რომან გოცირიძე: "ოცნებას" ტყუილების რესურსი ამოეწურა" - კვირის პალიტრა

რომან გოცირიძე: "ოცნებას" ტყუილების რესურსი ამოეწურა"

"გარეჯის თემის წამოწევა და კომისიის წევრების სახლების ჩხრეკა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რაც დავითგარეჯის პრობლემას კი არ გადაწყვეტს, უფრო გაამწვავებს"

რატომ არ იძლევა "ოცნება" ეკონომიკურ დაპირებებს და რას ფიქრობს ოპოზიცია ლარის გაუფასურებაზე, "ნაცმოძრაობის" ლიდერს რომან გოცირიძეს ვესაუბრეთ.

- ივანიშვილის გამოსვლამ და "ქართული ოცნების" სიის წარდგენამ ცნობილი ქართული ფილმი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" გამახსენა - ამათაც "უპატარძლო ქორწილი" ჰქონდათ. 1-ლ ოქტომბერს პროგრამის პრეზენტაცია გამართეს და პროგრამა არ არსებობს. შინაარსი მაინც მოეყოლათ, ერთი-ორი თეზისი. წარსულზე ლაპარაკობდნენ, ოღონდ 8-წლიან წარსულზე კი არა, რომელმაც უბედურება მოუტანა ქვეყანას, მთელი დრო 9-წლიანი წარსულის ძაგებას დაეთმო. არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ ეკონომიკაზე. მათთვის ძალიან მწარე თემაა ეკონომიკური ზრდა. ერთი თვეც ვერ მოითმინეს, წინასაარჩევნოდ 25 მილიონი ლარი გამოყვეს ათასი მსუბუქი ავტომობილის საყიდლად. ფული სამინისტროებს გამოუყვეს, მინისტრებს ახალი მანქანები მოუნდათ.

ივანიშვილი 4 წლის წინ ხალხს დაჰ[პირდა, 4 წლის მერე ინტერნეტი გვექნება და ამაზე "ქართუ" 120 მილიონს დახარჯავსო. გავიდა 4 წელი და პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ სოფლებში ინტერნეტი არა აქვთ. 2 მილიარდ-ნახევარი იქნება სოფლის მეურნეობის ფონდიო. მაშინ "მწვანეების" ერთმა დეპუტატმა დათვალა და თავში შემოირტყა ხელი, რა გვეშველება, ივანიშვილი ამდენ ინვესტიციას რომ ჩადებს, ლარი ზედმეტად გამყარდებაო - ანუ მისი გათვლით, დოლარი 50 თეთრი უნდა გამხდარიყო. იციან, რომ პროგრამაში სასიკეთოს ვერაფერს ჩაწერენ და ამიტომაც არ წარმოადგინეს. "ოცნებას" ტყუილების რესურსი ამოეწურა. 2016 წელს დიდი რიხით განაცხადეს, 800-კილომეტრიან გზას გავიყვანთ, რიკოთის უღელტეხილის გზა დამთავრდებაო. ახალი 50 გვირაბი და 49 ხიდი უნდა აშენებულიყო, 2020 წელს პირველი გემი უნდა შემოსულიყო ანაკლიაში. უნდა გაეყვანათ ზუგდიდი-ანაკლიის რკინიგზა, თუმცა ნახაზიც არ არსებობს.

- რას ფიქრობთ "ოცნების" სიაზე?

- სია სამ ნაწილად არის გაყოფილი: ჰყავთ საშუალო დონის ბიუროკრატები, ფულის შოვნისთვის პარლამენტში შესვლის მოსურნე ბიზნესმენები და ინგლისურის მცოდნეები. ივანიშვილს პირველი სიისთვის გაუჭირდა ინგლისურის მცოდნე ხალხის მოძებნა, თუმცა მეორე არჩევნებზე პირობა დადო, სიაში ინგლისური ენის მცოდნე ხალხს შევიყვანო. 2016 წლის არჩევნებზე ასეც მოიქცა, მაგრამ შემდეგ ყველა ინგლისური ენის მცოდნე გაემიჯნა. ახლა ინგლისური ენის მცოდნეები ისევ აიყვანა, ოღონდ მისი სკოლაგამოვლილი საშუალო რანგის მოხელეები, მისი თამაშის წესებში განსწავლული ხალხი, რათა ჩუგოშვილივით და ხულორდავასავით არ გაექცეს.

- "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერ ბუბა კიკაბიძეზე რას იტყვით?

- ბუბა რუსეთის საპირწონედ შერჩეული კანდიდატია. ის შეურიგებლობისა და პატრიოტიზმის განსახიერებაა. მის გამონათქვამებს წლების განმავლობაში გაცილებით დიდი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე "ოცნების" პოლიტიკოსებისას.

- თქვენი აზრით, რას ნიშნავს დავითგარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყება? - დავითგარეჯში საქმე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააფუჭა. ჩაიცვა ჩექმები, სამხედრო ფორმა, ჩავიდა გარეჯში და სულელური განცხადება გააკეთა. მას მერე გარეჯში შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. საზღვრის საბოლოო დელიმიტაციისთვის მუშაობა მიდიოდა, მაგრამ გაჭიანურდა, რადგან ძალზე საფრთხილო თემაა.

- შოთაძის უწყება ხომ არ აპირებს გამოძიებით "ნაცმოძრაობისთვის" ზიანის მიყენებას?

- ყველა არჩევნების დროს რაღაც ხრიკებს იგონებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მერე გააკრეს ბანერები, რომლებზეც ჩვენს ლიდერებს ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდათ. მერე თითქოს სანდრა რულოვსი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. ახლა მოიფიქრეს, რომ აზერბაიჯანთან გაამწვავონ ურთიერთობა, მაგრამ ეს არ გაამართლებს. გარეჯის თემის წამოწევა და კომისიის წევრების სახლების ჩხრეკა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რაც დავითგარეჯის პრობლემას კი არ გადაწყვეტს, არამედ უფრო გაამწვავებს.

- როგორ ფიქრობთ, 2012 წლის მსგავსი პროცესები ხომ არ განვითარდება, რაც გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე? - ციხის ვიდეოჩანაწერი რუსეთის სპეცსამსახურების გაკეთებული იყო, ვნახოთ, კიდევ რას შემოაგდებენ წინასაარჩევნოდ. დარწმუნებული ვარ, აღარაფერი იმუშავებს და ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.