"ეს ყველაფერი კარგად გათვლილი ჯაჭვია სტრატეგიისა, რათა..." - ყარაბაღის კონფლიქტი, საქართველო და საინფორმაციო ომი - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი კარგად გათვლილი ჯაჭვია სტრატეგიისა, რათა..." - ყარაბაღის კონფლიქტი, საქართველო და საინფორმაციო ომი

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის დილას დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. საპირისპიროს აცხადებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში. იქ განვითარებულ მოვლენებზე ბუნებრივია ღელავს ყველა, განსაკუთრებით ღელავენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები. მიმდინარე მოვლენების ფონზე რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ეს კითხვა ბუნებრივია ისევ ისმის. ექსპერტები არ გამორიცხავენ, ქვეყნის შიგნით ვითარების დაძაბვას აქ მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს შორის. მითუმეტეს არის რაიონები, სადაც ორივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობენ და თვლიან, რომ იქ ასეთი საფრთხე უფრო მეტია.

არანაკლებ საფრთხის შემცველია ყალბი ამბების, "ფეიკნიუსების" გავრცელება, რაც ბუნებრივია შუღლის გაღვივებას იწვევს, ამიტომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები და ცალსახად, ქართულმა მხარემ საინფორმაციო ომსაც უნდა ადევნოს თვალი.

საინფორმაციაო ომი კი დაწყებულია და უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ყველამ ვნახეთ 29 სექტემბერს, კარწახთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველო–თურქეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც კი გადაკეტა ცოტა ხნით. ისინი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავ მანქანებს არ ატარებდნენ და ათობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ან კიდევ დმანისში მომხდარი ინციდენტი, რა დროსცა უცნობმა პირებმა სომხეთთან დამაკავშირებელი ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები დააზიანეს.

"ფეისბუქზე წავიკითხეთ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მარტივად გაუხსნა გზა, ჩვენ კი გუშინ ძლივს შევძელით სურსათის გაგზავნა. გვაინტერესებს, რატომ არ გვაძლევს საქართველო უფლებას სომეხ სამხედროებს დავეხმაროთ", – ამბობდნენ იქ შეკრებილები. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და იმასაც ამბობდნენ, თითქოს საქართველოს გავლით აზერბაიჯანში თურქეთიდან იარაღი და საბრძოლო მასალა შედისო.

მსგავსი "ფეიკნიუსების" გავრცელებას რომ უნდა ებრძოლოს საქართველო, ეს უდავოა, როგორ უნდა ებრძოლოს, რა მეთოდებით და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ჩვენმა ქვეყანამ ამ კონფლიქტში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი გველაპარაკა.

პაატა ზაქარეიშვილი:

- "ფეიკნიუსების" გავრცელება მოსალოდნელიც იყო. ძალიან მიამიტური იქნებოდა იმის თქმა და მოლოდინი, რომ ყველაფერი სუფთად იქნებოდა და ის ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში არეულობით და დესტაბილიზაციით, იტყოდნენ ახლა რა დროს საქართველოა, თავი დავანებოთო. პირიქით, როცა სიტუაცია ირევა რეგიონში, დაინტერესებულები არიან ბარემ ამ არეულობაში მაინც მოხდეს საქართველოში ჩვენი ინტერესების რეალიზაციაო.

დესტაბილიზაციის მსურველი ძალების მთავარი ინტერესია საქართველოში იყოს დეზინტეგრაცია. ეთნიკური, რელიგიური, სახელმწიფოებრივი და საზოგადოების ინტერესების გახლეჩვა მოხდეს. გარკვეულწილად დასავლური ღირებულებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იყოს, რომ საბოლოო დასკვნა და განწყობა იყოს ასეთი: კი რუსეთი არაფრად ვარგა, მაგრამ დასავლეთი უარესია. მითუმეტეს საქართველოში არჩევნები მოდის და მშვენიერი პირობებია ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოახერხონ და შეარყიონ საზოგადოებრივი მდგრადობა საქართველოში, რომელიც მყარი ისედაც არ არის და საკმარისად მყიფეა.

მათ სურთ შიგნით დაძაბულობა შექმნან. მთავარი ამოცანაა, არჩევნების წინ შეარყიონ შიგნით ეთნიკური თუ რელიგიური ჰარმონია. საქართველოში რადგან ცხოვრობენ ეთნიკური სომხები და ეთნიკური აზერბაიჯანელები, ჩვენი ღირსეული მოქალაქეები, სურთ მათში შეიტანონ გარკვეული ეჭვები და დაძაბულობა. შემდეგ შედეგი გამოვლინდეს არჩევნებში მონაწილეობით, ხმების მიცემით, ან თუნდაც გარკვეულწილად მიტინგების გამართვით, სხვადასხა ფორმით და გამოიწვიოს ქართველების უკმაყოფილება. ასე, რომ ეს ყველაფერი კარგად გათვლილი ჯაჭვია სტრატეგიისა, რათა საბოლოო შედეგი იყოს დესტაბილიზაცია, უნდობლობა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში. არადა საქართველოში ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი მონაპოვარი. შეიძლება ეს ყველაფერი გამოყენებულ იქნას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ასე ვხედავ. ამიტომ საჭიროა მეტი მდგრადობა, ხელისუფლებიდან მეტი პრინციპულობა, ახსნა-განმარტება, რომ იყოს სიმშვიდე. უნდა გავუგოთ ყველას, ეს იქნება ეთნიკურად აზერბაიჯანელი თუ სომეხი, ძალიან ემოციურად განიცდიან, ღელავენ იმაზე, რაც ხდება ყარაბაღში. გვესმის მათი ემოციები, ეს გულწრფელია, მაგრამ უნდა ავუხსნათ მათ, რომ საქართველოს როლი დამბალანსებელი უნდა იყოს და ეს პოზიცია მილიონჯერ ჯობია, ვიდრე რომელიმე მხარეს დადგომა და განცხადებების კეთება. ეს ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, სამაგიეროდ შეიძლება დაიძაბოს ვითარება. ამ ვითარების ფონზე აუცილებელი და საჭიროა მეტი სატელევიზიო გადაცემები და დისკუსიები ამ თემებზე. უბრალო ხალხის ჩართვა ამ დისკუსიებში. აუცილებლად მათაც უნდა მოვუსმინოთ, ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ.

- ხელისუფლებას მოუწოდებთ გამართოს ეთნიკურ უმცირესობებთან ამ საკითხებზე მსჯელობა?

- წინასაარჩევნო კამპანიაა და ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია დაელაპარაკოს ამ ადამიანებს, რომლებიც ასე ღელავენ იქ განვითარებულ მოვლენებზე. კი არ უარყოს და აუგდოს ბანზე ეს თემა, არამედ ჩაუღრმავდეს მათთან ერთად და აუხსნას თუ რატომ სჭირდება მას და საქართველოს ასეთი მოქმედებები. პოლიტიკა ასეა მოწყობილი, რაღაც ხდება სხვაგან და მათი ექო გრავიტაცია, ჩვენთან მოდის. კეთილი ვინებოთ, ამას გავუსწოროთ თვალი და ნუ ვბრაზობთ რეალობაზე.

- ამ ბოლო დროს აქციის მონაწილეები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას "ფეიკნიუსებზე", ამბობენ, რომ მოისმინეს, წაიკითხეს ესა თუ ის ინფორმაცია და ჩვენ ვნახეთ საქმე მაგისტრალის ჩაკეტვამდეც კი მივიდა. ამ მოვლენებში რუსული მედიის გავლენას ხედავთ? - რუსულ მედიას არ ვუყურებ, მაგრამ აშკარად იგრძნობა გავლენა რომ არის. ეთნიკურ უმცირესობებში შეიძლება მარტო რუსული მედიის გავლენა არ იყოს, არანაკლებია აზერბაიჯანული და სომხური მედია, იქ ომია და პროპანგადისტური სამსახურებიც აქტიურად მუშაობენ, შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ არა, მაგრამ მუშაობენ სომხების, აზერბაიჯანელების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები ბუნებრივია იღებენ ამ ინფორმაციას, უსმენენ მშობლიურ ენაზე ამ ინფორმაციებს და პროპაგანდას. აზერბაიჯანულს აზერბაიჯანელები, სომხები კი სომხურს, ამას ემატება ასევე რუსული პროპაგანდა, რომელიც დაინტერესებულია საერთო არეულობით და ამ ყველაფრის ფონზე ადამიანებს უჭირთ რეალობაში გარკვევა. მათთვის უფრო დამაჯერებელია მშობლიურ ენაზე გაგებული ინფორმაცია, ვიდრე სხვა ენაზე მოსმენილი. ბევრმა ქართული არც იცის, ამიტომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ გამართოს ამ ხალხთან დიალოგი, ბუნებრივია ქართულადაც, მაგრამ სომხებთან სომხურად, აზერბაიჯანელებთან აზერბაიჯანულად, რადგან ბევრმა ქართული არ იცის და მეტი მუშაობაა მათთან საჭირო.

- მაშინ ხომ არ აგვიანებს ხელისუფლება ამ მოქმედებებს? - დიახ, გვიანდება. პარტიებს და მათ ლიდერებს, რომლებიც გასულები არიან რეგიონებში, ვურჩევ ელაპარაკონ ეთნიკურ უმცირესობებს ამ პრობლემებზე. ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების ვალდებულება. ყოვლად მიუღებელია და გულსაკლავია ამდენი ადამიანი, რომ იღუპება დღეს ყარაბაღში, ამიტომ უნდა ელაპარაკონ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და ეთნიკურ სომხებს. კარგი იქნება საგანმანათლებლო საქმიანობას თუ გასწევდნენ ამ საშინელი დაპირისპირების ფონზე, ეს ჩვენ გვეხება პირდაპირ, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს დღეს გული სტკივა და მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველოს სწორი პოზიცია უჭირავს. მათ უნდათ დაინახონ როგორ მოქმედებს მათი სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში.

- სხვადასხვა პროდუქტებით იტვირთება მანქანები, ჰუმანიტარული ტვირთების გასაგზავნად ყველაფერს აკეთებენ, ამას რა შეფასებას მისცემთ? - კარგია თუ დახმარება იქნება, მთავარია არ ჰქონდეს გაგზავნილ ნივთებს ორმხრივი დანიშნულება, მაგალითად საწვავი შეიძლება სხვადასხვა გზით გამოიყენონ. თუ არ აქვს ორმხრივი გამოყენების რისკი, პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შევუშალოთ. ჰუმანიტარული დახმარების ფართო ასორტიმენტია, ეს არის არაფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და ა.შ. შეიძლება ხელი შეუწყოს პირიქით ხელისუფლებამ და შესაბამისად გააკონტროლებს კიდევაც ორმაგი გამოყენების საშუალების ნივთები რომ არ მოხვდეს გასაგზავნ დახმარებაში. აქეთკენ უნდა წავიდეს ჩვენი მოსახლეობის ენერგია, რომ ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით მოხდეს მათი ემოციების დაკმაყოფილება. რაც შეეხება მაგისტრალის ჩაკეტვას, ეს არ შეიძლება, ეს აუარესებს მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები ორივე ქვეყნის მიმართ და არ შეიძლება ხელი შევუშალოთ მათ, შეიძლება მიდიოდეს სავაჭრო, ეკონომიკური, სოციალური ტვირთები ამ სახელმწიფოებში... ეთნიკურად აზერბაიჯანელები უფრო მეტნი არიან საქართველოში, ვიდრე სომხები, მათაც შეუძლიათ ჰუმანიტარული გზით დაეხმარონ თავიანთ ხალხს. ეს არ უნდა იყოს პრობლემა. მთავარია დიპლომატია მუშაობდეს ორივე მხარესთან. საშიშროებაა ეს "ფეიკნიუსები". ბუნებრივია ომის დროს და მითმეტეს "ფეიკნიუსების" ეპოქაში ასეთი ნიუსების გავრცელება იქნება, ჩვენ ამას ვერ ავკრძალავთ რომც მოვინდომოთ, მაგრამ უნდა ვებრძოლოთ ამას. ამ "ფეიკნიუსების" გამანადგურებელი არის სიმართლე და უნდა ითქვას სიმართლე, ამიტომ რაც ხდება რეალურად, ის უნდა ველაპარაკოთ იმ ხალხს, ვისაც იმ დეზინფორმაციების სჯერა. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, დადებითად უნდა ვიმოქმედოთ, თუ სჯერათ მათ ამ დეზინფორმაციის, უნდა მივაწოდოთ ნამდვილი ინფორმაცია.

- ხელისუფლება როგორ უნდა ებრძოდეს "ფეიკნიუსებს"? - ამის წინააღმდეგ სპეციალური სამსახურები მუშაობენ მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს მათ წინააღმდეგ ვინც ცდილობს ებრძოლოს საქართველოს და ვინც ცდილობს დისკრედიტაციას ჩვენი ქვეყნის. უამრავი მეთოდით შეიძლება ამის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ სხვა ქვეყნიდან ხდება ფეიკების გავრცელება, უნდა მუშაობდნენ იმ ორგანოებზე, იმ სტრუქტურებზე, რომლებიც ვალდებულები და პასუხისმგებლები არიან იმ სახელმწიფოებში ამ მიმართულებით. თუ ეს რუსეთში ხდება, რათქმაუნდა ძნელია ვინმეს მოუწოდო იქ გონიერებისკენ, მაგრამ აქაც არის გამოსავალი, რუსებს არ აქვთ უნიკალური ინტერნეტსაშუალებები, ისინი იყენებენ უცხოურს, ეს იქნება ფეისბუკი, გუგლი თუ უამრავი სხვა საშუალება და მაშინ საჭიროა ამ სტრუქტურების ხელმძღვანელებთან მუშაობა. სირთულე არაფერი არ არის, მთავარია არსებობდეს კომპეტენცია. რაშიც ეჭვი მეპარება რომ ჰქონდეთ. თუ რამეზე გული მწყდება დღეს, ეს არის ხელისუფლების არაკომპეტენტურობა. ადამიანს დავალებული აქვს საქმე, მაგრამ მან არ იცის რა უნდა გააკეთოს, ან როგორ გააკეთოს. ეს არის ქართული პრობლემა.

(სპეციალურად საიტისთვის)