"სომხური მხარე აზერბაიჯანელ ხალხს ალიევის­ ავანტიურისტული კლანის კლანჭებიდან დაიხსნის" - ექსკლუზიური ინტერვიუ სომხეთის ელჩთან - კვირის პალიტრა

"სომხური მხარე აზერბაიჯანელ ხალხს ალიევის­ ავანტიურისტული კლანის კლანჭებიდან დაიხსნის" - ექსკლუზიური ინტერვიუ სომხეთის ელჩთან

"აზერბაიჯანელი ხალხის რისხვა რომ აიცილონ, წამოიწყეს ომი, რომელიც აზერბაიჯანის სრული კრახით დასრულდება"

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხარეს სამხედროებისა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის, ასევე სამხედრო ტექნიკის დანაკარგის შესახებ. მხარეები ერთმანეთს საბრძოლო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვეყნების სხვადასხვა ფორმით ჩარევაში ადანაშაულებენ. "კვირის პალიტრა" ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ორივე მხარის პოზიციის მოსასმენად საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს დაუკავშირდა.

რუბენ სადოიანი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

- რამ განაპირობა 27 სექტემბრის გამთენიისას საბრძოლო მოქმედებების დაწყება?

- ჩემი აზრით, იმდენად ნათელია, რომელმა მხარემ დაიწყო ომი, რომ სხვა დანარჩენი, ყოველგვარი ვერსია, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ 150 000 კაცით დასახლებული არწახი 10-მილიონიან აზერბაიჯანს თავს ვერ დაესხმებოდა, რომელსაც ყოველგვარი საშუალებით ეხმარება 80-მილიონიანი თურქეთი. აზერბაიჯანის დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შემხედვარე, თვალსაჩინოა, რომ გამოყენებულია შეტევითი ხასიათის იარაღი.

ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ: ვის სჭირდება ომი? პასუხი ცხადია - იმ მხარეს, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა არწახის ტერიტორიის დაპყრობაზე, რომლის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველდღე კბილებამდე იარაღდება და თითქმის ყოველდღე აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არაფერი ესაქმება და საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ადვილად შეიძლება ინტერნეტში სამხედრო რიტორიკის ნახვა, რომელიც ალიევმა და ჰასანოვმა მრავალჯერ გაახმოვანეს და რომელიც მომავალში ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ამ ომში მთავარი დამნაშავეები არიან ალიევისა და ფაშაევის კლანები. ისინი უკვე ათეული წლებია აზერბაიჯანელ ხალხს სისხლს სწოვენ, მათი და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხარჯზე განუსაზღვრელი სიმდიდრე დააგროვეს. ახლა კი ხელისუფლებისა და ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანელი ხალხის რისხვის თავიდან ასაცილებლად, წამოიწყეს ომი, რომელიც აზერბაიჯანის სრული კრახით დასრულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი დაიწყო ალიევმა, რათა თავისი ხალხის ყურადღება შიდა პრობლემებიდან ომზე გადაეტანა, თან იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა. თუმცა, სწორედ ეს ომი გახდება მისი დიქტატურის დამარცხების მთავარი მიზეზი. ეჭვგარეშეა, რომ სომხური მხარე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ის აზერბაიჯანელ ხალხს ალიევის ავანტიურისტული კლანის კლანჭებიდან დაიხსნის.

- ოფიციალური ბაქო სამხედრო წარმატების შესახებ იუწყება, რომ დაიკავეს ტერიტორიები და მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა გამოიყვანეს მწყობრიდან. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის დანაკარგზე? - ალიევის პროპაგანდისტული მანქანა ამ კონტექსტში გებელსის სტილში განაგრძობს ტვინის გამორეცხვას აზერბაიჯანელებისთვის, რომელთაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ.

ამ დროისთვის აზერბაიჯანულ მხარეს 1000-ზე მეტი კაცი დაეღუპა, სომხურმა მხარემ მათ 100-მდე უპილოტო, 200-მდე ჯავშანტრანსპორტიორი და დაახლოებით 10 ვერტმფრენი გაუნადგურა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარე დიდხანს ვერ შეძლებს საგრძნობლად მზარდი მსხვერპლის დამალვას, ადრე თუ გვიან, ეს პროპაგანდისტული ბუშტი გასკდება. სამწუხაროდ, სომხურ მხარესაც აქვს დანაკარგი - მოწინააღმდეგის მასშტაბური თავდასხმის მოგერიებისას (2 ოქტომბრის მონაცემებით) 104 სომეხი გმირულად დაეცა.

- აქვს თუ არა ოფიციალურ ერევანს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თურქეთი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში? რატომ მიაჩნია ოფიციალურ ერევანს, რომ თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს? - თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს ჯერ კიდევ იმ დროიდან წარმოადგენს, როდესაც მომთაბარე თურქი ტომები ალთაის მთებიდან ჩვენს რეგიონში ჩამოვიდნენ. სომხებთან ერთად, რეგიონის სხვა ხალხების, მათ შორის ქართველების მწარე ისტორიული გამოცდილებაც ამტკიცებს, თუ რა არის თურქეთი და რას წარმოადგენს ის რეგიონში, როგორი როლი ითამაშა მან საუკუნეების განმავლობაში. ეს ყველაფერი რომ დავინახოთ, რეგიონის ისტორიას კარგად უნდა გავეცნოთ და დღევანდელ რუკას გადავხედოთ. თურქეთს ყველა თავის მეზობელთან სერიოზული პრობლემები აქვს, რაც რეგიონში დესტაბილიზაციას ხელს უწყობს.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობას, არსებობს ამის დამადასტურებელი ასობით ფაქტი და ამას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად აცხადებს. თურქეთის მონაწილეობა გულისხმობს: სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ყოველდღიურ მიწოდებას; საბრძოლო მოქმედებებში თურქი ინსტრუქტორებისა და ოფიცრების მონაწილეობას. თურქეთს აზერბაიჯანში ჩრდილოეთ სირიიდან და პაკისტანიდან ტერორისტი-ჯიჰადისტები გადმოჰყავს. ასევე აშკარაა მის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციური რეჟიმის სრული მხარდაჭერა დიპლომატიურ სფეროში.

როგორც ცნობილია, თურქულმა თვითმფრინავმა F16-მა, რომელიც არ ირიცხება აზერბაიჯანის ძალებში, ახლახან სომხური თვითმფრინავი Cy-25 ჩამოაგდო. პილოტი დაიღუპა; არსებობს უტყუარი ფაქტები, რომ ეს ავიაცია მოქმედებს თურქეთის დისტანციური საკომანდო პუნქტ E7-T (ერზერუმ-ყარსის მონაკვეთი) კონტროლქვეშ. გარდა ამისა, აზერბაიჯანული არმია იყენებს თურქულ სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავ Bayraktar-ებს, რომელთაც თურქი სპეციალისტები აკონტროლებენ.

ახლახან აზერბაიჯანში ჩატარდა თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო სწავლებები, რისთვისაც თურქეთიდან აზერბაიჯანში მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს. მას თან ახლდნენ ჯარისკაცებიც, რომლებიც შემდგომ თურქეთში არ დაბრუნებულან და ახლა ომში მონაწილეობენ.

რაც შეეხება თურქეთიდან აზერბაიჯანში ტერორისტ-ჯიჰადისტების გადმოსროლას, არსებობს ინფორმაცია, რომ მათ იქ ყოფნას უკვე მოჰყვა არეულობა, რადგან ისინი ითხოვენ, აზერბაიჯანელებმა შარიათის კანონების მიხედვით იცხოვრონ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა საფრთხეს შეუქმნიან რეგიონს ტერორისტი-ჯიჰადისტები ომის შემდეგ, წარმოგიდგენიათ, რად გადაიქცევა რეგიონი, როდესაც ისინი აქ იცხოვრებენ და იმოქმედებენ. ვითარება დამაფიქრებელია საქართველოსთვისაც. საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც მკაფიოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემი არწახისა და სომხეთის წინააღმდეგ დაქირავებული ტერორისტების დახმარებით იბრძვის. აზერბაიჯანი და თურქეთი რომ ტერორისტებს იყენებენ, ამაზე პუბლიკაციებს აქვეყნებენ ავტორიტეტული მედიებიც - BBC, The Guardian და სხვები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არწახის ფრონტის ხაზი ცივილიზაციის ფრონტი ხდება. არწახი საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის. ეს ტერორიზმი თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს, ამერიკას, ირანს, რუსეთს, საფრანგეთსა და მთლ მსოფლიოს. ამიტომ ახლა არწახი, სომეხი ხალხი გლობალური უსაფრთხოებისთვისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის.

- სჭირდება თუ არა სომხეთს რუსეთის დახმარება აზერბაიჯანის შეტევის შესაჩერებლად? იგეგმება თუ არა მოსკოვისთვის ამ თხოვნით მიმართვა? - ბრძოლა, რომელსაც არწახის თავდაცვის არმია აწარმოებს, გამარჯვების მომტანია და საუბარი რომელიმე ქვეყნის დახმარებაზე ზედმეტად მიმაჩნია. ჩვენი იმედია სომეხი ჯარისკაცი და ღმერთი, ღმერთი კი სიმართლის მხარესაა.

- რაზეა დამოკიდებული, რომ სომხეთმა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა? ექსპერტთა ნაწილის აზრით, სომხეთი ამ ნაბიჯს მაშინ გადადგამს, თუ აზერბაიჯანმა სამხედრო წარმატებას მიაღწია. რომელი ქვეყნების თანადგომის იმედი გაქვთ ყარაბაღის აღიარებაში? - რაც შეეხება ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, თითქოს სომხეთი აღიარებს არწახის დამოუკიდებლობას, თუ აზერბაიჯანი სერიოზულ წარმატებას მიაღწევს, აღვნიშნავ, რომ მისი დამოუკიდებლობის აღიარება აზერბაიჯანის წარმატებაზე არ არის დამოკიდებული.

ექსპერტთა მოსაზრების კონტექსტში უნდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი ბრძოლის ველზე სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს და შესაბამისად, ასეთ მოსაზრებებზე ლაპარაკი აზრდაკარგულია. არწახის დამოუკიდებლობის აღიარება დგას სომხეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში, თუმცა ამ ეტაპზე მხარდამჭერ ქვეყნებზე საუბარი ნაადრევია.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში შეხვედრა შესთავაზა. რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს ვითარების დეესკალაციისთვის? - სომხური მხარე აფასებს საქართველოს მზადყოფნას, რომ ის მოლაპარაკების მოედანი გახდეს. სომხეთის პოზიცია ამ საკითხზე ნათელი იყო - ჩვენ გვსურს მშვიდობა და მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნამდვილი ადრესატი არის ოფიციალური ბაქო, რომელიც როგორც ყოველთვის, არც ახლა არის მზად მოლაპარაკებისთვის. ისინი ბედს ბრძოლის ველზე ცდიან, რაც მათ კარგ დასასრულს არ უქადის.

- რა პირობებზე დათანხმდება სომხეთი, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს? - საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ამ შემთხვევაში ამაზე საუბარი უადგილო მგონია. მოვა დრო და სომხური მხარის პოზიცია ყველასთვის გასაგები გახდება.