"საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზირება მიუღებელი და დაუშვებელია" - კვირის პალიტრა

"საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზირება მიუღებელი და დაუშვებელია"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყველას მოუწოდებს, არ მოახდინონ საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს საკითხი საქართველოს საშინაო საქმეა და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს.

„უნდა გამოვეხმაურო მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, როგორც ხედავთ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძლედება ნებისმიერ შემთხვევაში. მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამიტომ, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

"ინტერპრესნიუსი"