"ყველა მეკითხება - გვეშველება რამე? გვეშველება 23 დღეში, ოღონდ, ერთად უნდა დავდგეთ" - კვირის პალიტრა

"ყველა მეკითხება - გვეშველება რამე? გვეშველება 23 დღეში, ოღონდ, ერთად უნდა დავდგეთ"

დღეს სადაც მივდივარ, ყველა მეკითხება - გვეშველება რამე? გვეშველება 23 დღეში, ოღონდ, ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც პარტიამ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი არმაზ ახვლედიანი წარადგინა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ხალხს მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს, ხოლო ხელისუფლებას ნაკლები.

„გარდამტეხი ცვლილება ნიშნავს იმას, როდესაც ხალხი ცხოვრობს კარგად და მთავრობა ცხოვრობს მოკრძალებულად. დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ხდება პირიქით. დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობის, გაჭირვებაში მცხოვრები მოსახლეობა, ეს უნდა შევცვალოთ. ამას ვეძახით გარდამტეხ ცვლილებას, როდესაც ხალხს ექნება მეტი შემოსავალი და მეტი კეთილდღეობა და ნაკლები შემოსავალი მთავრობას. ეს არის გარდამტეხი ცვლილება და ამას უნდა მივაღწიოთ 31 ოქტომბერს.

ჩვენ შეგნებულად არ ვიყენებთ სიტყვას დაპირება, იმიტომ რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სიტყვა დაპირებას ფასი დაუკარგეს, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და თუ ვინმე დარდობს და სურს დარჩეს დღევანდელი ჭაობი, თუ ვინმე დარდობს და უნდა, ქვეყანა უკან დავაბრუნოთ 2012-ში, ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა, წავიდეთ წინ, დადგეს 2021 წელი და იყოს უკეთესი, ვიდრე წლევანდელია, ვიდრე შარშანდელი და ვიდრე 2012 წელი იყო, უფრო უკეთესი ვიდრე რომელიმე წელი. ესაა ჩვენი ამოცანა - მომავლის აშენება“,- განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"