"დამრჩა შთაბეჭდილება, მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა სია, რომელსაც პირველი ნომერი არა ჰყავს" - კვირის პალიტრა

"დამრჩა შთაბეჭდილება, მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა სია, რომელსაც პირველი ნომერი არა ჰყავს"

"სააკაშვილი უნდა გავიდეს პოლიტიკური თამაშიდან, ოღონდ ისე, რომ კარი არ გაიჯახუნოს"

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიასა და პროგრამის პრეზენტაციას "ისტორიულ სანაგვეში მიმავალი პარტიის რეკვიემი" უწოდეს. "ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო სასოწარკვეთილი ადამიანის მიმართვა, რომელსაც სათქმელიც აღარაფერი შემორჩა... გზებს დავაგებო. რისი გზების დამგებია, 20-ფურცლიანი ქაღალდი ვერ მოუტანიათ იდეებით ჩამოწერილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ. ვალში არც მმართველი გუნდი დარჩა. "დღეს "ნაცმოძრაობამ" დაკარგა ის მოჩვენებითი იმიჯი, რაც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა. ის არის იდეოლოგიურად და პოლიტიკური კაპიტალით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პარტია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არის თუ არა "ნაცმოძრაობა" "ოცნების" დამმარცხებელი ძალა, ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- მოულოდნელი იყო ის, რომ პარტია, რომელსაც დეკლარირებული აქვს ხელისუფლებაში მოსვლა, სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძეს აცხადებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილმა წარადგინა სია, რომელსაც პირველი ნომერი არა ჰყავს.

მეორე საოცრება ის იყო, რომ ისინი, ვინც "ნაცმოძრაობის" მებრძოლ ფრთას წარმოადგენენ, მაგალითად, თინა ბოკუჩავა 24-ე ნომერი აღმოჩნდა. სიის მეორე ნაწილში ასევე მოხვდნენ პოლიტიკური გამოცდილების მქონე გიორგი ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, კირკიტაძე საერთოდ სიის ბოლოშია. "ნაცმოძრაობამ" "ოცნებასავით" დაიწყო ძველი და აქტიური კადრების ჩამოქვეითება.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი პარტია დომინირებს: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". სხვა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოახერხებენ ამომრჩევლისთვის კანდიდატების შეთავაზებას, თუმცა ამას ვერ ახერხებენ, მშვიდი და აკადემიური საარჩევნო კამპანია აქვთ.

ნახეთ, როგორი აგრესიულია "ევროპული საქართველო", მათთვის მიუღებელია არა "ნაცმოძრაობა", არამედ სააკაშვილი და "ოცნება". "ლელო" იქნება, ელისაშვილის პარტია თუ სხვა, იმავეს ამბობენ, მაგრამ არა აქვთ "ევროპულ საქართველოსავით" ნათელი მესიჯები.

- "ევროპული საქართველოს" ლიდერები ამბობენ, რომ ისინი "ნაციონალებს" ცეცხლს იმიტომ უხსნიან, სურთ ამომრჩეველს დაანახონ სხვაობა მათსა და "ნაციონალებს" შორის და ხელი შეუშალონ ივანიშვილის რიტორიკას, თითქოს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება. - ორპოლუსიანობა არის როგორც "ნაციონალების", ისე "ოცნების" ინტერესებში. შესაბამისად, "ევროპული საქართველო" სწორ აქცენტებს სვამს. თუმცა იმისთვის, რომ მესამე ძალა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ გაერთიანდეს, მთელმა ოპოზიციამ უნდა იზრუნოს. ამომრჩეველმა უნდა დასძლიოს შიში, თუ ხმას "ოცნებას" არ მისცემს, "ნაციონალები" გაიმარჯვებენ.

- რა იქნება, თუ ვერ დასძლიეს ეს შიში? - "ოცნება" გაიმარჯვებს და ყოველგვარი კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამიტომ ახლა ჩვენთვის მესამე ძალისა და მესამე ელექტორატის გაჩენა ჰაერივით აუცილებელია. თუნდაც იმიტომ, რომ თუ "ოცნება" ვეღარ შეძლებს კრიზისის მართვას, მართლაც "ნაციონალები" არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ეს საფრთხე რეალურია არა ამ არჩევნებზე, არამედ არჩევნების შემდგომ.

- თუმცა არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობას" აღარანაირი რესურსი არა აქვს. - არ ვეთანხმები, დღეს "ნაცმოძრაობა" ოპოზიციური სპექტრის ფლაგმანია.

- 2012 წლის არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხებაში გარდამტეხი როლი ითამაშა ციხის ვიდეოჩანაწერმა. შესაძლებელია, მსგავსი სცენარი "ოცნების" წინააღმდეგაც გათამაშდეს? - დღეს საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, როგორიც 2012 წელს იყო. 2008 წლიდან მოყოლებული ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იყო. უბრალოდ, მაშინდელმა ლიდერებმა პროცესის შესაბამისად წარმართვა ვერ მოახერხეს. ეს მხოლოდ ივანიშვილმა შეძლო. 2011 წლისთვის საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე იმ ზღვარზე იყო, რომ ოღონდ სააკაშვილი მოეშორებინათ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ მოვიდოდა. ხალხი ასეთივე ზღვარზე 2007-2008 წლებშიც რომ ყოფილიყო, ბადრი პატარკაციშვილი გააკეთებდა იმას, რაც ივანიშვილმა 2012 წელს გააკეთა. პატარკაციშვილი დროზე ადრე შემოვიდა იმ პოლიტიკაში, სადაც ჯერ არ იყო ნიადაგი მომწიფებული საიმისოდ, რომ მისი ლიდერობა ეღიარებინათ.

ივანიშვილმა მანამდე მოიცადა, სანამ არ დაინახა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის რესურსი ნულამდე იყო ჩამოსული. მან კიდევ ერთი საინტერესო პარტია გაითამაშა - პოლიტიკურ ველზე "ნაცმოძრაობა" დატოვა, რათა ამომრჩეველში "ნაციონალების" დაბრუნების შიში გაეჩინა. ამიტომ ვამბობ, დღეს არ არის ის განწყობა, ოღონდ ივანიშვილი წავიდეს და ვინც გინდა, მოვიდესო.

- რა უნდა გააკეთოს "ნაცმოძრაობამ", რომ ოპოზიციას მისცეს გამარჯვების შანსი? - სააკაშვილი უნდა გავიდეს პოლიტიკური თამაშიდან, ოღონდ ისე, რომ კარი არ გაიჯახუნოს და "ნაცმოძრაობა" ამომრჩეველს დაუტოვოს. რატომ? მათი ამომრჩევლის 90% სააკაშვილის მხარდამჭერია. ვინც ცოტა კრიტიკულად უყურებდა "ნაცმოძრაობას", ამომრჩეველი თუ პოლიტიკოსი, ყველა ჩამოშორდა. დღეს ამ ძალის მხარდამჭერებად მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები არიან. მაშინ პრობლემა რაშია? იმაში, რომ დამატებით ოპოზიციური ამომრჩევლის მოზიდვა აღარ შეუძლია.

ივანიშვილიც სწორედ ამაზე თამაშობს და ამბობს, რომ სააკაშვილი მოვა. "ოცნება" მხოლოდ სააკაშვილით აშინებს ხალხს და არა "ნაცმოძრაობით". ამ პოლიტიკურ გუნდს "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული ბევრი ამომრჩეველი დაუბრუნდებოდა, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი.

იხილეთ ასევე: "ეგ კაცი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს" - როგორ აფასებენ ბუბა კიკაბიძის გადაწყვეტილებას საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები

ხათუნა ბახტურიძე