზიანოა.

"ეს არის ან ქართული მხარის არაპროფესიონალიზმი, ან ღალატი!"

ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ თავის დროზე სწორედ ამ კომისიამ დაუშვა დიდი შეცდომა. ის ამ საქმეში კომისიისა და მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს და ქვეყნის ღალატზე ლაპარაკობს.

- 1938 წელს დადგინდა ადმინისტრაციული საზღვრის გამიჯვნის პრინციპები ორ მოკავშირე რესპუბლიკას, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ამას წინ უძღოდა საზღვრის მონაკვეთების ორწლიანი შეთანხმება. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კატეგორიულად დააყენა საკითხი, გამიჯნულიყო ადმინისტრაციული საზღვარი. ამ დოკუმენტს ხელს აწერს მაშინდელი უშიშროების ხელმძღვანელი გოგლიძე. მანამდე ქართველ ბოლშევიკებს მეზობელი რესპუბლიკის ხელმძღვანელობა რამეს თუ სთხოვდა, მაშიIნვე აძლევდნენ. მაგალითად, ასე გადაეცათ აზერბაიჯანელებს დავითგარეჯის მიმდებარე არაიაზის ველი, 1938 წელს კი კომისიის მუშაობის შედეგად შედგა დოკუმენტი, გაიმიჯნა ადმინისტრაციული საზღვარი და შეიქმნა 1938 წლის ცნობილი რუკები და არა - რუკა. ყველა ამ რუკას ჰქონდა თავისი შესაბამისი ნიშანი და ბეჭედი - ვგულისხმობ მასშტაბის სხვადასხვაობას. ერთია კონკრეტული, სხვა - ზოგადი. 1:500 000 არის ზოგადი, ხოლო კონკრეტული რუკები იყო 1:200 000-თან.

რუკა კეთდება შემდეგი პრინციპით: ჯერ ვიღებთ რაიონის რუკას, მერე - რეგიონის რუკას და ამით ვაკეთებთ ქვეყნის რუკას. 1996 წელს იმ კომისიის წევრებს 1:200 000-იანით უნდა ეხელმძღვანელათ, მაგრამ იხელმძღვანელეს 1:500 000-იანით.

საბჭოთა პერიოდში წესი იყო - როცა ორ რესპუბლიკას შორის იდებოდა მსგავსი შეთანხმება, იმისთვის, რომ ამას სხვა რესპუბლიკებიც გასცნობოდნენ, ორიგინალები იგზავნებოდა ყველგან. 1938 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ იყო ბალტიისპირეთი და მოლდოვა, სხვა მოკავშირე რესპუბლიკების არქივებში კი ეს დოკუმენტები გაიგზავნა, რომ ყველა საქმის კურსში ყოფილიყო.

როდესაც 1996 წელს შეიქმნა ქართულ-აზერბაიჯანული სამთავრობო კომისია, მაშინ დაიწყეს მოლაპარაკება, რომელ რუკას დაჰყრდნობოდნენ. რატომღაც დაეყრდნენ 1938 წლის ზოგად რუკას ანუ 1:500 000-იანს. როცა საზღვარი გინდა განსაზღვრო, როგორ შეიძლება ზოგად რუკას დაეყრდნო?! უნდა დაეყრდნო კონკრეტულს! იქვე ჩანდა, რომ ან შეცდომა დაუშვეს, ან ქართული მხარე მოსყიდული იყო. იმ პერიოდში 1:200 000-იანი რუკა საქართველოს არქივებიდან უკვე გამქრალი იყო.

- რომელ წელს გაქრა?

- 1996 წელს და, კომისია რომ შეიქმნა, უკვე გამქრალი იყო, 2012 წელს კი, როცა ჩვენ აქტიურად დავიწყეთ რუკების მოძიება იმ მოკავშირე რესპუბლიკებში, სადაც, წესით, უნდა ყოფილიყო, ყველგან გამქრალი დაგვხვდა. 1996 წელს გაქრა საქართველოში, მაგრამ საინტერესოა, სხვაგან როდის გაქრა?! აშკარაა, ამაზე წინასწარ იმუშავა მეორე მხარემ და ყველაფერი მოასუფთავა. ამან უფრო დაგვაეჭვა. ვთვლი, რომ 1:500 000-იანის გამოყენება შემთხვევითი არ იყო... ახლა ნაპოვნი და ჩამოტანილია ზუსტად ის კონკრეტული რუკა - 1:200 000-იანი. ეს არის კონკრეტული სახელისუფლებო ჯგუფის ნამუშევარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას მიაგნეს. დოკუმენტი ბატონმა დავით ხიდაშელმა მოიპოვა, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს.

- ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი რუსეთში მოიპოვეს და მასში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა 5 მილიონი დოლარი გადაიხადა. - სავარაუდოდ, ხიდაშელმა რუკა რუსეთში იპოვა. ვინც მას ეს დოკუმენტი მიაწოდა, ალბათ, იქ აღარც დაედგომებათ, მაგრამ იმდენი ფული აიღეს, სხვაგან იქნებიან კარგად...

მეც ვეძებდი ამ დოკუმენტებს, ლამის პუტინის კაბინეტშიც კი მოვხვდი, ისეთი ხალხი ჩავრთე, მაგრამ ბატონმა დავით ხიდაშელმა ეს შეძლო და ძალიან სასიხარულოა. ერთს გეტყვით - ამ საქმეში მონაწილეობდა ქართველი, რომელიც ერთი პერიოდი რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთის კარტოგრაფიულ საზოგადოებაში გავლენიანი პირი იყო.

- მოლაპარაკებები, ალბათ, მომდევნო წლებშიც მიმდინარეობდა... - მოლაპარაკებები სულ მიმდინარეობდა, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. 1977 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომელსაც დაეთანხმა აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომ დავითგარეჯის ტერიტორია მთლიანად არის კულტურული ძეგლი. 1938 წლის რუკითაც ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, მაგრამ, სამაგიეროდ, დანარჩენია ჩვენს ტერიტორიაზე და დამატებით - ფერდობიც. თხემი, ბერთუბანი, ყარაიზის ველი, სადაც 1921 წელს ბრძოლები მიმდინარეობდა, ჩვენი ტერიტორია იყო. ბერთუბნიდან სამ კილომეტრში, მდინარესთან, იდგა ჩვენი პოსტები, ანუ მაშინ ჩვენი იყო ბერთუბანიც და ხიდს იცავდა ეროვნული გვარდია. ის ტერიტორიები სულ საქართველოსი გახლდათ, თუმცა მოსახლეობა არ ცხოვრობდა, აზერბაიჯანელებს კი მიმდებარე ტერიტორიაზე საძოვრები ჰქონდათ და 1929 წელს მაშინდელ მთავრობას უთხრეს, გადადენისთვის დროებით დაგვითმეთო. მათაც დაუთმეს დროებით სარგებლობისთვის ეს ტერიტორია. მერე, როცა ქართველებმა მოითხოვეს, უკან დაგვიბრუნეთო, აღარავინ დაუბრუნა.

ასე მიითვისეს საინგილოც და ლორეც. ამის გამო მოკლა სომხეთის ცკ-ს პირველი მდივანი ხანჯალიანი ბერიამ თავის კაბინეტში და ეს ყველამ იცოდა. ბერია გიჟი კი არ იყო?! ერთს მეორე მიჰყვა და აღარ გაჩერდნენ. 1937 წელს ჩამოვიდა ხანჯალიანი და ბერიას მოსთხოვა, ჯავახეთის მიწები მოგვეცითო. ლორე ხომ წაიღეთო - პირდაპირ ესროლა და მოკლა.

1929 წლამდე ბერთუბანიც ჩვენი იყო, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობდა. 1920 წელს ვითომ რაღაცაზე მოილაპარაკეს აზერბაიჯანმა და საქართველომ, მაგრამ ამას საერთაშორისო დოკუმენტის ძალა არა აქვს.

- 1996 წლის შეთანხმებებს დავუბრუნდეთ. რა ხდებოდა მაშინ? - 1996 წელს, როდესაც კომისია შეიქმნა, თავიდანვე ჩაიდო პატარა ნაღმი, კერძოდ, კომისიამ ხელი მოაწერა პირობას, რომ მხარეები იმოქმედებდნენ 1938 წლის კონკრეტული დოკუმენტების მიხედვით. გვერდიდან რომ შეხედო, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ აბსოლუტურად ნორმალური დოკუმენტია, მაგრამ როგორც გამოირკვა, ქართულ მხარეს ამ დოკუმენტების ორიგინალები არ ჰქონდა, აქვს მხოლოდ ასლები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით კი ასლები, რომლებიც დაუმოწმებელია და არა აქვს შესაბამისი შტამპი, მისაღები დოკუმენტი არ არის. ბუნებრივია, ეს გარემოება ეჭვს აჩენს. ეს არის ან ქართული მხარის არაპროფესიონალიზმი, ან ღალატი.

იცოდნენ, რომ ეს დოკუმენტები და რუკები არ ჰქონდათ, მაგრამ შეთანხმებას ხელი მაინც მოაწერეს! სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მაშინვე იყო ნაღმი ჩადებული. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა, დაიწყო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია. ქართულ მხარეს ბაზა და დოკუმენტების ორიგინალები არ ჰქონდა და ისე ამბობდა, ეს ჩვენიაო. სხვა მონაკვეთებზე იყო რაღაც დოკუმენტები და ასე თუ ისე გარკვეული ნაწილის შეთანხმება მოხერხდა, მაგრამ პროცესს რომ დააკვირდე, ამ ხნის განმავლობაში კომისია უცვლელი იყო, მხოლოდ ხელმძღვანელობა იცვლებოდა.

როგორც წესი, კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს. მინისტრის მოადგილეები ხშირად იცვლებოდნენ, ზოგი ელჩად მიდიოდა, ან მერე მთავრობა მიდიოდა ხელისუფლებიდან და ახალი მოადგილეები ჩნდებოდნენ, შესაბამისად, იცვლებოდა კომისიის ხელმძღვანელობაც. მერე კი, სანამ ახალი სიტუაციაში ერკვეოდა, დრო იწელებოდა და ეს არასწორი მიდგომა იყო, აზერბაიჯანული მხარის კომისიას კი, 25 წელია, ერთი კაცი - ხალაპოვი ხელმძღვანელობს და წარმოიდგინეთ, როგორ იქნება ის საქმეში ჩახედული!.. იმედია, გამოძიება ბოლომდე მივა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას დაადგენს.

2006-2007 წლებში 60% შეათანხმეს და დემარკაცია-დელიმიტაცია არ მომხდარა. სულ 24 ობიექტი იყო შესათანხმებელი. აქედან ნაწილთან დაკავშირებით ჩანს, რომ საქართველოს ინტერესები შებღალული იყო. ეს ფაქტი 2008-2009 წლებში გამოვლინდა. თავდაპირველად განგაში თავად სტრუქტურებში მყოფმა ადამიანებმა ატეხეს, ოღონდ გარედან სხვები აახმაურეს.

ამ ხმაურსა და აჟიოტაჟს 2010 წელს მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა რურუასა და ნინო კალანდაძის უფრო საეჭვო განცხადებები. ნიკა რურუამ ისიც თქვა, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და დაახლოებით ისეთი სიტუაცია გვაქვს, როგორიც ტაო-კლარჯეთშიო. აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაც რაღაცაში გაიცვალა. იმ პერიოდში აზერბაიჯანის ზოგიერთ საფინანსო სტრუქტურას, ფაქტობრივად, კარტბლანში ჰქონდა საქართველოში. მაშინ გასხვისდა ყულევი, დაიწყო სუფსის გადაცემა, აზერბაიჯანული ხორბლისა და შაქრის შემოტანაზე მონოპოლიის ხელში ჩაგდება.

ალბათ, იმდენი ფული გამოართვა აზერბაიჯანელებს მიშამ, სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. თუ არ იყვნენ გარეულები, აჟიოტაჟი რომ ატყდა, მერე მაინც ხომ შეიძლებოდა, დაინტერესებულიყვნენ და გაერკვიათ, რა ხდებოდა?! ეს, უპირველესად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი წევრი 1996 წლიდან 2017 წლამდე მუდმივად იყო ამ კომისიაში, კონკრეტულად კი ისინი, ვის სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა. ამბობდნენ, რომ ის ქალი იპარავდა რუკებს. საეჭვოდ იქცეოდნენ ერთიც და მეორეც. ნატალია ილიჩოვა კომპეტენტური ქალია, მანამდე, საბჭოთა პერიოდშიც მუშაობდა ამ სტრუქტურებში, იცოდა ამ რუკების მნიშვნელობა და, დარწმუნებული ვარ, ბევრი ინფორმაციაც აქვს.

- ითქვა, რომ მისი სახლიდან 1938 წლის რუკაა ამოღებული. - შეიძლება ამოღებულია 1938 წლის ზოგადი რუკა - ეს საიდუმლო რუკა არ იყო, მაგრამ თუ ის რუკა ჰქონდა, რომელსაც ეძებდნენ, მაშინ ძალიან მკაცრად არის დასასჯელი!

ამ ქალის მეშვეობით გაქრა ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაგრამ სავარაუდოდ, მხოლოდ ის და ივერი მელაშვილი არ არიან დამნაშავე. აქ არა მარტო სააკაშვილის, არამედ შევარდნაძის მთავრობის პასუხისმგებლობაც აშკარაა.

სხვა მასშტაბის რუკებიც არსებობს, მაგრამ არქივში არაფრის დედნები არ მოიპოვება, ყველაფერი გამქრალია. არსებობს 1930 წლის რუკაც და იქაც ჩანს, რომ დავითგარეჯა ჩვენია. თუ ფული და ინტერესი არ იყო, გაუგებარია, რატომ გამოიყენეს ის რუკა, რომელიც აზერბაიჯანს აძლევდა ხელს. დღეს აზერბაიჯანს აქვს ხისტი პოზიცია, რომ ეს ტერიტორია მათია და დავითგარეჯის ნაწილი ალბანური კულტურის ძეგლია. ამბობენ, დავითგარეჯის სამი მეოთხედი ქართული კულტურის ძეგლია, ერთი მეოთხედი კი - აზერბაიჯანული კულტურისო. არა მგონია, ადვილად დათმონ პოზიციები, მაგრამ ამ დოკუმენტის მოძიების შემდეგ თამამად შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ დღეში შეიცვლება სიტუაცია. ყველაფერი ქართულ დიპლომატიაზეა დამოკიდებული. აქამდე მოქმედებდნენ თითქმის ბაზის გარეშე, ახლა კი სერიოზული ბაზა აქვთ და ჯერი ქართულ დიპლომატიაზეა.

ვინ არის დავით ხიდაშელი?

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა წერტილი დაუსვა ამდენწლიან დავას და მოიპოვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რომლებიც წლებია, საქართველოს არქივიდან არის გამქრალი. ცნობილია, რომ საქართველოს არქივიდან დაკარგული რუკების დედნები მაშინ სხვადასხვა ქვეყანაში ინახებოდა. ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდში ამ მასალას უპირველესად რუსეთში გზავნიდნენ, ამიტომ დაკარგულ მასალასაც უპირველესად სწორედ იქ ეძებდნენ.

ჩვენი წყაროს ცნობით, დავით ხიდაშელმა 1938 წლის 1:200 000 მასშტაბის რუკის დედანი სწორედ რუსეთში იპოვა და მასში 5 მილიონი დოლარი გადაიხადა. მართალია, ცნობილი ბიზნესმენი საქმის დეტალებზე ჯერჯერობით არ ლაპარაკობს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ის ერთ კვირაში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს და ამ საკითხზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრებს.

ამ რუკების მოწოდებისთვის დავით ხიდაშელს მადლობა გადაუხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმაც: "ყველა შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო იყო, ამიტომ, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოებს გაუჩნდათ კითხვა, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. არსებობს რუკა, რომლითაც შეიძლება დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ მისი მოძიება არავის უცდია და ესეც ეჭვს აჩენს. აზერბაიჯანთან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. მიზანია არა ის, რომ ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ, არამედ სამართლიანად გადაწყდეს, რაც შეთანხმებით არის მიღწეული... რატომ დაიდო სადემარკაციო ხაზზე წინასწარი შეთანხმება არასწორად? ეს უნდა მომხდარიყო 1938 წლის რუკის მიხედვით. თუკი ამ ადამიანებმა შეძლეს რუკის მოძიება, რატომ არ არსებობდა ნება, რომ ეს წინა ხელისუფლებას გაეკეთებინა? საკამათო საკითხია, რუკები ვერ იპოვეს თუ არ იპოვეს... აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ დავითგარეჯაზე, საქმე ეხება მთლიანად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხს. ფაქტია, რომ 2006 წლის წინასწარი შეთანხმებით ზიანდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესები... მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც მართლაც საოცრება ჩაიდინა და დღეს ჩვენ გვაქვს ორიგინალური ვერსია 1938 წლის რუკისა, რომელზე დაყრდნობით კომისიის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ კონსტრუქციულად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე."

დავით ხიდაშელმა პანდემიის დროს 1.2 მილიონი ლარი გადარიცხა "კოვიდის" დახმარების ფონდში. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ის საბერძნეთში საქმიანობს და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. კომპანია რადიომოწყობილობების რეალიზაციას ეწევა. კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მისი შემოსავალი 136,6 მილიონი ევრო იყო, წმინდა მოგება კი - 1,7 მილიონი ევრო. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Groupe-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, 2007-2014 წლებში კი რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია АФК Система-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტისა და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

ჩვენი წყაროს ცნობით, დავით ხიდაშელი 1993 წლამდე, სანამ ბიზნესსაქმიანობას დაიწყებდა, თვითონ იყო რუსეთის კარტოგრაფიული სამსახურის უფროსის მოადგილე. თუ ასეა, მაშინ ბუნებრივია, ალბათ, ყველაზე კარგად იცოდა, სად უნდა ეძებნა ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები და მათ ხელში ჩასაგდებად ვისთვის მიემართა. როგორც გვითხრეს, მას დიდი სანაცნობო ჰყავს რუსეთში, განსაკუთრებით - კარტოგრაფები და როგორც ჩანს, მიაგნო იმ ხალხსაც, ვინც გარისკავდა და ამ დოკუმენტებს მას გადასცემდა. ამბობენ, რომ დავით ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს და არ არის გამორიცხული, მათ ერთმანეთი რუსეთში გაეცნოთ.