"ძველი წყენები და საერთო მტრები: რას ნიშნავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მეზობლებისათვის... საქართველოსთვის" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ძველი წყენები და საერთო მტრები: რას ნიშნავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მეზობლებისათვის... საქართველოსთვის" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსული ტელეკომპანიის "დოჟდ"-ის («Дождь») პროგრამაში "ახლა და აქ" («Здесь и сейчас») 8 ოქტომბრის საღამოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

გთავაზობთ პოლიტიკური მიმომხილველის ეკატერინე კოტრიკაძის მიერ გამოხატულ თვალსაზრისს, რომლის ტექსტური ვერსია სათაურით "ძველი წყენები და საერთო მტრები: რას ნიშნავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მეზობლებისათვის", რომელიც ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა :

"მთიანი ყარაბაღის ომი - ეს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეხება. ეს მთელ რეგიონზე ახდენს გავლენას და უფრო ფართოდაც. დასავლეთი და კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა მონაწილე (თურქეთის გარდა) მხარეებს მშვიდობისა და დიალოგისაკენ მოუწოდებს. სინამდვილეში კი ყველას თავისი ინტერესები აქვს: ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი მათგანი, მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის ნიღაბქვეშ, სარგებელს ეძებს და ისე მოქმედებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტით მისთვის არასასურველი ქვეყანა მაქსიმალურად დაზარალდეს.

ზოგიერთებს, რასაკვირველია, მდგომარეობა რთულად აქვთ საკუთარი ტერიტორიული პრობლემების გამო. მაგალითად, საქართველო. გასაგებია, რომ ეს ქვეყანა - სამხრეთ კავკასიის მესამე სახელმწიფო - მართალია, არ არის დაინტერესებული კონფლიქტის განვითარებით საკუთარ საზღვრებთან, მაგრამ მაინც აზერბაიჯანისაკენ იხრება. რატომ? იმიტომ, რომ სომხეთის მხარდაჭერა თბილისისთვის ყარბაღელი სეპარატისტებისათვის მხარდაჭერას ნიშნავს. აბა, მაშ როგორ - საქართველოსაც ხომ საკუთარი სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ჰყავს? ყველას გვახსოვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, მართალია, ამჟამინდელი სომხეთ-აზერბაიჯანის ომისაგან განსხვავდება, მაგრამ ლოგიკა სწორედ ასეთია: თბილისი მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

გარდა ამისა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები აქვთ. რაც შეეხება სომხეთს, მასთან საქართველოს "გრილი ურთიერთობები აქვს - უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ სომხეთი რუსეთის მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირეა.

უკრაინაც აზერბაიჯანის მხარეზეა, რადგან კიევს, თბილისისა და აზერბაიჯანის მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აქვს.

თურქეთი აზერბაიჯანის ერთმნიშვნელოვანი მხარდამჭერია - უფრო ზუსტად კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს წარმოადგენს: სწორედ ანკარას ეყრდნობა ბაქო, სწორედ თურქეთის დახმარების იმედით წამოიწყო შეტევა აზერბაიჯანმა. თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, ძლიერი ქვეყანა, აზერბაიჯანის მფარველი.

რუსეთი თითქოს სომხეთის მხარეზეა, მაგრამ ჯერ-ჯერობით რაიმე ქმედით პრაქტიკულ დახმარებას არ უწევს - მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა ("ოდკბ") და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. აბა, ვის უნდა გაჭიანურებულ კონფლიქტში ჩარევა, თანაც თურქეთთან მძიმე კონფრონტაციაში ჩართვა, რომელიც შეიძლება მოსკოვს ძვირი დაუჯდეს... მოსკოვი ყოყმანობს და აცხადებს, სანამ ომი სომხეთის ტერიტორიაზე არ გადავა, მანამ "ოდკბ"-ის მექანიზმი არ ამოქმედდება.

ირანი ოფიციალურად მშვიდობას და დიალოგს ქადაგებს. ირანი სამივეს ესაზღვრება - სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, თურქეთსაც. თეირანს ცუდი ურთიერთობა აქვს ბაქოსთან და კარგი ერევანთან. თურქეთი ირანის კონკურენტია რეგიონში, მაგრამ ამის მიუხედავად, ირანი სომხეთს პრაქტიკულად მაინც ვერაფრით დაეხმარება, რადგან მას თავისი ფეთქებად-საშიში რეგიონები ჰყავს (არდებილის ოსტანი, დასავლეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსტანები), სადაც მეტწილად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ - ისინი მხარს უჭერენ ბაქოს და ვერ მოითმენენ იმას, თუ ირანის მთავრობა სომხეთს მხარს დაუჭერს.

და ბოლოს, ისრაელი, რომელიც აზერბაიჯანს დიდძალ იარაღს აწვდის. ალბათ, იფიქრებთ, რუსეთი იარაღს ორივე მებრძოლ მხარეს აწვდისო, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მოსკოვის ინტერესი ფულია, ისრაელისთვის კი იარაღის მიწოდება პოლიტიკური ინსტრუმენტი. ისრაელი სარგებლობს ბაქო-თეირანის უთანხმოებით, მისთვის ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი მეგობარია, სომხეთი კი მოწინააღმდეგე.

ომის პარალელურად კონფლიქტთან დაკავშირებული და მასში ჩართული მხარეები ძველ წყენებსაც იხსენებენ: ისტორიკოსები და პოლიტიკოსები ლაპარაკობენ საუკუნეების წინ მომხდარ მოღალატეობისა და გამყიდველობის, უნდობლობისა და მტრობის ფაქტებზე, რაც სიტუაციას ამწვავებს. მოკლედ, ყველა ყველას რაღაცას ედავება... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ